ახალი ამბები

ე.წ. საბოტაჟის საქმე მედიის თავისუფლებაში ჩარევის სახიფათო პრეცედენტია – ქარტია

2 ივლისი, 2020 • 1393
ე.წ. საბოტაჟის საქმე მედიის თავისუფლებაში ჩარევის სახიფათო პრეცედენტია – ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ე.წ. საბოტაჟის საქმეს ეხმაურება და ამბობს, რომ ეს მედიის თავისუფლებაში უხეში ჩარევის სახიფათო პრეცედენტია.

დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თქვა, რომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე სუს-ს მიეცა უფლება, „მთავარი არხიდან“ ამოიღოს 20 ივნისს კორონავირუსთან დაკავშირებით გასული სიუჟეტის სრული, დაუმონტაჟებელი მასალა. სუსი აცხადებს, რომ ამ სიუჟეტს და მასთან დაკავშირებულ გარემოებებს ე.წ. საბოტაჟის საქმის ფარგლებში სწავლობენ.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თქმით, დაუშვებელია, რომ საგამოძიებო და სასამართლო ორგანოები ერეოდნენ მედიის საქმიანობაში და აფასებდნენ მომზადებული მასალის შინაარსს.

გარდა ამისა, ქარტია დასძენს, რომ საქართველოს კანონმდებლობით მედიის მიერ გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაციის შინაარსზე მსჯელობა არის თვითრეგულირების მექანიზმის პრეროგატივა და დაუშვებელია, რომ ეს ფუნქცია შეასრულოს ხელისუფლების რომელიმე შტომ.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება ტელეკომპანია “მთავარი არხის” ეთერში გასულ ერთ-ერთ სიუჟეტზე, რომელსაც სუსი საკუთარ განცხადებაში დეზინფორმაციულს უწოდებს. გამოძიება მიმდინარეობს საბოტაჟის ფაქტზე. თბილისის საქალაქო სასამართლომ კი თავისი განჩინებით ტელეკომპანიისგან გამოითხოვა როგორც ეთერში გასული სიუჟეტები, ასევე სრული და დაუმონტაჟებელი მასალა. ყველა ეს ქმედება არის მედიის თავისუფლებაში უხეში ჩარევის სახიფათო პრეცედენტი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიება და საქალაქო სასამართლოს განჩინება წარმოადგენს როგორც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი კონკრეტული მედიასაშუალების, ასევე მთლიანად მედიაგარემოს გაკონტროლების მცდელობას, რაც სახიფათო და დამაზიანებელია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის“, – წერია ქარტიის განცხადებაში.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 25 ივნისს თქვა, რომ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე “მთავარი არხის” ერთ-ერთი სიუჟეტის რესპონდენტები გამოიკითხნენ. 

გარდა რესპონდენტებისა, სუს-ში დაიკითხნენ ასევე “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი ხათუნა სამნიძე და ჟურნალისტი ნინო ჭელიძე. ორივე მათგანი შემდგომ ამბობდა, რომ მათთვის დაბარების მიზეზი გაუგებარია.

“მთავარმა არხმა” 20 ივნისს მოამზადა სიუჟეტი, სადაც რესპონდენტები ამბობდნენ, რომ მათი ოჯახის წევრები დაიღუპნენ სხვა დაავადებით, თუმცა მათ შესთავაზეს, რომ თუ გარდაცვალების მიზეზად COVID-19-ის ჩაწერას დათანხმდებოდნენ, სანაცვლოდ გარკვეულ თანხას მიიღებდნენ. სუს-ში გამოკითხვაზე სწორედ ის რესპონდენტები დაიბარეს, რომლებმაც აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდეს “მთავარ არხს”.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, აღნიშნული პირები გამოკთხვაზე დაიბარეს 2020 წლის მარტში საბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში. 16 მარტს პირთა ჯგუფმა ,“მთავრობის” და “ჯანდაცვის” სახელით, საქართველოს რიგ მოქალაქეებს გაუგზავნა ცრუ შეტყობინებები ვირუსის გავრცელების მასშტაბების, ნეგატიური შედეგების და ხელისუფლების მიერ მიღებული ვითომდა გადაჭარბებული ზომების შესახებ. გამოძიება მაშინ დაიწყო საბოტაჟის მუხლით (საქართველოს სსკ-ის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით). დანაშაული 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კითხვაზე, ამ ორ ამბავს რა კავშირი აქვს ერთმანეთთან, სუს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება “მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას “იგივე ჭრილში განიხილავს”.

“დაშინება და მსუსხავი ეფექტი” – რა მიზანი აქვს ფეისბუკ პოსტების გამო ხალხის სუს-ში დაბარებას?

მასალების გადაბეჭდვის წესი