ახალი ამბები

ბესელია ბიულეტენების გადათვლის ეფექტიანი მექანიზმის შემოღებას ითხოვს

6 ივლისი, 2020 • 1513
ბესელია ბიულეტენების გადათვლის ეფექტიანი მექანიზმის შემოღებას ითხოვს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია 2020 წლის არჩევნებზე ბიულეტენების გადათვლის ეფექტიანი მექანიზმის შემოღების ინიციატივით გამოდის.

ბესელია ითხოვს, რომ 13 ივლისის რიგგარეშე სესიის კვირაში პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილოს ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე კვირას დარეგისტრირდება.

“ახალი ინიციატივა გულისხმობს იმას, რომ ბიულეტენების გადათვლის/გადამოწმების რაც შეიძლება ეფექტიანი მექანიზმი არსებობდეს. კანონპროექტით შემოთავაზებულია პროცედურა, რომ ყოველ საარჩევნო ოლქში, სავალდებულო წესით, მაგრამ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, გადაითვლება მოცემული ხმები და არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა”, – განაცხადა ბესელიამ.

მისი თქმით, საარჩევნო უბნებში, სადაც გადათვლის მოთხოვნა ან საჩივარი არ ფიქსირდება, წილისწყრით ერთი უბანი შემოწმდება, ხოლო იმ საარჩევნო უბნებში, სადაც უფლებამოსილი პირები ბიულეტენების გადათვლის მოთხოვნით ან საჩივრით მიმართავენ, საარჩევნო კომისია წილისწყრით შეარჩევს სამ შესამოწმებელ საარჩევნო უბანს.

ბესელიას თქმით, კანონპროექტი მომზადებულია ვახტანგ ხმალაძის მიერ და მას პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური პარტია უჭერს მხარს. დეპუტატის თქმით, ეს ინიციატივა წარმოდგენილი იყო საარჩევნო საკითხებზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში, რომელსაც ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა, თუმცა მმართველმა პარტიამ არ გაიზიარა.

დღეს მოქმედი ნორმით, საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენების გადათვლის შესახებ გადაწყვეტილებას  იღებს სხდომაზე დამსწრეთა არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერის შემთხვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი