ნაწილობრივ სუბსიდირებულ ჩარტერულ რეისებზე, რომელსაც ორი ავიაკომპანია, Myways Airlines და Wizzair განახორციელებენ, ბიუჯეტიდან დაახლოებით 261 000 ევრო დაიხარჯება. მთავრობის 8 ივლისის განკარგულების თანახმად, ფრენების სუბსიდირებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უზრუნველყოს ავიაკომპანიებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.
“საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უზრუნველყოს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, შესაბამისი ჩარტერული რეისების ნაწილობრივი სუბსიდირება, ჯამურად არაუმეტეს 261,000 ევროს ეკვივალენტი ლარის ოდენობით, „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილი ასიგნებების პროგრამული კოდის: 24 25 − „ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული კარანტინისა და სხვა ღონისძიებების განხორციელება“ ფარგლებში” ,-წერია დადგენილებაში.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 2 ივლისს განაცხადა, რომ მთავრობა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნების პროგრამას აღადგენს, რომელიც საგაგებო მდგომარეობის პერიოდში მუშაობდა. მისივე თქმით, თვითმფრინავის ბილეთის ფასი 200 ევროს არ უნდა აღემატებოდეს. რამდენიმე დღეში კი ცნობილი გახდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დასაბრუნებლად ჩარტერულ რეისებს Wizz air და Myway Airlines-იც შეასრულებენ.