ახალი ამბები

ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ქალაქში ლოკალური კარანტინი დაწესდა

23 ივნისი, 2020 • 1095
ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ქალაქში ლოკალური კარანტინი დაწესდა

გერმანიის ხელისუფლებამ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის ერთ-ერთ ქალაქში ლოკალური კარანტინი დააწესა მას შემდეგ, რაც ხორცკომბინატში კორონავირუსის აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კომბინატის 1500-ზე მეტ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა.

აქედან გამომდინარე, ფედერალური მიწის პრემიერმა, არმინ ლაშეტმა განაცხადა, რომ 30 ივნისამდე გაგრძელდება პრევენციული ზომები გიუტერსლოჰის რაიონში, რომელშიც დაახლოებით 360 000 ადამიანი ცხოვრობს. მაისში მთელი ქვეყნის მასშტაბით კარანტინის მოხსნის შემდეგ, ეს ლოკალური კარანტინის დაწესების პირველი შემთხვევაა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, რაიონში უნდა დაიკეტოს ბარები, მუზეუმები, კინოთეატრები და სპორტული დარბაზები, რესტორნებს კი საკვების მხოლოდ წასაღებად გაყიდვა შეეძლებათ. ამასთან ერთად, დაიკეტა სკოლებიც, მოქალაქეებს კი თავიანთი სახლის გარეთ, საჯარო სივრცეში, მხოლოდ ერთ ადამიანთან შეუძლიათ შეხვედრა.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში ყოფნა მოუწევს ხორცკომბინატის ყველა თანამშრომელს, წესების დასაცავად კი ადგილზე პოლიციის სამი რაზმია მობილიზებული.

ადგილს, სადაც ამჟამად კომბინატის 7000-ზე მეტი თანამშრომელი ცხოვრობს, მთავრობამ  ღობე შემოარტყა და შენობაში მყოფ თანამშრომლებს საკვებს აწვდის.


გერმანიაში ამჟამად კორონავირუსის 192 119 შემთხვევაა გამოვლენილი. 175 295 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 8 969 გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი