ახალი ამბები

ქალებს ყველაზე ხშირად (ყოფილი) ქმრები და პარტნიორები კლავენ – კვლევა

30 ივნისი, 2020 • 1944
ქალებს ყველაზე ხშირად (ყოფილი) ქმრები და პარტნიორები კლავენ – კვლევა

საქართველოში ქალებს ყველაზე ხშირად კლავენ ქმრები, პარტნიორები, ყოფილი ქმრები და ყოფილი პარტნიორები. ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში, რომელშიც 2014-2018 წლებში ფემიციდის/ფემიციდის მცდელობების სტატისტიკა, სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციის გამამტყუნებელი განაჩენები და საქმის მასალებია გაანალიზებული.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის მიმართულებით ბოლო წლებში გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, კვლავ გამოწვევად რჩება ქალთა გენდერულად მოტივირებული მკვლელობების პრევენცია და ამგვარ საქმეებზე მართლმსაჯულების და სამართალდაცვითი ფუნქციების ეფექტიანი აღსრულება.

პროკურატურის მონაცემებით, ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2014 წელს დაფიქსირდა: ამ წელს 35 ქალი მოკლეს. შემდგომ წლებში ეს რიცხვი შემცირდა, თუმცა გაიზარდა ფემიციდის მცდელობის მაჩვენებელი.

ანგარიშში ასახული სტატისტიკა აჩვენებს, რომ ფემიციდს ან მის მცდელობას ქალის მიმართ ყველაზე ხშირად სჩადიან ქმრები/პარტნიორები, ყოფილი ქმრები/პარტნიორები ან შეყვარებულები, “მიუხედავად იმისა, ცხოვრობდნენ თუ არა ისინი ოდესმე ერთად ან თანაუგრძნობდა თუ არა მსხვერპლი მათ”.

რიცხვები აჩვენებს, რომ ყველაზე ხშირად ფემიციდის მოტივი “შურისძიება” ან “ეჭვიანობაა”.

“გაანალიზებული სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დანაშაულის ჩადენის ადგილი უფრო ხშირად არის სახლი, რაც, ბუნებრივია, თუ გავითვალისწინებთ ფემიციდის, როგორც გენდერული დანაშაულის ხასიათს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ფემიციდის და ფემიციდის მცდელობის ბევრი საქმე იყო დაკავშირებული ქალის მიერ „საოჯახო როლის“ შესრულებასთან თუ ვერშესრულებათან, რაც უშუალოდ წინ უძღოდა დანაშაულს”, – ვკითხულობთ სახალხო დამცველის ანგარიშში.

როგორც ფემიციდის, ისე მისი მცდელობის იარაღი, უმთავრესად, იყო დანა, დანაშაულის ჩამდენთა უმეტესობა დანაშაულის ჩადენისას იყო ფხიზელი. ასევე, დამნაშავეთა დიდი ნაწილი საშუალო განათლების მქონეა და დანაშაულის ჩადენის მომენტში – უმუშევარი.

“რაც შეეხება სასჯელებს, ყველაზე მკაცრი სასჯელი, უვადო თავისუფლების აღკვეთა, გამოყენებულ იქნა 2018 წელს ჩადენილ სამი ქალის გენდერული მკვლე­ლობის საქმეზე. ფემიციდისათვის ყველაზე მსუბუქი სასჯელი (2 წლით თავისუფლების აღკვეთა) გამოიყენა 2017 წელს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ.

ფემიციდის მცდელობისათვის გამოყენებული ყველაზე დიდი სასჯელი 18 წლით თავისუფლების აღკვეთაა.  ფემიციდის მცდელობისთვის ყველაზე მსუბუქი სასჯელი, 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა 2017 წელს”.

დანაშაულის ჩადენისას გენდერული მოტივი, ანგარიშის თანახმად, არაერთ შემთხვევაში, თავად ბრალდებულების ჩვენებებში იკვეთება. ზოგიერთი მათგანი დანაშაულს იმით ხსნის, რომ ქალმა უარი უთხრა ცოლად გაყოლაზე ანდა ყოფილმა ცოლმა უარი უთხრა შერიგებაზე.

“მკვლელობა კი იკვეთება როგორც ერთგვარი სასჯელი კაცის მხრიდან, ქალის ამგვარი თავისუფალი არჩევანის გამო. ასევე გვხვდება საქმეები, სადაც ყოფილმა ქმრებმა ცოლები სხვა კაცთან ურთიერთობის გამო „დასაჯეს“ , – წერია ანგარიშში.

ავტორები ასევე წერენ, რომ 2015 და 2018 წლებში მომხდარი ზოგიერთი მკვლელობა კაცის მიერ ქალის სხეულით სექსუალური დაკმაყოფილების მიზნით მოხდა. ყოფილა შემთხვევებიც, როცა კაცები მსხვერპლად ირჩევენ შურისგების ობიექტი ქალის ოჯახის წევრებს, ქალებსა და გოგონებს. ზოგიერთი შემთხვევა ეკონომიკურ მიზეზებთანაც ყოფილა დაკავშირებული.

“მკვლელობის მცდელობის მიზეზები ასევე ხდება ქალის მიერ გენდერული როლის და შესაბამისი საქმიანობის არაჯეროვანი შესრულება: მაგალითად, ერთ საქმეში ქმარმა ცოლის მოკვლა სცადა პურის დაწვის გამო.

ასევე აღსანიშნავია შემთხვევა, როცა ქალის მკვლელობის მცდელობის მიზეზი გახდა ქმრის, როგორც „ოჯახის უფროსის“, მითითებების დაუმორჩილებლობა საოჯახო საკითხებთან დაკავშირებით: კერძოდ, ქმარმა ცოლის ბენზინით დაწვა სცადა იმის გამო, რომ ცოლი არ დაემორჩილა ქმრის მითითებას და შემდგომი რეალიზაციის მიზნით, სახლში მეორადი ტანსაცმელი მიიტანა”, – წერენ ავტორები.

სახალხო დამცველის თქმით, ფემიციდის კუთხით მართლმსაჯულების აღსრულება ქვეყანაში ისევ პრობლემად რჩება. ომბუდსმენი დადებითაც აფასებს ფაქტს, რომ სასამართლოში ფემიციდის საქმეების განხილვისას მეტად იყენებენ საერთაშორისო პრაქტიკას, გამოძიების ეტაპზე კი სწავლობენ ძალადობის წინაისტორიას, რომელიც ფემიციდით ან მისი მცდელობით დასრულდა.

თუმცა კვლავ პრობლემურია ეჭვიანობისა და ღალატის გამო შურისძიებით მოტივირებული ფემიციდის და ფემიციდის მცდელობის დაუკვალიფიცირებლობა „გენდერის ნიშნით“, რასაც სსკ არეგულირებს; ასევე, ამ ნიშნით მოტივირებული დანაშაულის არსებობის შემთხვევაში, მსჯავრდებულისათვის პასუხისმგებლობის დაუმძიმებლობა.

“პრობლემად რჩება ფემიციდის პრევენცია, 2018 წელს კვლავ გამოვლინდა შემთხვევები, სადაც მსხვერპლს დანაშაულის ფაქტამდე ჰქონდა მიმართული პოლიციისთვის, თუმცა დანაშაულის თავიდან არიდება ვერ მოხერხდა”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

სახალხო დამცველის თქმით, ისევ არ არსებობს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე სტატისტიკის შეგროვების და დამუშავების ერთიანი მეთოდოლოგიური სტანდარტი.

რეკომენდაციები

ვითარების გასაჯანსაღებლად სახალხო დამცველი სახელმწიფო ინსტიტუციებს მიმართავს რიგი რეკომენდაციებით. მათ შორის:

საქართველოს მთავრობას

  • ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის 30-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, შემუშავდეს დროული, ადეკვატური და ეფექტიანი კომპენსაციის გაცემის წესი;
  • შემუშავდეს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის ადმინისტრაციული მონაცემების/ სტატისტიკის შეგროვებისა და ანალიზის ერთიანი მეთოდოლოგია და სახელმწიფო უწყებებმა უზრუნველყონ მისი ეფექტიანი აღსრულება.

გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიას:

  • შეიქმნას სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც კრიტიკულად გააანალიზებს პრევენციის არსებულ სისტემას ქალთა გენდერულად მოტივირებული მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის საქმეებთან დაკავშირებით და საკვანძო უწყებების, მათ შორის, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების მონაწილეობით, იმუშავებს კონკრეტულად ფემიციდის პრევენციის სისტემის შექმნასა და დახვეწაზე.

იუსტიციის უმაღლეს სკოლას

  • სისხლის სამართლის სპეციალიზაციის მოსამართლეები გადამზადდნენ გენდერის ნიშნით ჩადენილი დანაშაულების იდენტიფიცირების საკითხზე, სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის პირველი ნაწილით და 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებებთან დაკავშირებით.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს

  • დასაშვებად ცნოს და განიხილოს ისეთი საკასაციო საჩივრები, რომლებიც დაკავშირებულია სისხლის სამართლის კოდექსის 531 -ე მუხლის პირველი ნაწილით და 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „გენდერის ნიშნით“’ ჩადენილი დანაშაულების განმარტებასთან, რათა ხელი შეუწყოს ამგვარი დანაშაულების ერთგვაროვანი განმარტების პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
  • შეიმუშაოს ფემიციდის და ფემიციდის მცდელობის საქმეთა იდენტიფიცირების მეთოდი და აწარმოოს ზუსტი სტატისტიკა.

საერთო სასამართლოებს

  • მოსამართლემ განაჩენში დეტალურად დაასაბუთოს, თუ რაში გამოიხატება დანაშაულში გენდერული მოტივის არსებობა და დანაშაულის გენდერული ნიშნით ჩადენა; ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მეორე პუნქტის ციტირების შემთხვევაში, კონკრეტულად დასაბუთდეს, რატომ არის ამ ნორმის გამოყენება რელევანტური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით;
  • მოსამართლემ იზრუნოს, რომ ფემიციდის საქმეებზე არ მოხდეს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება და საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, ბრალდებულს არ დაუნიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის მინიმუმზე დაბალი სასჯელი, როდესაც ქმედებაში აშკარად იკვეთება გენდერული ნიშანი;
  • სახელმძღვანელოდ იქნეს მიჩნეული სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის ახალი რედაქცია და სტამბოლის კონვენციის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც ოჯახში ჩადენილი დანაშაული დამამძიმებელი (და არა შემამსუბუქებელი) გარემოებაა.

საქართველოს გენერალურ პროკურატურას

  • დანაშაულის ჩადენის იარაღის დასადგენად მიიღოს ყველა ზომა, მათ შორის, დროული და კვალიფიციური სამედიცინო, ასევე, სამედიცინო-საექსპერტო მომსახურების უზრუნველყოფის ჩათვლით. როდესაც ესქპერტიზის დასკვნის მოპოვება ვერ ხერხდება, დანაშაულის იარაღის შესახებ ინფორმაცია მოიპოვოს სხვა წყაროდან;
  • ქალის გენდერულად მოტივირებული მკვლელობის ან მკვლელობის მცდელობის საქმეების შესწავლისას იმ საქმეებში, სადაც დანაშაულის ჩადენამდე ქალის მიერ ძალადობასთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვები იკვეთება, სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა გამოიკვლიონ შესაძლო სამსახურებრივი გულგრილობის გარემოებები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს

  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში გაგრძელდეს თანამშრომლების გადამზადება ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით. ამასთან, შემუშავდეს ტრენინგის შემდგომი შეფასების დოკუმენტი, რაც შესაძლებელს გახდის გადამზადებულ თანამშრომელთა მიერ მიღწეული პროგრესის გაზომვას;
  • ძალადობის მსხვერპლთა ეფექტიანად დასაცავად/დასახმარებლად განისაზღვროს გამომძიებელთა სპეციალიზაციის წესი ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საქმეებზე;
  • გაუმჯობესდეს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის სტატისტიკური მონაცემების ანალიზი, კერძოდ, გაანალიზდეს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია ინტიმურ პარტნიორთა შორის, მათ შორის, ერთი და იმავე სქესის პარტნიორებს შორის, ძალადობის სპეციფიკური მახასიათებლების შესასწავლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი