ნეტგაზეთი | პრეზიდენტმა ანა დოლიძის შემცვლელზე კონკურსი გამოაცხადა პრეზიდენტმა ანა დოლიძის შემცვლელზე კონკურსი გამოაცხადა – Netgazeti

პრეზიდენტმა ანა დოლიძის შემცვლელზე კონკურსი გამოაცხადა

პრეზიდენტმა იუსტციის უმაღლეს საბჭოში ანა დოლიძის შემცვლელზე კონკურსი გამოაცხადა. შესაბამისი განცხადება სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 25 ივნისს, გაავრცელა, სადაც წერია, რომ პრეზიდენტმა მიიღო დოლიძის განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობის დატოვების შესახებ. რაც საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის 11 1 პუნქტის შესაბამისად, ცხადდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსი, რომლის პირობებიც განსაზღვრულია საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 25 ივნისის N:25/06/01 განკარგულებით“,-წერია განცხადებაში.

22 ივნისს ანა დოლიძემ განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ტოვებს და შესაბამისი განცხადებით პრეზიდენტს მიმართავდა. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 19 ივნისს განცხადება გაავრცელა, სადაც დოლიძეს  “დროული” და “ღირსეული” გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა. პრეზიდენტი განმარტავს, რომ მიუხედავად ორგანულ კანონში არსებული ჩანაწერისა, კონსტიტუცია პრეზიდენტს მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დანიშვნის უფლებას აძლევს.

ანა დოლიძეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დატოვებისკენ თავდაპირველად საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა მოუწოდა. მისი შეფასებით, ანა დოლიძე, რეალურად, პოლიტიკურ საქმიანობაშია ჩართული, რაც წინააღმდეგობაში მოდის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობასთან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.