არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ცნობით, საკარანტინე ზონა კიდევ ერთმა ბავშვიანმა ოჯახმა დატოვა.
ორგანიზაციის განცხადებით, დედა და მისი 3 შვილი უცხოეთიდან დაბრუნების შემდეგ კარანტინში მოათავსეს, ხოლო სახელმწიფო სტრუქტურებმა თვითიზოლაციაზე გადაყვანის თხოვნაზე რეაგირება დააგვიანეს.
ორგანიზაციის ცნობით, მათმა „იურისტებმა შეისწავლეს საქმე და დაიწყეს სამართლებრივი პროცედურების განხორციელება. ამავე დროს, ჩვენს მიერ საჯაროდ გავრცელდა აღნიშნული ინფორმაცია, რასაც საბოლოოდ პოზიტიური შედეგი მოჰყვა და ოჯახი ინფორმაციის გავრცელების დღესვე გადავიდა თვითიზოლაციაში“.
PHR-ში ამბობენ, რომ ოჯახის თვითიზოლაციაში გადაყვანა სწორი ნაბიჯი იყო და იმედი აქვთ, რომ სხვა შემთხვევებში რეაგირება დაგვიანებული აღარ იქნება:
„გვსურს აღვნიშნოთ, რომ სახელწიფოს მხრიდან 3- ბავშვიანი ოჯახის თვითიზოლაციაში გადაყვანა იყო სწორი გადაწყვეტილება. იმედი გვაქვს, სხვა შემთხვევებში სახელმწიფოს რეაგირება აღარ იქნება დაგვიანებული და დაუყოვნებლივ, საკუთარი ინიციატივით შეისწავლის თითოეული ბავშვის საჭიროებებს და იმოქმედებს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად“, — ვკითხულობთ განცხადებაში.
ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა კარანტინში მყოფი ოჯახი, რომელსაც თან ბავშვი ახლდა, კარანტინიდან თვითიზოლაციაში გადაიყვანეს. აქამდე, მშობელმა ამგვარი თხოვნით უკვე მიმართა სასამართლოს და, საბოლოო ჯამში, მოახერხა შვილთან ერთად თვითიზოლაციაში გადასულიყო.
ამ თემაზე გირჩევთ „ნეტგაზეთის“ მასალას:
კარანტინი თვითიზოლაციის ნაცვლად – მშობელმა სასამართლოს მიმართა