ახალი ამბები

რუსთავის მეტალურგიულში მუშა დაშავდა, დაიწყო გამოძიება

9 ივლისი, 2020 • 1079
რუსთავის მეტალურგიულში მუშა დაშავდა, დაიწყო გამოძიება

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მუშა დაშავდა. პროფკავშირების ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, 8 ივლისს, საღამოს საათებში მოხდა. დაშავებულს ფეხზე არმატურა დაეცა.

“გუშინ, დაახლოებით 17:00-ზე, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის იმ საამქროში, სადაც სამშენებლო არმატურა მზადდება, 23 წლის ელექტროპროგრამისტი ილია ხელაძე დაშავდა. როგორც მეუბნებიან, გაგლინული არმატურა, რომელიც გამოდის დანადგარიდან, მოხვდა ფეხში, ბარძაყის არეში.

დიდი ჭრილობა ჰქონდა, თუმცა, რამდენადაც მეუბნებიან, გადაიყვანა სასწრაფომ ჯერ რუსთავის საქალაქო საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარდა პირველადი პროცედურები და ამჟამად თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადის მკურნალობას”, – აღნიშნა საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირის თავმჯდომარემ, თამაზ დოლაბერიძემ, “ნეტგაზეთთან” საუბრისას. მისივე ინფორმაციით, ამჟამად მისი მდგომარეობა ნორმალურია.

დოლაბერიძე იმედს გამოთქვამს, რომ მომხდარის მიზეზებს ქარხნის ადმინისტრაცია და პროფკავშირი ერთობლივად გამოიკვლევენ:

“როგორც მეუბნებიან, იმ ადგილას, სადაც ამ ადამიანს მოუვიდა  ტრავმა, წესით, იქ ადამიანს არაფერი ესაქმება და იქ არ უნდა ყოფილიყო, თუმცა იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც გვაქვს, არსებობს ბევრი დეტალი, რომელიც იქნება გამოსაკვლევი. შესაბამისად, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ის ქარხანაა, რომელიც იკვლევს ხოლმე ამნაირ ფაქტებს და კვლევის პროცესში პროფკავშირის ყოველთვის არის ჩართული. იმედი მაქვს, ახლაც ასე მოხდება”.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 170 მუხლით დაიწყო, რაც შრომის დაცვის წესის დარღვევას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი