ახალი ამბები

სბუ: დავაკავეთ გრუ-ს კურატორი, რომლის ბრძანებითაც უკრაინაში დივერსიები ხორციელდებოდა

8 ივლისი, 2020 • 1220
სბუ: დავაკავეთ გრუ-ს კურატორი, რომლის ბრძანებითაც უკრაინაში დივერსიები ხორციელდებოდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის („სბუ“) ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად კიევში დააკავეს პირი, რომელიც 2014-2020 წლებში ასრულებდა ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ (რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული წარმონაქმნი უკრაინის აღმოსავლეთში) ხელმძღვანელობის კურატორის როლს რუსეთის ფედერაციის შეარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს („გრუ“) ხაზით. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „უნიანი“ ავრცელებს.

სბუ-ს ცნობით, დაკავებული რუსეთის სპეცსამსახურების არასაშტატო წარმომადგენელია და აქტიურ მონაწილეობას იღებდა ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სადაზვერვო სამმართველოს“ შექმნაში. მას ბრალს უკრაინის სისხლის სამართლის 258-3 მუხლის პირველი ნაწილით წარუდგენენ (ტერორისტული ჯგუფის ან ორგანიზაციის შექმნა).

სბუ-ში ასევე ამბობენ, რომ მათ აქვთ სატელოფონო ზარების ჩანაწერები, რომლებშიც ასახულია უწყებათაშორისი ბრძოლა გრუ-სა და ფსბ-ს (რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური) „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ხელმძღვანელებზე კონტროლისთვის.

ასევე, როგორც სააგენტო „უნიანი“ წერს, სბუ-ს მიერ გასაჯაროებულ ზარებში შედის საუბარი გრუ-ს გენერალ-მაიორ სერგეი დუბინსკისა და ლეონიდ ხარჩენკოს შორის, რომლებიც 2014 წელს მალაიზიის ავიარეისების ბოინგის ჩამოგდებისთვის საერთაშორისო ძებნაში არიან გამოცხადებული.

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისში ამბობენ, რომ დაკავებული აგრეთვე აკონტროლებდა აგენტების ქსელს და მისი ბრძანებით კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რამდენიმე დივერსია და ტერორისტული აქტი ჩატარდა.


გარეკანის ფოტო: Андрей Гудзенко/LIGA.net

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა სბუ რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებულ პირს აკავებს. აქამდე კიევში სბუ-ს გენერალ-მაიორი ფსბ-სთან თანამშრომლობის ბრალდებით დააკავეს:

უკრაინაში უშიშროების გენერალ-მაიორი ФСБ-ს აგენტობის ბრალდებით დააკვაეს

მასალების გადაბეჭდვის წესი