ახალი ამბები

საქმეში არ დევს ნეიტრალური, ობიექტური მტკიცებულებები – ლომჯარია რურუაზე

25 ივნისი, 2020 • 1429
საქმეში არ დევს ნეიტრალური, ობიექტური მტკიცებულებები – ლომჯარია რურუაზე

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ გიორგი რურუას საქმეში არ არსებობს ნეიტრალური და ობიექტური მტკიცებულებები.

დღეს, 25 ივნისს, ნინო ლომჯარიას პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე უსმენდნენ. ამ სხდომაზე სალომე სამადაშვილმა და მერაბ ქვარაიამ რურუას საქმის შესახებ კითხვები დაუსვეს. კერძოდ, სამადაშვილმა მას ჰკითხა, როგორ ხედავდა საქმის მომავალს, ხოლო ქვარაიამ – თუ მიიჩნევდა რურუას პოლიტპატიმრად.

„რაც შეეხება გიორგი რურუას საქმეს, მიმდინარე გამოძიების მასალებს ჩვენ ვიცნობთ, რაც ადვოკატმა გაგვაცნო. ამ ეტაპზე, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ალბათ, ჩემთვის, როგორც უფლებადამცველისთვის, კითხვის ნიშნებს წარმოშობს ის, რომ საქმის მასალებში არ დევს ობიექტური, ნეიტრალური მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა ამ პირის მიერ [უკანონი] იარაღის ფლობას“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მან განმარტა, რომ საქმეში მოწმეები არიან მხოლოდ პოლიციელები, რომლებიც ამბობენ, რომ იარაღი რურუას მანქანაში უპოვეს. პარალელურად, რურუას მხარე ამ ფაქტს უარყოფს.

„მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ვიდეოჩანაწერები ან დამოუკიდებელი ან ობიექტური მოწმის ჩვენებები, რომელიც ან შეესწრო, ან დაასწრეს ჩხრეკას და დაადასტურებდა, რომ იარაღი ნამდვილად იპოვეს.

ეს არის შეფასებითი კატეგორია – აღნიშული გადაწყვეტილება. რამდენად დამაჯერებელია ეს მტკიცებულებები, ამაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ. ამ შეფასებაში სახალხო დამცველი ვერ შევა, ეს არის სასამართლოს პრეროგატივა. თუმცა მაინც მიმაჩნია, რომ ეს არის ამ საქმის სუსტი მხარე.. რომ ყოფილიყო ობიექტური მტკიცებულებები, მათ შორის, ვიდეოჩანაწერები… “ ,- განმარტა სახალხო დამცველმა.

მისივე თქმით, ეს საქმე კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოში პოლიციელების მიერ სამხრე ვიდეოკამერების გამოყენების აუცილებლობაა საჭირო. ეს კი ხშირად არ ხდება.

„ასევე, ჩვენ ამ საქმეში დავადგინეთ დარღვევა იმ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, როდესაც ბიოლოგიური მასალა აიღეს გიორგი რურუას საკანში.  მაშინ მის ადვოკატს არ მისცეს პროცესზე დასწრების შესაძლებლობა და მისი საპროცესო უფლებები დარღვეული იყო“ ,- განაცხადა ლომჯარიამ და დაამატა, რომ სახალხო დამცველის აპარატი საქმის მასალის შესწავლას აგრძელებს.


რურუა ერთ-ერთია იმ პირთა შორის, რომელთა გათავისუფლებას ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმების ფარგლებში ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საარჩევნო სისტემის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებს.

მას შემდეგ, რაც გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტმა შეიწყალა და მათ საპატიმრო დატოვეს, ოპოზიციაში აცხადებდნენ, რომ შეთანხმების შესრულებამდე გიორგი რურუას გათავისუფლება და საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება იყო დარჩენილი.

რურუა 2019 წელს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებში იყო ჩართული, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებით 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს.

თავად რურუა არ აღიარებს ბრალს იარაღის უკანონოდ ტარების შესახებ და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს. ნოემბერში სასამართლოზე რურუამ განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა ადვოკატთან დარეკვის უფლება არ მისცეს, ნების წინააღმდეგ გაჩხრიკეს, ნების საწინააღმდეგოდ აუღეს დნმ-ის ნიმუში და იარაღი ჩაუდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი