ახალი ამბები

გარდაბანში კაფეს დარბევისა და ავტომობილის ამოტრიალებისთვის ბრალი 8 პირს წაუყენეს

13 ივლისი, 2020 • 904
გარდაბანში კაფეს დარბევისა და ავტომობილის ამოტრიალებისთვის ბრალი 8 პირს წაუყენეს

პროკურატურის ინფორმაციით, გარდაბანში მომხდარი ხულიგნობის და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე 8 პირს ბრალი წარუდგინეს. უწყების ცნობითვე,  2 ივლისს გარდაბანში, სოფელ ვახტანგისის მცხოვრებმა სამმა პირმა დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და სოფელ ნაზარლოს მკვიდრს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

“2020 წლის 4 ივლისს აღნიშნულ დანაშაულში მონაწილეებმა, სხვა პირებთან ერთად, რკინის ხელკეტებითა და პლასტმასის ჯოხებით გარდაბნის რაიონის სოფელ ნაზარლოს ცენტრში მდებარე ს.გ.-ს კუთვნილი კაფე დაარბიეს, ხოლო ს.გ.-ს მიმართ ძალადობა განახორციელეს,” – აცხადებენ პროკურატურაში.

პროკურატურის ინფორმაციითვე, ამის საპასუხოდ, იმავე დღეს, გარდაბნის რაიონის სოფელ ნაზარლოს მცხოვრები სამი ადამიანი, სხვა პირებთან ერთად, თავს დაესხა სოფელ ვახტანგისის მკვიდრის კუთვნილ ავტომობილს. ავტომობილი ჯერ დააზიანეს, შემდეგ კი ამოატრიალეს. უწყებაში აცხადებენ, რომ ინციდენტში მონაწილე 8 პირი 11 ივლისს დააკავეს.

უწყებამ დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით  (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და ხულიგნობა) წარუდგინა. როგორც პროკურატურის განცხადებაში ვკითხულობთ, ბრალდების მხარემ უკვე მიმართა სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი