ახალი ამბები

საქართველოს მოქალაქეები კარანტინს გაივლიან, უცხოელები – არა: როგორ ხსნის ამას მთავრობა?

8 ივლისი, 2020 • 3145
საქართველოს მოქალაქეები კარანტინს გაივლიან, უცხოელები – არა: როგორ ხსნის ამას მთავრობა?

საქართველოს მოქალაქემ ევროკავშირის ქვეყნებში ვიზიტის შემდგომ, სამშობლოში დაბრუნებისას, 2-კვირიანი კარანტინი უნდა გაიაროს, თუმცა ეს არ ეხებათ EU-ს იმ 5 ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს, რომელთაც საქართველოს მთავრობა საზღვარს უხსნის. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა “რუსთავი 2-თან” საუბრისას  საქართველოს მოქალაქეთა კონტაქტების შესაძლო სიმრავლით ახსნა. 

“ჩვენ შევაფასებთ ვითარებას, რეალურად, უცხოური ვიზიტორისთვის გაცილებით უფრო ნაკლებია იმ პირთა წრე, რომელთანაც შეიძლება უშუალო კონტაქტში შევიდეს, ხოლო საქართველოს მოქალაქისთვის ეს გაცილებით უფრო ფართოა. შესაბამისად, უფრო ინტენსიურია. ამაზე ეპიდემიოლოგები უფრო კონკრეტულ პასუხს გაგცემენ. ამიტომ, საფრთხეების გათვალისწინების გამო მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება და ამ რეგულაციის არსებობა”, – აღნიშნა მან.

მისი თქმით, 14-დღიანი კარანტინით ქვეყანა საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

“აქ საუბარი უთანასწორობაზე არ არის, ეს არ არის დისკრიმინაციული ვითარება. 5 სახელწიფო, რომელზეც ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ როგორც მოქალაქეებზე და ასევე, რეზიდენტებზე, და ვსაუბრობთ იმაზე, რომ ამ პანდემიის პირობებში უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო.

ჩვენს მოქალაქეებს უფრო მეტი უსაფრთხოებისთვის უზრუნველვყობთ 14-დღიანი კარანტინით. ყველა აღიარებს არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, რომ ეს არის ძალიან სწორი მიდგომა, რომელმაც საშუალება მოგვცა მიგვეღო ის შედეგი, რა შედეგიც გვაქვს. ჩვენ გვექნება სპეციალური ელექტრონული ფორმა, რომელსაც შეავსებს აბსოლუტურად ყველა ადამიანი, რომელიც შემოდის საქართველოში და, შესაბამისად, ამ ფორმის საფუძველზე რისკების მართვაც უფრო გაგვიადვილდება”, – უთხრა ჩიქოვანმა ტელეკომპანიას.

მთავრობის არგუმენტებს არ იზიარებს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კანდელაკი, რომელიც მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება აბსურდული და ანტიკონსტიტუციურია.

“სინამდვილეში ამის მიზეზი ისაა, რომ მათ სურთ, მკაცრად შეზღუდონ საქართველოს მოქალაქეების გასვლაც და შემოსვლაც ქვეყანაში. პრაქტიკულად, ეს არის ანტიკონსტიტუციური და დისკრიმინაციული, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა.

ამ ეპიკური აბსურდულობის გასაგებად წარმოვიდგინოთ ოჯახი, რომლის ერთი წევრი არის საქართველოს მოქალაქე, მეორე წევრი კი – ესტონეთის მოქალაქე. ეს ოჯახი დაბრუნდა საქართველოში. ამ ოჯახის ერთ წევრს სახელმწიფო ჩააყუდებს ორკვირიან კარანტინში, მეორეს კი ეტყვის – მობრძანდი და რაც გინდა, ქენი”, – ამბობს ის “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

“ის ნორმა, რომ  ადამიანმა უნდა გაიაროს კარანტინი, თუ ის იმყოფებოდა არა იმ ქვეყნებში, რომელთაც ვუხსნით საზღვრებს, [არამედ სხვა ქვეყნებში], ამ ნორმაში რაღაც ლოგიკა არის. მაგრამ თუკი საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა მხოლოდ იმ ქვეყნებში, რომელთაც საზღვრებს ვუხსნით და მათ უნდა გაიარონ კარანტინი, ეს არის მავნებლობა”, – ამატებს ის.

კანდელაკის თქმით, გასაზრდელია იმ ქვეყნების რიცხვიც, რომელთაც საქართველო საზღვრებს უხსნის. მისი თქმით, სიას პოლონეთიც უნდა დაემატოს, იქ არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე.

ეპიდვითარება ქვეყნებში, რომელთაც საქართველო საზღვრებს უხსნის

გერმანია

მაისიდან გერმანიაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გაუქმება დაიწყეს. ამავე თვის შუა რიცხვებიდან ევროპაში პირველად საფეხბურთო ჩემპიონატიც განაახლეს.

ბოლო დროს გერმანიაში კორონავირუსის შემთხვევებმა იკლო: მაგალითად, თუ მაისის დასაწყისში დღეში 2500-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდებოდა, თვის ბოლოსთვის დღიური შემთხვევების საშუალო მაჩვენებელმა დაახლოებით 400-მდე იკლო.

რაც შეეხება ბოლო დღეებს, გამოვლენილი შემთხვევის ბოლო 5 დღის სტატისტიკა ასეთია: 466, 422, 239, 219, 390, მთლიანობაში კი, გერმანიაში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 196 944 შემთხვევა გამოვლინდა და 9024 ადამიანი გარდაიცვალა.

ასევე, ცოტა ხნის წინ, 23 ივნისს შემთხვევების აფეთქება დაფიქსირდა ხორცფაბრიკატის ქარხანაში. ქალაქში ადგილობრივმა ხელისუფლებამ მკაცრი კარანტინი დააწესა, თუმცა 7 ივლისს სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა.

საფრანგეთი

საფრანგეთი ევროპაში კორონავირუსისგან ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქვეყანაა, თუმცა შეზღუდვების მოხსნა იქაც დაიწყეს — ივნისში პრევენციული ზომები დედაქალაქ პარიზშიც გაუქმდა.

ბოლო დროს, ივნისის განმავლობაში, მარტ-აპრილთან შედარებით დღიურმა შემთხვევებმა მკვეთრად იკლო, მთლიანად კი, საფრანგეთში სულ დაფიქსირდა 159 568 შემთხვევა, ხოლო გარდაიცვალა 29 831 ადამიანი.

ბალტიისპირეთის ქვეყნები

დაახლოებით საქართველოს მსგავსი ვითარებაა ბალტიისპირეთის ქვეყნებში. მთლიანობაში, 2000 შემთხვევაზე მეტი არცერთ ქვეყანაში არაა გამოვლენილი, სამივე ქვეყანაში კი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მთლიანად 178 ადამიანი გარდაიცვალა.

ესტონეთში დაფიქსირებულია 1994 შემთხვევა და გარდაცვლილია 69 ადამიანი, ხოლო დღიური მონაცემებით, 2 შემთხვევაზე მეტი ესტონეთში ბოლოს 14 ივნისს დაფიქსირდა.

მსგავსი ვითარებაა ლატვიაშიც: სულ 1127 შემთხვევაა გამოვლენილი და 30 ადამიანი გარდაცვლილი. თითქმის 1 თვეა დღიური შემთხვევები 2-3-ს არ სცდება.

რაც შეეხება ლიეტუვას, იქ გამოავლინეს 1 841 შემთხვევა, დაავადებას კი ემსხვერპლა 79 ადამიანი. დღიური შემთხვევებითაც ლიეტუვაში 10-ზე მეტი ინფიცირებული ბოლოს 12 ივნისს იყო.


დღეიდან, 8 ივლისიდან გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს საქართველო საზღვრებს უხსნის. აღნიშნულის შესახებ დღეს მთავრობის ბრიფინგზე განაცხადეს.

მთავრობის ინფორმაციით, ზემოჩამოთვლილი 5 ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტით საქართველოში მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით ჩამოსვლა.

საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე მათ უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური, ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვა.

მთავრობის განცხადებით, ევროკავშირის იმ 5 ქვეყნის მიმართულებით, რომლებთანაც უპირობოდ იხსნება საზღვრები, საავიაციო მიმოსვლის და რეგულარული რეისების აღდგენის მიზნით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს საერთაშორისო ავიაკომპანიებთან.

გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს საქართველო საზღვრებს უხსნის

მასალების გადაბეჭდვის წესი