ახალი ამბები

თბილისში ცოფის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

24 ივნისი, 2020 • 4202
თბილისში ცოფის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსის, ვახტანგ ლომჯარიას თქმით, ბოლო პერიოდში თბილისში ცოფის ორი ახალი შემთხვევა მიუსაფარ ძაღლებს უკავშირდება.

2020 წლის განმავლობაში კი, ჯამში, ცოფის 4 ფაქტია აღრიცხული. თუმცა არცერთ ამ შემთხვევაში ადამიანს არ გადასდებია. ამის შესახებ ლომჯარიამ დღეს, 24 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, შესაძლო ცოფის შემთხვევების შესახებ ინფორმაცია სააგენტოში მოსახლეობისგან მას შემდეგ შევიდა, რაც მათ შეამჩნიეს, რომ ცხოველები დასუსტებული იყვნენ და ცოფის გარკვეული ნიშნები ჰქონდათ. ამასთან, ლომჯარიას თქმით, არცერთი შემთხვევა არ ყოფილა აგრესიული და არცერთ შემთხვევაში ცხოველები ცოფზე არ იყვნენ აცრილები.

“მე მინდა მოსახლეობა დავამშვიდო, რომ ცოფის შემთხვევების სტატისტიკა დაახლოებით იგივეა, როგორიც გასულ წლებში იყო. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თუ ჩვენ გვყავს სახლში ძაღლი, კატა ან სხვა ცხოველები, რომლებიც აცრას ექვემდებარებიან, ამ აცრებისგან თავი შევიკავოთ. პირიქით, უნდა მოვნიშნოთ კალენდარში და ყოველ წელს გავიმეოროთ ეს აცრები”, – განმარტა ლომჯარიამ.

ცოფის შემთხვევების დაფიქსირების შემდეგ კი იმ ტერიტორიაზე, სადაც ცხოველები გადააადგილდებოდნენ, 2-3 კილომეტრის რადიუსით სურსათის უვნებლობის სააგენტომ და მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ დაიწყეს ცხოველების აცრა, რაც 60 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

“თითქმის ყველა შემთხვევაში იყო ადამიანებთან კონტაქტი. როგორც მახსოვს, ერთი შემთხვევა წელსაც იყო პატრონიან ცხოველთან ამიტომ, პატრონებიც მინდა გავაფრთხილო. ცოფის შემთხვევებისგან პატრონები არანაკლებ დაუზღვევლები არიან, თუ ცხოველებს არ აცრიან. რაც შეეხება მიუსაფარ ცხოველებს, მინდა ვთხოვო ყველა ამხანაგობის თავმჯდომარეს, ყველას, ვისაც ეზოში ჰყავს ცხოველი, გააკონტროლონ კალენდარი, როდის იყო აცრილი ბოლოს, და ყოველ წელს უნდა განმეორდეს ცოფის აცრა. მოგვმართეთ ჩვენ. თბილისის ფარგლებში მოვალთ და უფასოდ ჩავატარებთ აცრას ადგილზევე. ყოველ წელს ათასობით ცხოველს უტარდება ცოფის აცრა, მაგალითად, 2019 წელს 5 000-ზე მეტი აცრა ჩატარდა”, – განაცხადა ლომჯარიამ.

მისი განმარტებით, ცოფის ადამიანზე გადაცემის 99% შემთხვევებში გადაცემა ძაღლიდან ხდება, მათ შორის, მსხვერპლის 40%-ს  15 წლამდე ასაკის ბავშვები წარმოადგენენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი