ახალი ამბები

ემიგრანტები, რომლებიც ფრენების აკრძალვის გამო საქართველოში ვერ ბრუნდებიან

30 ივნისი, 2020 • 1540
ემიგრანტები, რომლებიც ფრენების აკრძალვის გამო საქართველოში ვერ ბრუნდებიან

მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ თავდაპირველი გეგმები შეცვალა და რეგულარული ფრენების აღდგენის თარიღი კიდევ 1 თვით გადაავადა, საზღვარგარეთ მყოფი არაერთი ემიგრანტი ამბობს, რომ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

სამშობლოში დასაბრუნებელი ბილეთები მათ ივლისის პირველი კვირისთვის შეიძინეს. ახლა კი, როცა ზოგიერთი მათგანი სასწრაფოდ საჭიროებს საქართველოში დაბრუნებას, ჩარტერული რეისების უფრო ძვირადღირებული ბილეთების ფული კი არ აქვს, სახელმწიფოსაგან ითხოვს დახმარებას, რომელიც აცხადებს, რომ პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის პირობებში სხვადასხვა ქვეყნიდან 12 ათასი საქართველოს მოქალაქის დაბრუნებას შეუწყო ხელი.

ლიკა აბესაძე საბერძნეთში სამუშაოდ 1 წლის განმავლობაში იმყოფებოდა, პანდემიის შემდეგ კი საქართველოში დაბრუნება სურდა. მას შემდეგ, რაც პირველ ივლისს ფრენების ნაწილობრივი აღდგენის შესახებ შეიტყო, შეიძინა ბილეთი და დატოვა სამსახური. ახლა, როცა შემოსავლის წყარო აღარ აქვს, არ იცის, რით ირჩინოს თავი.

“სამუშაოც აღარ მაქვს, სრულიად მარტო დავრჩი. სულ მალე ქუჩაში აღმოვჩნდები”, – ეუბნება ის “ნეტგაზეთს”.

ლიკას და სხვა ემიგრანტებს აქვთ არჩევანი: ქართული ავიაკომპანია “აირზენას” ჩარტერული რეისი, რომელიც ევროპის სხვა ქალაქებიდან (ვენა და ამსტერდამი) სრულდება. თუმცა მასაც და სხვებსაც მაღალი ფასების გამო ბილეთების შეძენა არ შეუძლიათ.

“ჩარტერული რეისით  ვერ წამოვალ, 650 ევრო როგორ მოვიტანო?  იცით, როგორ უჭირს აქ ხალხს?

რამდენიმე ქალი ვცხოვრობთ ბინაში. ქირას სულ მალე ვეღარ გადავიხდი და მეც გარეთ გამაგდებენ. ძალიან ვნერვიულობ”, – ამბობს ის.

მირანდა დოღონაძეც ათენში იმყოფება, სამ შვილთან და მეუღლესთან ერთად. რამდენიმე თვის წინ სამუშაოდ წავიდა და პანდემიაც მალევე დაიწყო.

“ფული მჭირდებოდა, მამას სიმსივნე აქვს და ფული უნდა გავუგზავნო ყოველთვე, რომ ქიმია გაიკეთოს. ვერ შეველიე შვილებს დასატოვებლად, ქმარს ვერ დავუტოვებდი სამ ბავშვს… ვიფიქრე, თან ვიმუშავებ, თან ჩემი შვილების გვერდით ვიქნებით-მეთქი.

5 თვეა აქ ვარ. ახალი წამოსული ვიყავი, როცა პანდემია დაიწყო. 5 ადამიანი ვართ, მყავს პატარები – 9 წლის და 2-2 წლის ტყუპები. სამსახურიც არ არის. ჰა-ჰა, 500 ევრო მოგცენ, მაგრამ ეგეც არ არის ზოგჯერ”.

ხელფასი, რომელსაც არასტაბილური სამუშაოთი გამოიმუშავებს, ბინის ქირასა და კომუნალურ გადასახადებს ხმარდება. ამბობს, რომ ორი თვეა, მამასაც ვეღარ უგზავნის ფულს სამკურნალოდ. ავიაბილეთებში გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას მასაც დაჰპირდნენ და სხვებსაც, თუმცა პრობლემა ცხოვრების გაგრძელებაა, ბუნდოვანი პროგნოზებისა და მწირი ან არარსებული შემოსავლის პირობებში.

“ჩარტერულ რეისებზე ბილეთი სასწაული თანხა ღირს, დაახლოებთ, 600 ევრო. როგორ გადავიხადო ეს თანხა თითოეულზე? გადარეკეს, ვისაც სასწრაფოდ სჭირდებოდა გადმოფრენა, 5 ივლისის, 12 ივლისის და სხვა რიცხვების ბილეთები გაყიდულია ყველა. არის დარჩენილი თვის ბოლოსთვის ბიზნესკლასი და ის, ალბათ, 1 000 ევროზე მეტი ეღირება. 200 ევროს ვერ ვაგროვებ ახლა და მაგას როგორ შევძლებ?” ,- ეუბნება მირანდა დოღონაძე “ნეტგაზეთს”.

