ახალი ამბები

სოცაგენტების გაფიცვა გადაიდო

2 ივლისი, 2020 • 1264
სოცაგენტების გაფიცვა გადაიდო

სოციალურმა აგენტებმა გაფიცვა დროებით გადადეს. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” “სოლიდარობის ქსელის” იურისტმა დავით ომსარაშვილმა დაუდასტურა.

ომსარაშვილის თქმით, სააგენტოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ამ ეტაპისთვის არასაკმარისია, ამიტომ გეგმავენ სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც პროფესიული კავშირის წარმომადგენლებით და სოციალური აგენტებით დაკომპლექტდება.

“სამუშო ჯგუფი იმსჯელებს სამომავლო გეგმებზე, რომელიც შეეხება ხელფასების დადგენას, მის გამოცალკევებას სატრანსპორტო ხაზისგან, გამომუშავებით ანაზღაურების გაზრდას, კოლექტიური ხელშეკრულებების დადებისას სოციალური აგენტების აზრის გათვალისწინებას, მათი რეპუტაციის შელახვის მცდელობების აღმოფხვრას და სამინისტროს მიერ საჯარო განცხადების გაკეთებას, სადაც ახსნილი იქნება სოციალური აგენტების როლი. ცალსახად მაინც იგივე აზრზე ვრჩებით და ვტოვებთ მოთხოვნას, რომ სააგენტო უკანონოდ იქცევა პროფკავშირთან მიმართებით, როცა იურისტებს არ უშვებენ. ასევე ვიფიქრებთ, სამართლებრივ ჭრილშიც რა შეიძლება რომ გაკეთდეს”, – განმარტა ომსარაშვილმა.

როგორც ომსარაშვილი ამბობს, სოციალური აგენტები გაფიცვას აგვისტოს ბოლომდე შეაჩერებენ, რის შემდგომაც, იმ შემთხვეაში, თუ სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, გაფიცვას დაიწყებენ.

90-მდე სოციალურმა აგენტმა რამდენიმე დღის წინ გაფიცვა დააანონსა. მათ მოთხოვნებს შორის იყო 80-ლარიანი ფიქსირებული ხელფასის გაზრდა, ერთთვიანი ხელშეკრულების უვადოდ შეცვლა და ტრანსპორტისთვის თანხის ცალკე გამოყოფა.

ჯანდაცვის სამინისტრომ, გუშინ განაცხადა, რომ სოციალური აგენტების ფიქსირებული ხელფასი პირველი ივლისიდან 150 ლარით გაიზრდება და მათთვის სამგზავრო თანხის სახით გამოყოფილი ანაზღაურება 250 ლარი გახდება. ასევე, უწყების ცნობით, 100 ლარით გაიზრდება უფროსი სოციალური აგენტების ფიქსირებული ანაზღაურებაც და ამიერიდან ის 550 ლარს შეადგენს.

პირველ ივლისამდე სოციალური აგენტებს ფიქსირებული 80 ლარი ერიცხებოდათ, როგორც თავად სოცმუშაკები განმარტავენ, ამ 80 ლარს სამინისტრო ხან ხელფასს ეძახის, ხან კი- სატრანსპორტო ხარჯებს. პარალელურად, თითო გამოკითხულ ოჯახზე სოცმუშაკი 4.8 ლარს იღებდა.

ფიქსირებული ხელფასი 80 ლარი, ერთთვიანი კონტრაქტები და სხვა – სოცაგენტები გაფიცვას გეგმავენ

მასალების გადაბეჭდვის წესი