ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ეუთოს თავმჯდომარე ალიევის და ფაშინიანის შეხვედრის საჭიროებაზე საუბრობს

15 ივლისი, 2020 • 967
ეუთოს თავმჯდომარე ალიევის და ფაშინიანის შეხვედრის საჭიროებაზე საუბრობს

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) მოქმედი თავმჯდომარე ედი რამა აცხადებს, რომ შეშფოთებულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის „გაზრდილი ძალადობით“ და მხარეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაუბრუნდნენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს.

შეიარაღებული დაპირისპირება კვირას, 12 ივლისს განახლდა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე. 14 ივლისის ღამის ოფიციალური მონაცემებით, შეტაკებებს, სულ მცირე, 16 ადამიანი ემსხვერპლა: 13 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი და ერთი სამოქალაქო პირი და სომხეთის არმიის 4 ჯარისკაცი.

ედი რამა, რომელიც ამავე დროს ალბანეთის პრემიერ-მინისტრია, აცხადებს, რომ მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები ახლო კავშირში არიან მხარეებთან, რათა სცადონ სიტუაციის დასტაბილურება.

ეუთოს განცხადების თანახმად, ორგანიზაციის თავმჯდომარე ედი რამა ქვეყნების ლიდერებს შორის პირდაპირი დიალოგის საჭიროებაზე საუბრობს:

„პირდაპირი კომუნიკაციის არხი შემუშავებულ იქნა სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერების მიერ 2019 წლის მარტში, ვენაში, მინსკის ჯგუფის თანა-თავმჯდომარეების შეხვედრის ფარგლებში. რამამ გამოთქვა იმედი, რომ ასეთი მექანიზმი შეიძლება გამოყენებული იქნას სიტუაციის დეესკალაციისთვის“, – წერია ეუთოს გავრცელებულ განცხადებაში.


ყარაბაღის კონფლიქტის მხარეები რეგულარულად ადანაშაულებენ ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში. ამჯერად შედარებით ფართომასშტაბიან დაპირისპირებას ადგილი აქვს ყარაბაღიდან შორს, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ტავუშის/თოუზის პროვინციაში, რაც იშვიათობაა.

სიტუაციის დაძაბვამდე რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ყარაბაღთან დაკავშირებით მოლაპარაკებებიდან შესაძლო გასვლით დაიმუქრა და უარყო შეხედულება, რომლის თანახმადაც „კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს“, — ამ პოზიციას ხშირად ახმოვანებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

სამხრეთ კავკასიის ამ ორ ქვეყანას შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, — აზერბაიჯანის 20%, — სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.

1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის დღემდე წარუმატებლად მიიჩნევა. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი