ახალი ამბები

ძველი, ჭრელი ახალციხე | სულხან სალაძის ბლოგი

2 ივლისი, 2020 •
ძველი, ჭრელი ახალციხე | სულხან სალაძის ბლოგი

ავტორი: სულხან სალაძე

XVII საუკუნიდან მოყოლებული, ახალციხე განსხვავებული ეთნიკური, რელიგიური და კულტურის მატარებელი ხალხის შეხვედრის ადგილი გახდა. ცნობილი ნიდერლანდელი კარტოგრაფი და გემთმშენებელი, ნიკოლას ვიტსენი, XVII საუკუნის ახალციხეს, სამცხე საათააბაგოს – დიდ ქალაქად მოიხსენიებდა. მაშინდელი სამცხე საათაბაგო კი ვრცელ ტერიტორიაზე იყო განფენილი და ისტორიული სამხრეთ დასავლეთ საქართველოს არაერთ მხარეს და ხეობას მოიცავდა.

ახალციხის განსაკუთრებულ ადგილსა და მნიშვნელობაზე ისიც მეტყველებს, რომ მას მრავლად შეხვდებით ძველ რუკებზე. ასე მაგალითად, 1686 წელს ლონდონში, მოზეს პიტის მიერ გამოცემულ ჟან შარდენის შავი ზღვის რუკაზე; 1723 წელს, პარიზში გიომ დელილის მიერ გამოცემული „კასპიის ზღვის მეზობელი ქვეყნების რუკასა“ (შედგენილია სულხან საბას მონაწილეობით) და 1766 წელს, პარიზში ჟოზეფ ნიკოლა დელილის მიერ გამოცემულ, ვახუშტი ბატონიშვილისეული „საქართველოს სამეფოს“ რუკის ფრანგულ ვერსიაში.

ძველი ახალციხის ცხოვრების მრავალფეროვნებას, ქალაქის როლს და ადგილს, არაერთი ქართველი და უცხოელი მოგზაური აღწერს. ყველა მათგანის მოხმობა და დამოწმება შორს წაგვიყვანს, მაგრამ ისეც არ გამოვა, არავინ ვახსენოთ.

ახალციხის მრავალფეროვნებაზე საუბრისას, საილუსტრაციოდ თურქი მოგზაურის – ევლია ჩელების, ფრანგი ძვირფასი ქვებით მოვაჭრის – ჟან შარდენის და ქართველი გეოგრაფისა და ისტორიკოსის, ვახუშტი ბატონიშვილი ჩანაწერები შეიძლება მოვიშველიოთ.

ქრონოლოგიურად, ზემოთ ჩამოთვლილთაგან ყველაზე ადრე ახალციხეს, 1647 წელს, თურქი მოგზაური ევლია ჩელები ეწვია. მოგზაურის შეფასებით – ახალციხე ციცაბო გორაკზე მდგარი, მტკიცედ ნაგები მომხიბლველი ციხე-ქალაქი იყო. ციხეს ზღუდე და ორი შესასვლელი ჰქონდა. შიდა ციხეში კი 1100-მდე უვენახო, უბაღო, მიწით დახურული ბანიანი სახლი იდგა. ქალაქში იყო ასევე უმინარეთო სამი ჯამე. ციხის გარეუბანში 300 დუქანს, ბაზარს და ორ ფუნდუკს ნახავდა კაცი. ახალციხეს გარშემო მეკვროდა შვენიერი ბოსტნები და სათესები. როგორც თურქი მოგზაური ამბობდა, ახალციხის მცხოვრებლები ჯანიანი, მამაცი და სახელოვანი ხალხი იყო.

ევლია ჩელების მოგზაურობის შემდეგ, 1672 წელს, ახალციხე ჟან-შარდენმა მოინახულა. შარდენის თანახმად, ახალციხე მთებში აშენებულ ციხე-სიმაგრეს წარმოადგენდა, რომელიც ქვაბურში მდებარებდა და ოცი ბორცვით იყო გარშემორტყმული. მახლობელ ბორცვებზე გაშენებული იყო დიდი დაბა, ახალი აშენებული ოთხასიოდე ხის სახლით. ფრანგი მოგზაურის თანახმად, ახალციხეში ცხოვრობდნენ – ქართველები, თურქები, ბერძნები, სომხები და ებრაელები. ახალციხეშივე იყო ეკლესიები და სინაგოგა.

მოგვიანებით, XVIII საუკუნეში, ახალციხის ეთნიკურ სიჭრელეს და მრავალფეროვნებას ხაზს უსვამდა ვახუშტი ბატონიშვილი, როცა წერდა – „ხოლო ქალაქი არს მოზღუდვილი ციხიდამ ქვითკირის სამის ზღუდით. მასა შინა მოსახლენი არიან წარჩინებულნი და ჩენილნი მოჰმადიანნი, და ვაჭარნიცა. გარნა სახლობენ სომეხნი, ურიანი და მცირედნი მესხნიცა.

როგორც წესი, ახალციხეში მცხოვრები ქართველი მაჰმადიანები და მართლმადიდებელი ქრისტიანები ვაჭრობას დიდად არ წყალობდნენ. სამაგიეროდ, ვაჭრობით იყვნენ დაკავებული ახალციხელი ქართველი კათოლიკეები, სომხები და ებრაელები. ახალციხელი კათოლიკეები, ახალციხის გარეთ, დანარჩენ საქართველოში, ყველაზე მეტს ქუთაისში ვაჭრობდნენ. ამის დასტურად გამოდგება 1823 წელს გენერალ გორჩაკოვის მიერ მთავარმართებელ ერმოლოვისთვის გაგზავნილი წერილიც, რომლითაც გენერალი ერმოლოვს ატყობინებდა, რომ ქუთაისის ბაზარში არსებული 150 დუქნიდან 146 დუქანი ახალციხელი კათოლიკეების იყო.

კიდევ უფრო საინტერესოა ახალციხელი ქართველი კათოლიკეების ვაჭრობა და მისვლა-მოსვლა საქართველოს გარეთ. ამ მხრივ განსაკუთრებით დაწინაურებული იყვნენ- ხურსიძეები, ზუბალაშვილები, მეფისაშვილები და ჩილინგარაშვილები. ახალციხელი ვაჭრების ნახვა შეიძლებოდა  კონსტანტინეპოლში, თავრიზში, ყარსში, ტრაპიზონში… ზოგიერთი ახალციხელი ქართველი კათოლიკე XVII და XVIII საუკუნეების განმავლობაში ევროპასა და ინდოეთშიც კი დადიოდა სავაჭროდ. ზაქარია ჭიჭინაძის ცნობით, ინდოეთის ქალაქებში – კალკუტასა და მადრსაში, ქართველ კათოლიკე ვაჭრებს თავიანთი ქარვასლები ჰქონდათ.

XIX საუკუნის 20-იანი წლებისათვის ახალციხე იმდენად დაწინაურებული ქალაქი იყო, რომ თბილისში საფრანგეთის კონსულის, ჟან ფრანსუა გამბას ცნობით, ქალაქის მოსახლეობა, მიმდებარე ტერიტორიების ჩათვლით, 40,000 კაცს აღწევდა. იმდროინდელი ახალციხე კი, ეკლესიებით, მეჩეთებით, სინაგოგით, ამქრებით, ქარვასლებით და ჭრელი ეთნიკური, თუ კულტურული შემადგენლობით, სიცოცხლით სავსე ქალაქი იყო.

როგორც წყაროები მოწმობს, ძველი ქალაქი იარუსებად იყო გაშენებული ციხის ფერდობზე. ყველაზე მაღლა კათოლიკური ეკლესია იდგა, საიდანაც დასახლება მდინარე ფოცხოვის ნაპირებამდე ჩადიოდა. სახლები მწყობრად იდგა ერთმანეთის გვერდით. ერთი სახლის სახურავი-ბანი მეორესთვის კარებისწინა მოედანი იყო. ციტადელსა და რაბათში უმეტესად მაჰმადიანები ცხოვრობდნენ. ჯირითმოედანზე კი ზარაფხანა იყო გამართული.

XIX საუკუნის 50-იან წლებში ქალაქი იყოფოდა შემდეგ ძირითად უბნებად – რაბათი (ებრაული კვარტლის ჩათვლით); ზემო და ქვემო მარდის დასახლება და „პლანი“, ანუ ქალაქის ახალი ნაწილი. იმავე საუკუნის 60-იან წლებში ახალციხე 50-მდე ქუჩას, 5 მოედანს, 6 ხიდს, 8 ეკლესიას (2 მართლმადიდებლების, 3 სომხების, 3 კათოლიკეების) და 1 სინაგოგას ითვლიდა, რაც განსხვავებული ეთნიკური, რელიგიური და კულტურის მქონე ხალხის თანაცხოვრებაზე მიანიშნებდა.

მოყოლებული XVII საუკუნიდან დიდი დრო გავიდა. ბევრი რამ შეიცვალა, ბევრიც გაქრა და მივიწყებას მიეცა, თუმცა სიჭრელე და მრავალფეროვნება ახლაც ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა ახალციხეში.

მასალების გადაბეჭდვის წესი