ახალი ამბები

რა შენიშვნები აქვს “საიას” საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე

1 ივლისი, 2020 • 1129
რა შენიშვნები აქვს “საიას” საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარლამენტს საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე ცვლილებები წარუდგინა. ორგანიზაცია დადებითად აფასებს ცვლილებების შემუშავების პროცესს, თუმცა მიაჩნია, რომ სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად კვლავ მოსაწესრიგებელია რიგი საკითხები.

პოზიტიურ ცვლილებებს შორის საია პარტიების დაფინანსების ახალ მოდელს, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირების საარჩევნო აგიტაციაში ჩართვის შეზღუდვასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ამკრძალავ დამატებით რეგულაციებს ახსენებს. თუმცა ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ გასათვალისწინებელია კიდევ სამი მიმართულება. კერძოდ:

  • ამომრჩევლის ნების გამოვლენის კონტროლი

“პროექტით გათვალისწინებული მექანიზმები არ არის საკმარისი არსებული გამოწვევების დასაძლევად და აუცილებელია: (1) სააგიტაციო მასალის განთავსების შეზღუდვის დისტანციის გაზრდა 100 მ-მდე, (2) იმავე რადიუსში ნებისმიერი არაუფლებამოსილი პირის ყოფნის აკრძალვა (გარდა ამომრჩევლისა, კენჭისყრის შენობასთან მისვლის ვადით)”.

  • საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება

“შემოთავაზებული ცვლილებები ინარჩუნებს არსებულ მდგომარეობას და ემსახურება საარჩევნო ადმინისტრაციაში მმართველი პარტიის პოზიციების განმტკიცებას. მომდევნო არჩევნებიდან მიზანშეწონილად მიგვაჩნია საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებაზე გადასვლა”.

  • გენდერული კვოტირება

“საია მიესალმება გენდერული კვოტირების შემოღებას (შემოთავაზებულია 25%), თუმცა ვთვლით, რომ გრძელვადიანი და მდგრადი პოზიტიური ცვლილებების მისაღწევად მნიშვნელოვანია, განსხვავებული სქესის წარმომადგენლობა პარტიულ სიაში 50%-მდე გაიზარდოს”.


საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ,  რომლის შემდეგაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული (120/30) წესით უნდა ჩატარდეს, საქართველოს პარლამენტმა ახლა უკვე საარჩევნო კოდექსსა და სხვა კანონებში უნდა ასახოს ცვლილებები.

საერთაშორისო პარტნიორები, ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს მოუწოდებენ, ამ პროცესში ეუთოს/ოდირის რეკომენდაციები გაითვალისწინოს, რათა არჩევნები სამართლიან, გამჭვირვალე გარემოში ჩატარდეს.

ვრცლად, წაიკითხეთ:

რა წესებით [არ] ჩატარდება 2020 წლის არჩევნები – ცვლილებების განხილვა

მასალების გადაბეჭდვის წესი