ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანი: სომხეთი ევრაზიული კავშირის წევრად დარჩება

1 მაისი, 2018 • 2261
ფაშინიანი: სომხეთი ევრაზიული კავშირის წევრად დარჩება

სომხეთის საპროტესტო აქციების ლიდერს და პრემიერ-მინისტრობის კანდიტატს, ნიკოლ ფაშინიანს პარლამენტში დღევანდელი გამოსვლის დროს, სხვადასხვა საკითხთან ერთად, კომენტარის გაკეთება ქვეყნის საგარეო კურსის შესახებაც მოუწია.

“ჩემი არჩევის შემთხვევაში სომხეთის საგარეო  პოლიტიკაში მკვეთრი მოძრაობები არ იქნება, ქვეყანა ევრაზიული კავშირისა და ODKB– ს [კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია] წევრად დარჩება. ჩვენ რუსეთს მივიჩნევდით და მივიჩნევთ სომხეთის სტრატეგიულ მოკავშირედ. ეს მოძრაობა რუსეთისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. ასევე, ჩვენ გავაღრმავებთ ურთიერთობებს ევროკავშირთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ყველაფერს გავაკეთებთ სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის გასამარტივებლად”, – განაცხადა პარლამენტის ტრიბუნიდან ფაშინიანმა.

ფაშინიანის ქვეყნის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ქვეყნის საგარეო კურსზე, კერძოდ რუსეთთან სამომავლო ურთიერთობებზე, კომენტარების გაკეთება მას აქამდეც მოუწია. 

დღეს, 1 მაისს, სომხეთის ეროვნული კრების [პარლამენტის] დეპუტატები პრემიერ-მინისტრს აირჩევენ. ოპოზიციონერი დეპუტატი და სომხეთში საპროტესტო აქციების ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანი ამ პოსტზე ერთპიროვნული ლიდერია. დეპუტატები ამჟამად მის გამოსვლას უსმენენ.

უფრო ვრცლად, ვინ არის ნიკოლ ფაშინიანი წაიკითხეთ ბმულზე –  ვინ არის და რა შეხედულებები აქვს სომხეთის აქციების ლიდერს.


სომხეთში განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია:

  • ათწლიანი საპრეზიდენტო მმართველობის შემდეგ სერჟ სარგსიანის უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში დარჩენის საფრთხე სომხეთში პირველად,  23 მარტს ახალგაზრდების მცირე ჯგუფმა გააპროტესტა.
  • რამდენიმე დღეში სარგსიანი პრემიერ-მინისტრის კანდიდატად უკვე ოფიციალურად დაასახელეს, რასაც ოპოზიციური პარტიების მიერ დაგეგმილი აქციებიც მოჰყვა.
  • 16 აპრილის დილიდან ერევანში ოპოზიციამ დამოურჩილებლობის აქციები დაიწყო. აქციის მიზანი იყო, რომ 17 აპრილს პარლამენტში დეპუტატებს ვერ შეეღწიათ და, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი ვერ აერჩიათ.
  • 17 აპრილს სომხეთის პოლიციამ ერევნის მთავარ ქუჩებში საპროტესტო აქციებზე გამოსული სტუდენტების დაკავება დაიწყო.
  • სარგსიანის ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ აქციაში მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა. 22 აპრილს მომიტინგეთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა.
  • 23 აპრილს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, სერჟ სარგსიანმა, მოქალაქეების 10-დღიანი აქციების შემდეგ თანამდებობა დატოვა.
  • პრემიერ-მინისტრის მოვალეობებს სომხეთის ვიცეპრემიერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კარენ კარაპეტიანი ასრულებდა.
  • მალევე, ხელისუფლების სრული გადადგომის მოთხოვნით, სომხეთის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები განახლდა, რომელიც ამ დრომდე მიმდინარეობს.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი