ახალი ამბები

უგულავას თქმით, ელისაშვილი მოლაპარაკებებში ორ მაჟორიტარულ ოლქს ითხოვდა

23 ივნისი, 2020 • 1445
უგულავას თქმით, ელისაშვილი მოლაპარაკებებში ორ მაჟორიტარულ ოლქს ითხოვდა

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა ალეკო ელისაშვილს აკრიტიკებს, რომელიც ოპოზიციის ერთიან პლატფორმას გამოეყო და არჩევნებში მონაწილეობას ანა დოლიძესა და ლევან კობერიძესთან ერთად დაფუძნებული პოლიტიკური მოძრაობის ფარგლებში გეგმავს.

უგულავა აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია ელისაშვილის მიერ პრინციპულ განსხვავებებზე საუბარი, ვინაიდან ელისაშვილი მაჟორიტარებზე მოლაპარაკებებში თავადაც მოწადინებული იყო, თუმცა საკუთარი კანდიდატის დაყენებას ორ ოლქში ითხოვდა:

“სამწუხაროდ, ბატონი ელისაშვილი გავიდა ამ ერთობიდან. მე ძალიან ვწუხვარ, რომ მისი საუბრის 2/3 მიეძღვნა ოპოზიციის ლანძღვას და ნაკლებად “ქართულ ოცნებას”. მას კარგად უნდა ესმოდეს, რომ რაც არ უნდა ბევრი ილაპარაკოს “ქართული ოცნების” მავნებლობაზე, როგორც კი ოპოზიციის ლანძღვას დაიწყებს, ჰედლაინები და მედიის ინტერესი აქეთაა.

არ ვურჩევდი, დათვურ სამსახურს უწევს “ქართულ ოცნებას” და იმედი მაქვს, ეს შეგნებულად არ კეთდება.  ჩვენ ღია ვიყავით მასთან სათანამშრომლოდ მათ შორის საბურთალოზე, ისიც მოწადინებული იყო, უბრალოდ, ორ ადგილს ითხოვდა და ამიტომ არ მესმის, დღეს პრინციპულ მიუღებლობაზე რომ საუბრობს. ორი ადგილით პრინციპულად მისაღები ვიქნებით, როგორც ჩანს. ეს მის სინდისზე იყოს. მისი არჩევანი არაფრით განსხვავდება ჩვეულებრვი ვაჭრობისგან. დანარჩენი მე მასზე საუბარს არ ვაპირებ. უბრალოდ საწყენია, საკუთარ ცხვირზე შორს ვერ იხედება” ,- ამბობს უგულავა.

ნეტგაზეთი საპასუხო კომენტარისთვის ცდილობს ელისაშვილთან დაკავშირებას.

ელისაშვილი ოპოზიციურ ფორმატზე: გამოვეთიშე, იქ ჩემთვის მიუღებელი ადამიანები იყვნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი