ახალი ამბები

20 ივნისს თქვენი, დეპუტატების დასაცავად მოვედი – გახარია ოპოზიციას

26 ივნისი, 2020 • 2209
20 ივნისს თქვენი, დეპუტატების დასაცავად მოვედი – გახარია ოპოზიციას

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე დეპუტატების კითხვებზე პასუხისას ოპოზიციის წარმომადგენლებს “კურდღლები” უწოდა და გასული წლის 20 ივნისის ღამის მოვლენები გაიხსენა:

“მე ხომ ამ შენობაში [პარლამენტში] ვიყავი, ქალბატონი [სალომე] სამადაშვილი შემხვდა, მემუქრებოდა – ახლა გაიქეცი აქედან, თორემ ის ხალხი, გარეთ რომ არის, შემოვარდება და გაგაგდებენ აქედანო. სიტყვა-სიტყვით… ამის ჩანაწერები არსებობს. მე კი არ ვიგონებ ამას. გარდა ამისა, სიმართლე ხომ ერთია, არა? ყური შეიძლება ყველა მხრიდან მოაბა, მაგრამ…

თქვენც ხო ჩემზე უკეთესად იცით, რომ სამართლიანი აქცია, რომელიც მოქალაქეებმა დაიწყეს გავრილოვის ამ სავარძელში ჯდომის დროს, სადღაც 21:00 საათზე, თქვენი ფრთა პარლამენტში საერთოდ უცხო ადამიანებით იყო სავსე. ერთმანეთს რატომ არ უსვამთ კითხვას, ეს ხალხი როგორ შემოვიდა აქ. რა უნდოდა ამ ხალხს, მიზანი რა ჰქონდა, რატომ მემუქრებოდა ქალბატონი სამადაშვილი, რას მერჩოდა. მე, შინაგან საქმეთა მინისტრი მაშინ მოვედი აქ იმისთვის, რომ თქვენ, დეპუტატები დამეცავით, გარედან ხალხი რომ არ შემოვარდნილიყო, რომლებიც თავს ესხმოდნენ უკვე პოლიციას. პოლიციელებს ბრბოში იტაცებდნენ და ურტყამდნენ”, – მიმართა ოპოზიციას გახარიამ.

https://www.facebook.com/netgazeti/videos/632667007328974/

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის არაერთმა წარმომადგენელმა შენიშნა, რომ გახარიამ თავის ძირითად გამოსვლაში 20 ივნისი არ ახსენა. მათ ეს გააპროტესტეს და არაერთი კითხვა დაისვა 20 ივნისთან დაკავშირებით.

მან ასევე განაცხადა, რომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებზე საბოლოო შეფასებას საზოგადოება გააკეთებს:

“ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, თუმცა საწყენია და არ არის, ალბათ, სწორი, როდესაც ამ თემის სპეკულირება ხდება. სხვადასხვა რანგში მიპასუხია ამ თემაზე ამ ტრიბუნიდან, სხვადასხვა თანამდებობაზე. კიდევ ერთხელ გიპასუხებთ. რა შეფასებებიც არ უნდა არსებობდეს, სუბიექტური, ობიექტური, მიკერძოებული თუ ა.შ – 20 ივნისის საბოლოო შეფასება იქნება ჩვენი საზოგადოების. ამ ყველაფერს, საბოლოო ჯამში, შეაფასებენ როგორც სამართალდამცავი სისტემის მიერ პარლამეტნის შტურმის აღკვეთას. ამას შეიძლება სჭირდება დრო, მაგრამ ეს შეფასება დღესაც ასეა, თქვენ არ ნებდებით უბრალოდ, რაღაც თქვენი წარმოდგენები გაქვთ, მაგრამ საბოლოოდ ასე იქნება”, – განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, სერგეი გავრილოვის პარლამენტში და პარლანეტის თავმჯდომარის სავარძელში დაჯდომა იყო მიუღებელი და გარკვეულწილად დანაშაულიც, თუმცა ამაზე პოლიტიკოსებმა პოლიტიკური ფასი გადაიხადეს და თუ რამე დარჩა კიდევ გადასახდელი, არჩევნებზე მოსთხოვენ მოქალაქეები.

გახარიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსების ნაწილი შეიძლება ორგანიზებას არ უწევდა პარლამენტის შტურმით აღებას, ისინი გვერდით იდგნენ და უყურებდნენ ამ პროცესებს ისე, რომ არ მიუთითებდნენ დანაშაულზე.

მისი თქმით სამწუხაროა რომ 20 ივნისის ღამეს ადამიანები დაშავდნენ, თუმცა ოპოზიცია მასზე მეტად არ წუხს, რადგან ისინი “ამ ადამიანების ტრაგედიას პოლიტიკურად იყენებენ”.

“რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ ადამიანები დაშავდნენ, უკიდურესად სამწუხაროა და არავინ ისე ამაზე არ წუხს… რომ გგონიათ, რომ ამაზე თქვენ უფრო მეტად წუხხართ, თქვენ რატომ არ წუხხართ, იცით, იმიტომ, რომ თქვენ იმდენად ამორალურად იქცევით, რომ ამ ადამიანების ტრაგედიას პოლიტიკურად იყენებთ და მე არ ვიყენებ. მე მაკო გომურის სახელს, აი, ასე თქვენ რომ აქ დღეში ასჯერ ასახელებთ, მე არ ვიყენებ და ეს არის ჩვენს შორის განსხვავება. ეს არის მორალური სხვაობა თქვენს და ჩემს შორის”, – განაცხადა გახაიამ.

გიორგი გახარიას დამაზუსტებელი შეკითხვების დროს უპასუხა ოთო კახიძემ ევროპული საქართველოდან. მისი თქმით, გახარიას მაკო გომურის სახელს ვერ ახსენებს, რადგან ამ დრომდე არ გამოუძიებიათ, ვინ ამოთხარა მას თვალი, 5 თვის შემდეგ მისცეს დაზარალებულის სტატუსი და ამ დრომდე ბოლომდე არ აჩვენებენ საქმის მასალებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი