ახალი ამბები

შეწყდეს მედიის თავისუფლების წინააღმდეგ წამოწყებული პროცესები – კოალიცია ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

3 ივლისი, 2020 • 1299
შეწყდეს მედიის თავისუფლების წინააღმდეგ წამოწყებული პროცესები  – კოალიცია ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მთავრობას მედიის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული პროცესების შეწყვეტისა და ჟურნალისტთა პროფესიული გაერთიანების პატივისცემისაკენ მოუწოდებს. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ წარმოებულ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე მიმდინარე გამოძიებაზე, რომლის ფარგლებშიც, სუს-ის ინფორმაციით, “მთავარი არხის” ერთ-ერთი სიუჟეტის რესპონდენტები გამოიკითხნენ. 

“ჩვენ, კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები დაუშვებლად მივიჩნევთ მცდელობას, სახელმწიფომ დასაჯოს და კონტროლის ქვეშ მოაქციოს მედიასაშუალებები.

ვფიქრობთ, მსგავსს პრეცენდენტს ქმნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ „საბოტაჟის“ მუხლით წარმოებული გამოძიება. რომელიც მიმართულია „მთავარი არხის“ სიუჟეტის შინაარსზე. მიგვაჩნია, რომ წამოწყებული პროცესით კიდევ უფრო ღვივდება მედიის მიმართ უნდობლობა და სახეზეა ცენზურის საფრთხე”,-წერია განცხადებაში.

2 ივლისს სუს-ში განაცხადეს, რომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე უწყებას მიეცა უფლება, „მთავარი არხიდან“ ამოიღოს 20 ივნისს კორონავირუსთან დაკავშირებით გასული სიუჟეტის სრული, დაუმონტაჟებელი მასალა. უწყების ამ ქმედებას კოალიცია საგანგაშოს უწოდებს და აცხადებს, რომ სიუჟეტში პროფესიული გადაცდომის შემთხვევაშიც კი სახელმწიფო ვალდებულია პატივი სცეს მედიის თავისუფლების პრინციპებს და თვითრეგულირების მექანიზმი გამოიყენოს.

“მიგვაჩნია, რომ არსებული რეალობა საგანგაშოა მედიის თავისუფლებისათვის და კრიტიკულად მნიშვნელოვანია, დროულად მოხდეს დაშვებული შეცდომების გამოსწორება. სიუჟეტში პროფესიული გადაცდომის ან უზუსტობების შემთხვევაშიც კი სახელმწიფო ვალდებულია პატივი სცეს მედიის თავისუფლების ფუნდამენტურ პრინციპებს და ჟურნალისტთა პროფესიული გადაცდომების კორექციის საჭიროებისას უნდა გამოიყენოს მედიის თვითრეგულირების მექანიზმი, ისევე როგორც ჟურნალისტთა კოლეგიური გაერთიანება – საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია”, -წერია განცხადებაში.

ორგანიზაცია მოითხოვს შეწყდეს მედიის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული პროცესები და სიზუსტის დასადგენად რეგულირების მექანიზმები იქნეს გამოყენებული, იქნება ეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია თუ “მთავარი არხის” თვითრეგულირების მექანიზმი.

“კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გასცეს დირექტივა მედიის თავისუფლების და უსაფრთხოების დასაცავად. ვითხოვთ, დროულად შეწყდეს მედიის თავისუფლების წინააღმდეგ წამოწყებული პროცესები და გაშუქების დეტალებზე პროფესიული სიზუსტის გამოკვლევისათვის საქმე გადაეცეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ან /და შესწავლა დაიწყოს “მთავარი არხის” თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში”,-ვკითხულობთ განცხადებაში.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 25 ივნისს თქვა, რომ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე “მთავარი არხის” ერთ-ერთი სიუჟეტის რესპონდენტები გამოიკითხნენ. 

გარდა რესპონდენტებისა, სუს-ში დაიკითხნენ ასევე “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი ხათუნა სამნიძე და ჟურნალისტი ნინო ჭელიძე. ორივე მათგანი შემდგომ ამბობდა, რომ მათთვის დაბარების მიზეზი გაუგებარია.

“მთავარმა არხმა” 20 ივნისს მოამზადა სიუჟეტი, სადაც რესპონდენტები ამბობდნენ, რომ მათი ოჯახის წევრები დაიღუპნენ სხვა დაავადებით, თუმცა მათ შესთავაზეს, რომ თუ გარდაცვალების მიზეზად COVID-19-ის ჩაწერას დათანხმდებოდნენ, სანაცვლოდ გარკვეულ თანხას მიიღებდნენ. სუს-ში გამოკითხვაზე სწორედ ის რესპონდენტები დაიბარეს, რომლებმაც აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდეს “მთავარ არხს”.

ე.წ. საბოტაჟის საქმე მედიის თავისუფლებაში ჩარევის სახიფათო პრეცედენტია – ქარტია

მასალების გადაბეჭდვის წესი