ახალი ამბები

ნარკოტიკულ დანაშაულებზე აღკვეთის ღონისძიებები უფრო ხშირად დაუსაბუთებელია – “საია”

14 ივლისი, 2020 • 671
ნარკოტიკულ დანაშაულებზე აღკვეთის ღონისძიებები უფრო ხშირად დაუსაბუთებელია – “საია”

ნარკოტიკული დანაშაული მიმართ კვლავ პრობლემურია მოუწესრიგებელი საკანონმდებლო ბაზა, აღკვეთის ღონისძიებები კი, სხვა ტიპის დანაშაულთან შედარებით, უფრო ხშირად არის დაუსაბუთებელი და/ან არასაკმარისად დასაბუთებულია. აღნიშნულის შესახებ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ანგარიშის ავტორები წერენ, რომლებიც სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგს აწარმოებენ.

ორგანიზაციამ კვლევა 2019 წლის მარტიდან 2020 წლის თებერვლის პერიოდში ჩაატარა და ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულთა მიმართ 136 სასამართლო სხდომას დაესწრო.

“საანგარიშო პერიოდში 667 ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომაზე საიამ გამოავლინა 167 (25%) დაუსაბუთებელი ან/და არასაკმარისად დასაბუთებული გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების თაობაზე. აქედან 69 (41%) შემთხვევა ეხებოდა ნარკოტიკულ დანაშაულს”, – წერს ორგანიზაცია.

“საიას” თქმით, აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნისას “პროკურატურა კვლავ შაბლონურად მიუთითებდა” აღნიშნული ღონისძიების გამოყენების შემდეგ საფუძვლებზე:

  1. დანაშაულის გაგრძელების საფრთხე – ვინაიდან ნარკოტიკულ დანაშაულს ახასიათებს განმეორებითობა;
  2. დანაშაულის სიმძიმე;
  3. მიმალვის საფრთხე.

ორგანიზაციის თანახმად, სასამართლოსა და პროკურატურის მიდგომები ამ ტიპის დანაშაულთან დაკავშირებით, პრაქტიკულად, უცვლელია: მონიტორინგით აღრიცხული 143 ბრალდებულიდან დაკავებულის სტატუსით 127 პირი წარდგა, 71-დან 67 შემთხვევაში კი სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, დაკმაყოფილდა მოთხოვნათა 94%, როცა სხვა დანაშაულების მიმართ პატიმრობის მოთხოვნის დაკმაყოფილების მაჩვენებელი 73%-ია.

ამავე ანგარიშის მიხედვით, შესწავლილი საქმეებიდან, რომლებიც ნარკოტიკულ დანაშაულს შეეხებოდა, 135 ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით ნარკოტიკულ დანაშაულებზე გამოყენებული ჯარიმის საშუალო ოდენობა შემცირებულია, თუმცა შენარჩუნებულია ნარკოტიკულ დანაშაულში ბრალდებულთათვის უფრო მაღალი ჯარიმების შეფარდების ტენდენცია.

ოჯახში ძალადობის მსხვერპლის მდგომარეობა რთულდება, თუ მოძალადე პოლიციელია – “საია”

მასალების გადაბეჭდვის წესი