ახალი ამბები

ოკეანეების მიკროპლასტმასით დაბინძურების მთავარი წყარო მანქანის საბურავებია – კვლევა

15 ივლისი, 2020 • 2144
ოკეანეების მიკროპლასტმასით დაბინძურების მთავარი წყარო მანქანის საბურავებია – კვლევა

მეცნიერების თქმით, 200 ათას ტონაზე მეტი პლასტმასის ნაწილაკი ოკეანეებში სამანქანო გზებიდან ხვდება. ამის შესახებ საუბარია ნაშრომში, რომელიც გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა. 

გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ოკეანეების დაბინძურების ძირითადი  წყარო ქარის მეშვეობით გავრცელებული მიკროპლასტმასია, რომელიც ჰაერში ერთი თვის განმავლობაში რჩება . ანალიზისას მეცნიერები ფოკუსირდნენ პლასტმასის პატარა ნაწილაკებზე, რომლებიც მანქანების საბურავებისა და სამუხრუჭე ხუნდების ცვეთისას გამოიყოფოდა.

“მიკროპლასტმასის ნაწილაკების შორეულ ტერიტორიებსა და ოკეანეებში გავრცელების მნიშვნელოვანი წყარო ავტომობილების სამოძრაო მაგისტრალებია. ერთი საბურავიდან, ჯამში, 4 კილოგრამი რაოდენობის პლასტმასი გამოიყოფა. ეს ძალიან დიდი რაოდენობაა, თუნდაც ტანსაცმელთან შედარებით, რომლის ბოჭკოები ძირითადად მდინარეებში გვხვდება”, – აცხადებს ნორვეგიის ჰაერის კვლევით ინტიტუტში მომუშავე კვლევის წამყვანი ავტორი ანდეას სტოლი. 

იმის დასადგენად, თუ როგორ ვრცელდება მიკროპლასტმასი მსოფლიოს მასშტაბით, მეცნიერებმა ატმოსფერული ცირკულაციის მეთოდი გამოიყენეს. მათ დაადგინეს, რომ ყოველწლიურად გამოყოფილი 250 ათასი ტონაზე მეტი რაოდენობის 0.01 მილიმეტრზე  პატარა ზომის პლასტმასის ნაწილაკები ოკეანეებში ხვდება. ხოლო 80 ათას ტონაზე მეტი – ყინულითა და თოვლით დაფარულ შორეულ ტერიტორიებზე, რამაც, შესაძლოა, დნობის პროცესის დაჩქარება გამოიწვიოს, რადგანაც მუქი ნაწილაკები მზის რადიაციას მარტივად შთანთქავენ. 

მკვლევრების თქმით, გავრცელებული მიკროპლასტმასის ნაწილაკები მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერებებს გამოყოფენ და წყლის ბინადრებს საფრთხეს უქმიან. აღსანიშნავია, რომ მათ გარკვეულ რაოდენობას ადამიანები საკვებისა და სასმელის, ზოგჯერ კი ჰაერის ჩასუნთქვისასაც ვიღებთ, თუმცა, მეცნიერებისთვის ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გავლენა აქვს მას ჩვენს ჯანმრთელობაზე. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი