ახალი ამბები

უცნობი პირები ჩვენი სახელით მოქალაქეებს პირად მონაცემებს სთხოვენ – ცესკო

1 ივლისი, 2020 •
უცნობი პირები ჩვენი სახელით მოქალაქეებს პირად მონაცემებს სთხოვენ – ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, გაურკვეველი პირები უწყების სახელს ამომრჩეველთა პირადი ინფორმაციის მოსაპოვებლად იყენებენ. ცესკოს თანახმად, ამომრჩევლების გარდა, აღნიშნულ შემთხვევებს ადასტურებენ თავად საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც, რომელთა საცხოვრებელ ბინებშიც დაფიქსირდა მსგავსი გადამოწმების ფაქტები.

უწყების განცხადებით, უცნობი პირები კარდაკარ დადიან და ადმინიტრაციის სახელით სარგებლობენ. თავად ცესკო ამბობს, რომ მსგავსი ფორმით ამომრჩეველთა მონაცემებს არ ამოწმებს.

“შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს და კანონმდებლობის შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისიები ფუნქციონირებას დაიწყებენ კენჭისყრის დღემდე ერთი თვით ადრე, რის შემდეგაც ისინი უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელებენ ამომრჩეველთა ინფორმირებისთვის დადგენილ პროცედურებს. ამასთან, ამომრჩეველთან ურთიერთობისას საარჩევნო კომისიის წევრობის დამადასტურებელი მოწმობა იქნება წარდგენილი”, – აღნიშნავს უწყება.

ცესკო აცხადებს, რომ პოლიტიკურ გაერთიანებებს და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ უფლება ჰქონდეთ ამომრჩევლებთან კანონით განსაზღვრული ურთიერთობა.

“კონკრეტული მიზნებისთვის ამომრჩევლებთან ურთიერთობას შესაძლოა აწარმოებდნენ სხვადასხვა ორგანიზაციებიც. 

შესაბამისად, მივმართავთ თხოვნით ნებისმიერ ჩართულ მხარეს თუ ორგანიზაციას, არ ისარგებლონ საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით საკუთარი მიზნების განხორციელებისას”, – წერია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი