ახალი ამბები

“შემაშფოთებელია სუს-ის მიერ “მთავარ არხზე” გასული სიუჟეტის “საბოტაჟად” შეფასება – მედიაკოალიცია

26 ივნისი, 2020 • 863
“შემაშფოთებელია სუს-ის მიერ “მთავარ არხზე” გასული სიუჟეტის “საბოტაჟად” შეფასება – მედიაკოალიცია

„კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ ე.წ. საბოტაჟის საქმეს ეხმაურება და ამბობს, რომ „მთავარის“ სიუჟეტის გამო სისხლის სამართლის გამოძიების დაწყება მედიის თავისუფლებაში ჩარევაა.

„პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ ტელეკომპანია “მთვარის” მიერ მომზადებული სიუჟეტის გამო სისხლის სამართლის გამოძიების დაწყება წარმოადგენს უმწვავეს, არათანაზომიერ რეაგირებას და მედიის თავისუფლებაში ჩარევის ძალზედ სახიფათო პრეცედენტს.

დემოკრატიულ საზოგადოებაში, გამოხატვის თავისუფლების პრინციპებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს ჩარევისგან დაცულია ნებისმიერი მედიასაშუალება, მიუხედავად იმისა, მიიჩნევა თუ არა ის ინფორმაციის ობიექტურ გამავრცელებლად“ ,- ნათქვამია გაცნხადებაში.

კოალიცია წერს, რომ დაუშვებელია სსკ დევნის დაწყება იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიუჟეტში წარმოდგენილი ფაქტები სიცრუეა.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერ ხელისუფლებას მიეცემა გავრცელებული ინფორმაციის სუბიექტური შეფასების საფუძველზე თავისუფალი მედიის კონტროლის მექანიზმი. ხელისუფლებას, ბუნებრივია, გააჩნია საკუთარი სიმართლის დამტკიცებისა და გავრცელების უფრო დიდი რესურსი და მეტი პლატფორმა. შესაბამისად, ხელისუფლების რეგირება მის მიმართ წაყენებულ ბრალდებაზე, თუნდაც ის იყოს უსაფუძვლო, უნდა მოექცეს ზემოთაღნიშნული ზომების ფარგლებში.

იმ პირობებში, როდესაც აშკარაა კონკრეტულად ტელეკომპანია “მთავარის” მიმართ ხელისუფლების უარყოფითი განწყობა (მაგალითად, სახელმწიფო თანამდებობის პირები საჯაროდ უცხადებდნენ ბოიკოტს არხს) და როდესაც საქართველო არაერთხელ მოხვდა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში დეზინფორმაციისა და ყალბი ანგარიშებით ანტიდასავლური პროპაგანდის ფაქტების სიმრავლის გამო, განსაკუთრებით შემაშფოთებელია სუს-ის მიერ “მთავარ არხზე” გასული სიუჟეტის “საბოტაჟად” შეფასება. აღნიშნული ქმედება რეპრესიული მექანიზმის შერჩევითად გამოყენების შთაბეჭდილებას ქმნის.

ვფიქრობთ, რომ სატელევიზიო სიუჟეტის გამო საბოტაჟის მუხლით სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას შეიძლება ჰქონდეს შეუქცევადი მსუსხავი ეფექტი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ყველა მედიასაშუალებებისთვის და დააზარალოს მოქალაქეთა მიერ ხელისუფლების კონტროლის იდეა“, – ამბობს კოალიცია.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ , 25 ივნისს თქვა, რომ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე „მთავარი“ არხის ერთ-ერთი სიუჟეტის რესპონდენტები გამოიკითხნენ. 

“მთავარმა არხმა” რამდენიმე დღის წინ მოამზადა სიუჟეტი, სადაც რესპონდენტები ამბობდნენ, რომ მათი ოჯახის წევრები დაიღუპნენ სხვა დაავადებით, თუმცა მათ შესთავაზეს, რომ თუ გარდაცვალების მიზეზად COVID-19-ის ჩაწერას დათანხმდებოდნენ, სანაცვლოდ გარკვეულ თანხას მიიღებდნენ. სუს-ში გამოკითხვაზე სწორედ ის რესპონდენტები დაიბარეს, რომლებმაც აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდეს მთავარ არხს.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, აღნიშნული პირები გამოკთხვაზე დაიბარეს 2020 წლის მარტში საბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში. 16 მარტს პირთა ჯგუფმა ,“მთავრობის” და “ჯანდაცვის” სახელით, საქართველოს რიგ მოქალაქეებს გაუგზავნა ცრუ შეტყობინებები ვირუსის გავრცელების მასშტაბების, ნეგატიური შედეგების და ხელისუფლების მიერ მიღებული ვითომდა გადაჭარბებული ზომების შესახებ. გამოძიება მაშინ დაიწყო საბოტაჟის მუხლით (საქართველოს სსკ-ის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით). დანაშაული 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კითხვაზე, ამ ორ ამბავს რა კავშირი აქვს ერთმანეთთან, სუს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება “მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას “იგივე ჭრილში განიხილავს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი