ახალი ამბები

ერდოღანმა აია სოფიას მეჩეთად გადაკეთებას ხელი მოაწერა

10 ივლისი, 2020 • 2122
ერდოღანმა აია სოფიას მეჩეთად გადაკეთებას ხელი მოაწერა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა უკვე მოაწერა ხელი დეკრეტს, რომლის მიხედვითაც, სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარი მეჩეთად გადაკეთდება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ აია-სოფიას, რომელიც უკვე ათწლეულებია მუზეუმის სტატუსს ატარებდა, სასამართლომ აღნიშნული სტატუსი შეუწყვიტა.

ისტორიულად უმნიშვნელოვანესი გუმბათოვანი ნაგებობა თურქეთში, სტამბოლში, ფათიჰის უბანში, სულთანაჰმეთის მოედანზე მდებარეობს და ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს მასპინძლობს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილიდან.

532 წელს, როდესაც იუსტინიანე I-მა მისი მშენებლობის ნებართვა გასცა, ქალაქს კონსტანტინოპოლი ერქვა და ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქის სტატუსი ჰქონდა. კათედრალის მშენებლობისთვის საჭირო მასალები მთელი ხმელთაშუაზღვისპირეთის გარშემო შეგროვდა.

აია-სოფია 9 საუკუნის მანძილზე იყო აღმოსავლეთის მართლმადიდებელი საპატრიარქოს ცენტრი. თუმცა სურათი შეიცვალა 1453 წელს, როდესაც ოსმალეთმა, მეჰმედ II-ის მმართველობის ქვეშ, დაიკავა ქალაქი და ბიზანტიის იმპერიის არსებობასაც წერტილი დაუსვა. აია-სოფია მეჩეთად გადააკეთეს, სადაც პარასკევის ლოცვებს თავად სულთანი ესწრებოდა. შეიცვალა შენობის არქიტექტურაც: რიგი ქრისტიანული სიმბოლოები მოხსნეს, აღიმართა ლოცვისკენ მოწოდებისთვის საჭირო მინარეთები.

I მსოფლიო ომის შემდეგ ოსმალეთის იმპერია დაიშალა. ამავე პერიოდში ყოფილი იმპერიის მიწების ნაწილზე შეიქმნა დღევანდელი თურქეთის რესპუბლიკა, მისი პირველი, სეკულარული რეფორმებით ცნობილი  პრეზიდენტის, მუსტაფა ქემალ ათათურქის მეთაურობით, რომელმაც აია-სოფია მუზეუმად გადააკეთა და ეს სტატუსი ჰქონდა დღემდე.

ძეგლის მუზეუმად ქცევის შემდეგ მისი კვლავ მეჩეთად გადაკეთების იდეა ახალი არ არის, თუმცა პრეზიდენტ რეჯეფ-თაიფ ერდოღანისა და მმართველი ძალის სხვა წარმომადგენელთა მონდომების ფონზე, ამის შესაძლებლობა უფრო რეალურია, ვიდრე აქამდე იყო.

გირჩევთ, წაიკითხოთ „ნეტგაზეთის“ სტატია ამ თემაზე:

მუზეუმი თუ მეჩეთი: აია სოფია, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი

მასალების გადაბეჭდვის წესი