“ახლა იმას ვფიქრობ, რომ იქნებ სამსახური ვიშოვო და ბინის ქირა გადავიხადო. 15-ში ბინა უნდა დავცალო, თუ არ გადავიხდი”, – ამატებს ის.

საბერძნეთში მყოფი საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დალი ამირიძე ქვეყნის დატოვებას ჯერ არ გეგმავს, თუმცა საქართველოში სასწრაფოდ დაბრუნებას მისი მეუღლე საჭიროებს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

“ჩემი მეუღლე ძალიან ცუდად არის, გულით ავადმყოფია, შშმ პირია. მეშინია, არაფერი დაემართოს. ბერძენი ექიმი იყო, მითხრა, ძარღვები აქვს დალუქული და სასწრაფოდ უნდა წავიდეს საქართველოშიო”, – ჰყვება ის.

ემიგრანტის მეუღლის მდგომარეობას ართულებს ნერვული აშლილობაც, რომელიც პანდემიის თანმდევი შეზღუდვებიდან გამომდინარე, ჩაკეტილობისგან გართულდა. ის ამ დრომდე ფაქტობრივ იზოლაციაში რჩება, საქართველოში დაბრუნების კონკრეტული ვადების შესახებ ინფორმაციის გარეშე.

საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე – ლალი გერაძე – საბერძნეთში 3 თვით გეგმავდა დარჩენას, თუმცა ახლა მისი იქ ყოფნის მეექვსე თვე სრულდება. მისი ვიზიტის მიზანი საახალწლოდ მეგობართან სტუმრობა და მცირეხნიანი მუშაობა იყო მანამ, სანამ შვილიშვილი შეეძინებოდა.

მას უკვე მესამე ბილეთი გაუუქმდა: პირველი შეძენილი ჰქონდა პანდემიის დაწყებამდე, მეორე – ივნისის თვისთვის, იმის იმედით, რომ ფრენები აღდგებოდა, მესამე ბილეთი კი ივლისის შუა რიცხვებისთვის იყიდა, მას შემდეგ, რაც მთავრობის თავდაპირველი განცხადებები მოისმინა.

“ვიცი, რომ არაფერი გამოვა, მაგრამ ჩვენ ხომ ჩვენი უნდა ვცადოთ? ვიცი, რომ გარკვევით თქვა გახარიამ, როცა საჭიროდ ჩაითვლება, მაშინ გაიხსნება ფრენებიო. მაგრამ მხოლოდ იმას ვითხოვთ, დაინიშნოს ჩარტერული რეისები”, – ამბობს ის და სხვების მსგავსად, ევროპის სხვა ქალაქებიდან დანიშნული რეისების სიძვირეზე მიუთითებს:

“ამსტერდამში რომ დანიშნეს რეისები, ვის აქვს იმის საშუალება, რომ იქ გადაფრინდეს, შემდეგ იქიდან კიდევ -საქართველოში… ეკონომკლასის ბილეთებიც აღარ არის, მხოლოდ ბიზნესკლასი [დარჩა]. მასე აწყობილები რომ ვიყოთ და ამდენი ფული გვქონდეს, საზღვარგარეთ ვინ წავიდოდა?”

ლალი გერაძის მსგავსად, სახელმწიფოს დახმარებას სხვებიც სთხოვენ. სურთ, სახელმწიფომ ემიგრანტებს საშუალება მისცეს, სამშობლოში სპეციალური ან ჩარტერული რეისით დაბრუნდნენ ხელმისაწვდომ ფასად.

აღნიშნულთან დაკავშირებით “ნეტგაზეთი” საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხს მეორე დღეა ელის.

მთავრობის თავდაპირველი გეგმით, ფრენების ეტაპობრივი აღდგენა პირველი ივლისიდან უნდა დაწყებულიყო. აღნიშნულ პუნქტს “ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის” მესამე ეტაპი მოიცავდა. პირველი, მოსამზადებელი ეტაპი კი გულისხმობდა ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებებში საქართველოს ინტეგრირებას, უსაფრთხო დერეფნების შექმნას და ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებებს ოპერირების განახლების თაობაზე.

სახელმწიფოს შეცვლილი გეგმების შესახებ ცნობილი გახდა 25 ივნისს, როდესაც ეკონომიკის მინისტრმა რეგულარული რეისების განახლების კიდევ 1 თვით გადაწევის შესახებ განაცხადა. ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ პრიორიტეტი მოსახლეობის ჯანმრთელობა და ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების ეფექტიანი მართვაა.

მისი თქმით, ტურიზმთან დაკავშირებით სახელმწიფო ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელის და სხვა ქვეყნების ეპიდემიოლოგიურ ვითარებას აკვირდება, რეგულარული ფრენების აღდგენამდე კი ჩარტერული რეისები ინტენსიურად ხორციელდება.

ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში ტელეკომპანია “ევრონიუსმა” გაავრცელა იმ ქვეყნების სია, რომლებსაც ევროკავშირი შეზღუდვების გაუქმების შემდეგ პირველი ივლისიდან საზღვრებს გაუხსნის. საქართველო ამ ქვეყნებს შორისაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი