ულტრანაციონალისტურმა მოძრაობამ „ქართულმა მარშმა“ დღეს საგურამოში პარტია დააფუძნა.

ამისთვის დღეს, 2 ივლისს, საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში სადამფუძნებლო ყრილობა გაიმართა. „ქართული მარშის“ ინფორმაციით, პარტია ორი მოძრაობის გაერთიანების საფუძველზე შეიქმნა – „ქართული მარშისა“ და „გეორგიას“.

პარტიას ამიერიდან ჰქვია „ქართული მარში – ეროვნული მოძრაობა“.

„იმის ილუზია ჩვენ არ გვაქვს, რომ პარლამენტში უმრავლესობით მოვალთ, მაგრამ პროგრამა მინიმუმი არის ფრაქცია პარლამენტში,“- თქვა დღეს ჟურნალისტებთან სანდრო ბრეგაძემ და დაამატა, რომ პარლამენტში არის რამდენიმე ჯგუფი, რომელთანაც თანამშრომლობა შეიძლება.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რატომ აირჩიეს ყრილობის ადგილად ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, ბრეგაძე ამბობს, რომ მისი პარტია ჭავჭავაძის იდეებს იზიარებს. მისივე ინფორმაციით, ღონისძიება პარტიას 3 ათასი ლარი დაუჯდა.

„ქართული მარშის“ მიერ პარტიის დაფუძნებას დღეს გამოეხმაურა „ევროპული საქართველო“. მისი წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით, მიუღებელია, რომ ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტერიტორია „ექსტრემისტულ, პრორუსულ და ქართულ ოცნებასთან აფილირებულ ძალადობრივ ჯგუფს“ დაეთმო.

რაც შეეხება თავად სახლ-მუზეუმის ადმინისტრაციას, „ტელეკომპანია პირველთან“ მისი ადმინისტრაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ სხვების მსგავსად, მათ შორის, „ქართულ მარშსაც“ ჰქონდა ამ ადგილის დაქირავების უფლება.