ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საქართველოს საკითხი სოხუმში დაპირისპირების საგანი გახდა

13 ივლისი, 2020 • 2709
საქართველოს საკითხი სოხუმში დაპირისპირების საგანი გახდა

მარიანა კოტოვა, სოხუმი


აფხაზეთის ახალი პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას არჩევისა და ხელისუფლებაში მისი გუნდის მოსვლის შემდეგ, აფხაზურ პარტია “ამცახარასა” და საზოგდოებრივ მოძრაობა “არუაას” შორის საქართველოს საკითხი დაპირისპირების საგანი გახდა.

საუბარია პრეზიდენტ ასლან ბჟანიას რამდენიმე დღის წინანდელ კომენტარზე, რომლის შესაბამისად, “საქართველოსგან აფხაზეთი აღიარებას არ მოითხოვდა” .  

“ჩვენ არ ვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან აფხაზეთის სახელმწიფოს აღიარებას, თუმცა ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმება ის შეთანხმებაა, რომელიც ჩვენ შორის შესაძლო ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ თუ სხვა საკითხზე დიალოგის შესაძლებლობას იძლევა.

ჩემთვის გაუგებარია, ამ დრომდე რატომ არ არის ხელმოწერილი შეთანხმება. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. როგორც კი ეს პუნქტი შესრულდება, ყველაფერი ძალიან კარგად წარიმართება”, – განუცხადა ბჟანიამ რუსულ მედიას.

ბჟანიას აღნიშნულ პოზიციასთან დაკავშირებით აფხაზეთის ახალი ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილმა და ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერმა საზოგადოებრივმა მოძრაობამ “არუაამ”, რომლის წევრები აფხაზეთის ომის ვეტერანები არიან, საპარლამენტო მოსმენების დანიშვნა მოითხოვა და ახალი ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკა.

“ჩვენი სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც დამოუკიდებლობაზეა ორიენტირებული, რევიზიას ექვემდებარება, რაც ხელს უწყობს საზოგადოებაში დაძაბულობის ზრდას და საფრთხეს უქმნის ქვეყნის საერთაშორისო იმიჯსა და უსაფრთხოებას”, – ნათქვამია “არუაას” მიმართვაში.

“არუაა” აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია საქართველოსთან რაიმე ტიპის, მათ შორის სავაჭრო, ურთიერთობები იმ პირობებში, როდესაც თბილისი არ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას.

“არასწორია საქართველოსთან ლეგალური ვაჭრობა იმ მოტივით, რომ კონტრაბანდა აღარ არსებობდეს საზღვარზე. ისედაც შეუძლიათ ებრძოლონ ამ კონტრაბანდას. საქართველო არ აღიარებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას და არც განაბაჟებს რაიმე ტვირთს”.

მოძრაობა მიიჩნევს, რომ მსგავსი პოზიციით ბჟანია და ახალი ხელისუფლება ეთანხმებიან თბილისის მიერ სოხუმისთვის შეთავაზებულ პროგრამას “ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის”, რომელიც “აღიარების გარეშე ჩართულობას” ითვალისწინებს და “საქართველოს მიზანიც აფხაზეთის ამ პროცესში ჩათრევაა”.

“ამ აკრძალვების ნებისმიერ დასუსტებას შევაფასებთ როგორც საფრთხეს ჩვენი დამოუკიდებლობისთვის. გინდათ ევაჭროთ იმათ, ვინც გუშინ გხოცავდათ და დღეს არ გაღიარებთ?”

“არუაას” მიმართვას ასევე მიმართვით გამოეხმაურა აფხაზეთის პოლიტიკური პარტია “ამცახარა”, რომელიც ამჟამინდელი პრეზიდენტისა და ხელისუფლების მხარდამჭერია.

“ამ პოპულისტური განცხადებებით “არუაა” ცდილობს ქვეყნის რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანას. “არუააელებს” კარგად ესმით, რომ საზღვრების გახსნა და ლეგალური სავაჭრო ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან ეკონომიკაში გარღვევა იქნებოდა. მით უმეტეს, მათთვის კარგად არის ცნობილი, რომ ეს ეკონომიკური საქმიანობა ისედაც უკანონოდ მიმდინარეობს.

ჩვენ გვესმის, რომ დღეს, როდესაც ხელისუფლების მიერ კორუფციის და სხვა დანაშაულების წინააღმდეგ რეალური ბრძოლაა დაწყებული, მათ ეშინიათ. მოვიდა დრო, რომ პასუხი აგონ”.

ამასთან, “ამცახარას”  საკუთარ მიმართვაში მოჰყავს აფხაზეთის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ციტატა, სადაც ის ამბობს: “განცდა მაქვს, რომ გარკვეული ადამიანები ქმნიან გარკვეულ ვაკუუმს ჩვენი ურთიერთობებისთვის, და ეს განცდა არ მშორდება. მჯერა იმის, რომ საქართველო და აფხაზეთი ნორმალურად განვითარდება და დადგება მომენტი, როდესაც ჩვენ გაბედულად და მშვიდად ერთმანეთს ხელს გავუწვდით და არ შეგვეშინდება იმის, რომ ზურგს უკან ერთმანეთისთვის დასაშენ ქვებს ვმალავთ. მინდა ამის მჯეროდეს, რადგან ჩვენი ხალხი ქართველ ხალხში არასოდეს ხედავდა მტერს”.

 “ამცახარა” აცხადებს, რომ “მაკომპრომატირებელი” მასალები ჯერ კიდევ სერგეი ბაღაფშსა და ალექსანდრ ანქვაბზე [რაულ ხაჯიმბამდე ორივე დე ფაქტო პრეზიდენტი იყო] ჰქონდათ, “დღეს კი იგივეს აკეთებენ ასლან ბჟანიას წინააღმდეგ, ამავე დროს  კი,”საკუთარი კუმირის, ხაჯიმბას სახელის შებღალვა არ უნდათ, რომლის ხელისუფლებაში მოსაყვანად ქვეყანა რამდენჯერმე სამოქალაქო დაპირისპირების რისკის ქვეშ დააყენეს.

ხმა არ ამოუღიათ, როდესაც ხაჯიმბა და მისი გუნდი ქვეყანაში ქაოსს თესავდნენ, დანაშაული იზრდებოდა, დღისით და მზისით ადამიანებს იტაცებდნენ, ხდებოდა მკვლელობები, ყაჩაღობა, ნარკოტიკების გავრცელება, ქონების მიტაცება და ა.შ.”, – ციტირება “ამცახარას” მიმართვიდან.

ასლან ბჟანია, პრეზიდენტობის პირველივე დღეებში, სხვადასხვა ინტერვიუში აცხადებდა, რომ მზად იყო “საქართველოსთან დიალოგისთვის”, რამაც აფხაზეთის საზოგადოების ნაწილში კრიტიკა გამოიწვია. ბჟანიას რამდენჯერმე მოუწია საკუთარი სიტყვების განმარტება და აფხაზური საზოგადოების დარწმუნება იმაში, რომ შესაძლო დიალოგით “აფხაზეთის დამოუკიდებლობას” არ თმობს.

 ბჟანიას აღნიშნული პოზიცია თბილისთან დიალოგის შესახებ ქართულ საექსპერტო წრეებშიც “ხელსაყრელ შესაძლებლობად” შეფასდა.

ამავე თემაზე:

ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ახალი შანსი – ინტერვიუ პაატა ზაქარეიშვილთან

მასალების გადაბეჭდვის წესი