ახალი ამბები

საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების რეჟიმი წლის ბოლომდე გახანგრძლივდა

14 ივლისი, 2020 • 1011
საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების რეჟიმი წლის ბოლომდე გახანგრძლივდა

პარლამენტმა მხარი დაუჭირა “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც მთავრობას 2021 წლის პირველ იანვარმდე ექნება შესაძლებლობა, საგანგებო მდგომარეობის გარეშე დააწესოს გარკვეული შეზღუდვები პანდემიიდან გამომდინარე.

ინიციატივას მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთი წინააღმდეგი წავიდა.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ მთავრობას ეს ინტრუმენტი კორონავირუსთან საბრძოლველად და მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად სჭირდება. მან ახსენა არჩევნებიც. მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში არჩევნების ჩატარება შეუძლებელი იქნება და საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების დაწესების ბერკეტი ხელისუფლებას იმისთვისაც სჭირდება, რომ არჩევნების ჩატარება მოხერხდეს.

აღნიშნული კანონმდებლობის მიხდევით, არ იცვლება “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონის შინაარსი, თუმცა იცვლება მისი მოქმდების ვადა. საქმე ეხება საქართველოს კანონით 22 მაისს შემოღებულ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, მთავრობას უფლება ეძლევა, კორონავირუსის პრევენციის მიზნით შეზღუდოს კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებები ისე, რომ აღნიშნული საკითხები პარლამენტის სხდომაზე განსახილველად არ გამოიტანოს.

ამ ინიციატივას მხარს არ უჭერენ საპარლამენტო ოპოზიციაში. ოპოზიციის წარმომადგენლები კანონპროექტს ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევენ. მათი პოზიციაა, რომ ამ რეჟიმით პარლამენტი ეთიშება პროცესს, რომელიც მისი უშუალო კომპეტენციაა და მთავრობას ხელ-ფეხი ეხსნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი