ახალი ამბები

გერმანიის ელჩის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებს – საგარეო

30 ივნისი, 2020 • 1033
გერმანიის ელჩის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებს – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ ელჩის წინააღმდეგ წარმოებული “ცილისმწამებლური კამპანია” ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას ემსახურება.

ამასთან, ქვეყნის საგარეო უწყებაში, აცხადებენ, რომ გერმანიის  ელჩის მიმართ გაკეთებულ საჯარო კომენტარებს გმობენ. საგარეო უწყების საკმაოდ ვრცელ განცხადებაში ასევე საუბარია გერმანიის როლსა და დახმარებაზე საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებში.

“ვეხმიანებით რა საქართველოში ევროკავშირის მისიის მიერ გავრცელებულ ევროკავშირის განცხადებას, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს ღრმა პატივიცემას ჩვენს ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო მისიების წარმომადგენელთა მიმართ.

ელჩების საქმიანობა სწორედ იმ დიდი მეგობრობის და პარტნიორობის ანარეკლია, რაც საქარათველოს მრავალი წლის განმალობაში ჩამოუყალიბდა საერთაშორისო თანამეგობრობასთან. მათ შორის გახლავთ გერმანია, რომელთანაც გვაკავშირებს მაღალი დონის პარტნიორობა, რაც ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით განმტკიცდა. გერმანიამ დიდი როლი შეასრულა საქართველოს როგორც დემოკრატიული, ასევე ეკონომიკური განვითარების პროცესში. ყველას კარგად გვახსოვს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველ წლებში გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ეს მხარდაჭერა დღესაც გრძელდება და ყოველწლიურად მყარდება ჩვენი ქვეყნის ისეთ ფუნდამენტურ საკითხებში, როგორიც არის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ასევე, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია.

შესაბამისად, საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გმობს საქართველოს მეგობარი ქვეყნის – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მიმართ გაკეთებულ საჯარო კომენტარებს.

ბატონი ჰუბერტ ქნირში საკუთარი ქვეყნის ღირსეული წარმომადგენელია და მაღალპროფესიულად ემსახურება საქართველოსა და გერმანიას შორის პარტნიორობის გაღრმავებას და ჩვენი ქვეყნის დასავლეთთან დაახლოების პროცესს

მიგვაჩნია, რომ ელჩის წინააღმდეგ მსგავსი შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური კამპანია ემსახურება სწორედ ჩვენს ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას.

უწყებისთვის მიუღებელია მსგავსი სახის უპასუხისმგებლო ქმედებები, რასაც, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში პოლიტიკოსების, მედიის თუ საზოგადოების ცალკეული წარმომადგებლების მხრიდან ადგილი აქვს დიპლომატიური კორპუსის მისამართით”, – წერია განცხადებაში.

გუშინ, 29 ივნისს, საქართველოში ევროკავშირის მისიამ განცხადება გაავრცელა, სადაც “შეტევად” აფასებს საქართველოში გერმანიის ელჩის მიმართ გახმიანებულ ზოგიერთ განცხადებას და ყველა მხარეს მოუწოდებს, ადამიანის ღირსება დაიცვას.

“ვგმობთ შეტევებს გარკვეული პოლიტიკური აქტორების და მედიასაშუალებების მხრიდან ჩვენი კოლეგის, ჰებერტ ქნირშის მიმართ. ყველა იმ მოთამაშემ, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას, თავი უნდა შეიკავოს უპატივცემულო ხასიათის ბრალდებებისაგან და დაიცვან ყველა იმ ადამიანის ღირსება, რომლებიც აქტიურნი არიან საზოგადოებრივ ცხოვრებაში”, – აღნიშნულია განცხადებაში.

“ვგმობთ შეტევებს გერმანიის ელჩის მიმართ” – EU-ს დელეგაცია საქართველოში

მასალების გადაბეჭდვის წესი