სომხეთში ვიზიტით მყოფი პუტინი დაკავებული ექსპრეზიდენტის, ქოჩარიანის ცოლს შეხვდა

სომხეთში ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტზე  მყოფი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფ რობერტ ქოჩარიანის ცოლს შეხვდა. ამის შესახებ სომხური გამოცემა 168.am პუტინის დელეგაციიდან წყაროზე დაყრდნობით წერს.

ამავე წყაროს ცნობით, ვლადიმერ პუტინი და ბელა ქოჩარიანი ჩაის სვამდნენ დიდხანს და საუბრობდნენ.

პუტინი ერევანში პირველ ოქტომბერს სამიტზე დასასწრებად ჩავიდა, თუმცა მედიას ბოლომდე არ ჰქონდა ზუსტი ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტზე. სომხური მედია და პოლიტიკური ექსპერტების ნაწილი ვარაუდს გამოთქვამდა, რომ ვიზიტის ფარგლებში პუტინი რობერტ ქოჩარიანის საქმესაც შეეხებოდა.

სამიტამდე სომხეთის სააპელაციო სასამართლომ უარი თქვა რობერტ ქოჩარიანის სარჩელის განხილვაზე და პატიმრობაში დატოვა.

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის მიმართ 2008 წლის პირველი მარტის მიტინგის დარბევის საკითხზე სისხლის სამართლის საქმე ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო. ქოჩარიანი კონსტიტუციური წყობის დამხობაში და დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში არის ბრალდებული.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი