ახალი ამბები

დაზიანებები მიაყენეს და წყალში გადააგდეს – ბიძა შაქარაშვილის ექსპერტიზის დასკვნაზე

10 ივლისი, 2020 • 1231
დაზიანებები მიაყენეს და წყალში გადააგდეს – ბიძა შაქარაშვილის ექსპერტიზის დასკვნაზე

გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ოჯახის ხედვა შემდეგია: გიორგი შაქარაშვილს დაზიანებები მიაყენეს და შემდეგ წყალში გადააგდეს.

თავდაპირველად ნიკოლაძემ განაცხადა, რომ შაქარაშვილი „მოკლეს და შემდეგ მდინარეში გადააგდეს“, თუმცა ჟურნალისტების დამაზუსტებელი კითხვის შემდეგ თქვა, რომ მას „მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, დაზიანებები, და შემდეგ გადააგდეს წყალში“.

„ყველა დაზიანება, — ეს არის 12 სახის დაზიანება, — მიყენებულია სიცოცხლის პერიოდში, რაც ადასტურებს, რომ ადგილი ჰქონდა ბავშვის მიმართ ძალადობას, რასაც მოჰყვა გიორგის მდინარეში გადადგება“, – თქვა მირიან ნიკოლაძემ.

„წარმოუდგენელია, რომ ეს დაზიანებები მიადგეს ადამიანს თუნდაც იმ ფერდობზე ჩაგორებით, სირბილისას, წაქცევის დროს, რადგან დაზიანებები არის დაწყებული სახის, დასრულებული ტანის და ხელების მიდამოებში და ყველგან“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

„ამ დასკვნით, უშუალოდ მიზეზი არის ასფიქსია, რაც განვითარდა წყალში. კონკრეტული მიზეზი დახრჩობაა, მაგრამ ვინაიდან დაზიანებები არის სიცოცხლის დროინდელი, ეს ნიშნავს, რომ ადგილი ჰქონდა ძალაოდბას, რის შემდეგაც გადააადგეს და დადგა ლეტალური შედეგი“, – თქვა მან.

„ოჯახს ექნება კატეგორიული პოზიცია გენერალური პოკურატურის და შსს-ს წინაშე, რომ ყველა დამნაშავე უნდა მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის გამო“, – განაცხადა მან.

მისი თქმითვე, ამ ეტაპზე მკაცრ პასუხისგებაში უნდა მიეცეს „ტოიოტა ქამრიში“ მყოფი 6-ვე პირი; „მერსედესის“ მარკის ავტომობილში მყოფებთან დაკავშირებით კი ანალოგიური მოთხოვნა ოჯახს ამ ეტაპზე არ აქვს;

„ეს გახლავთ ტოიოტა ქამრიში მყოფი პირები, რომლებიც გამოედევნენ ბავშვებს, მათ შორის გიორგის, რის შემდეგაც დადგა ეს უმძიმესი შედეგი. ექვსივე მათგანი“, – თქვა მან.

„ოჯახს აქვს კონკრეტული მოთხოვნა ყველა, ექვსივე მათგანთან მიმართებაში. თუ გამოძიება უფრო კონკრეტულად გამოკვეთს და უფრო დამაჯერებელი იქნება რომელიმე მათგანზე, რა თქმა უნდა, მტკიცებულებების საფუძველზე, ჩვენ კიდევ ერთხელ ჩამოვყალიბდებით. მაგრამ დღეს ჩვენი პოზიციაა, რომ ექვსივე მათგანი იყოს ბრალდებული 109-ე მუხლით“…

„მერსედესის მგზავრებთან მიმართებაში, რამდენადაც დასრულებული იყო ეპიზოდი და ისინი გასცილდნენ იმ შემთხვევის ადგილს, ბუნებრივია, ანალოგიური მოთხოვნა ვერ გვექნება. თუმცა, თუ გამოძიებით დადასტურდება, რომ აღნიშნულ პირებსაც ჰქონდათ რაიმე სახის კონტაქტი, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ დავაყენებთ მათი პასუხისმგებლობის საკითხს“, – განაცხადა გიორგი შაქარაშვილის ბიძამ.

10 ივლისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის სამედიცინო ექსპერტიზის შედეგები გაასაჯაროა, რომლის მიხედვითაც, ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების უშუალო მიზეზი წყალში დახრჩობით გამოწვეული ასფიქსიაა, თუმცა ამავე ექსპერტიზის მიხედვით, ფეხბურთელს სხეულზე სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე ბლაგვი, მკვრივი საგნით მიყენებული დაზიანებები აღენიშნება.

ვრცლად გირჩევთ:

რა შევიტყვეთ შაქარაშვილის ექსპერტიზის დასკვნიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი