XX საუკუნის დასაწყისის თბილისში ექსპროპრიაციები თუ შეიარაღებული შეტაკებები აღარ წარმოადგენდა ახალ პრაქტიკას. ბეჭდური მედია თითქმის ყოველდღე გადმოსცემდა ამბებს ქალაქის სხვადასხვა უბანში მომხდარი ახალ-ახალი დანაშაულების შესახებ. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრაქტიკა, რომელსაც პოლიტიკური პარტიების მიერ კონტროლირებადი დაჯგუფებები “ცენტრის” დასახმარებლად და მეფის ხელისუფლების შესარყევად იყენებდნენ. თუმცა ძარცვა, რომელიც 1907 წლის ივნისში ბოლშევიკებმა ერივანსკის (ამჟამად, თავისუფლების) მოედანზე, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე დაცულ წერტილში განახორციელეს, აალაპარაკა არაერთი, როგორც რუსეთის იმპერიაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ტერორი და ექსპროპრიაცია პარტიის “შესანახად”
რუსეთის იმპერიაში XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში აღმოცენებულ ყველა პარტიას ჰყავდა ერთგვარი გასამხედროებული ორგანიზაცია, რომელსაც, ერთი მხრივ, პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის, მეორე მხრივ კი, ხაზინის შესავსებად იყენებდნენ. ყველას სჭირდებოდა რესურსები იარაღის შესაძენად, სტამბის ასამუშავებლად ანდა გასაჭირში, მაგალითად, ციხეში მყოფი თანამებრძოლების დასახმარებლად. ამ საკითხზე მომუშავე ავტორი, ირაკლი მახარაძე, აღნიშნავს, რომ აღნიშნული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად არ კმაროდა მხოლოდ გამოძალვა, რის გამოც ხშირად მიმართავდნენ სხვა, ასევე ძალისმიერ მეთოდებს.
უშუალოდ საქართველოში ამ კუთხით არსებული ვითარება განხილულია ირაკლი მახარაძისა და ლაშა ხეცურიანის წიგნში – “ტერორისტები”. ავტორთა თანახმად, კაცისკვლა, ძარცვა-გლეჯა და გამოძალვა საქართველოში ისეთ მასშტაბებს აღწევდა, პარტიათა ხელმძღვანელობები ყოველმხრივ ცდილობდნენ, დროებით მაინც შეეჩერებინათ ტერორის ტალღა. 1906 წელს, “რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის” მეშვიდე, “შემაერთებელ ყრილობაზე”, სადაც ბოლშევიკები და მენშევიკები ფორმალურად გაერთიანდნენ, ექსპროპრიაციის პრაქტიკა დაიგმო.
ექსპროპრიაციაზე უარისათვის უშუალოდ მენშევიკებს წმინდა პრაგმატული მიზეზიც ჰქონდათ: 1905 წლის რევოლუციის მცდელობა ჩავარდა და მეფის რეჟიმის მხრიდან ხისტი რეპრესიები დაიწყო. შესაბამისად, პარტიამ სტრატეგიის შეცვლა ამჯობინა.
“ეს არის რეაქციის ხანა: რევოლუცია დამარცხდა, ვერ მიაღწია მიზნებს, რომლებიც 1905-06 წლებში ჰქონდა და დაიწყო მეფის რეჟიმის მხრიდან საპასუხო რეპრესიები, შევიწროება, დიდი კამპანია იმპერიის პრესაში, რომ ყველა მიზეზი და საბაბი გამოეყენებინათ ამ ძალების გაშავებისთვის. ამ ფონზე მსგავსი ძალისმიერი აქციები იყო ჩათვლილი მიზანშეუწონლად და ამ პარტიებისა და მოძრაობების იმიჯის დამაზიანებლად”, – აღნიშნავს “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.
მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, ზემოაღნიშნულ მეთოდებზე ბოლომდე არცერთ ფრთას აუღია ხელი. მეორე მხრივ, იყო შემთხვევები, როცა მანამდე პარტიებზე დაქვემდებარებული შეიარაღებული რაზმების ნაწილი ემიჯნებოდა “ცენტრს” და თვითნებურად აგრძელებდა ბრძოლას ძველი მეთოდებით. ზოგიერთ შემთხვევაში კი ეს “გამიჯვნა” მხოლოდ ფიქტიური იყო: პარტიას რომ სახელი არ გაფუჭებოდა, ძალადობრივი პრაქტიკის გამტარებელი ჯგუფი ფორმალურად მისგან დამოუკიდებლად იქმნებოდა, პრაქტიკულად კი – ცენტრს ექვემდებარებოდა.
ერთ-ერთი ასეთ ჯგუფი, “ბოევაია დრუჟინა”, 1906 წლის პირველ ნახევარში კავკასიის ბოლშევიკურ ბიუროსთან შეიქმნა იოსებ სტალინის ინიციატივით. ბოლშევიკი ტერორისტ-ექსპროპრიატორი ბაჭუა კუპრაშვილი თავის მოგონებებში აღნიშნავს, რომ ჯგუფის მოვალეობებს შორის იყო “ქალაქათ და სოფლათ იარაღ ქვეშ გავარდნილ ხალხის პატრონობა, მათ პარტიზანულ მოქმედებაში რევოლუციონერ ბოლშევიკური სისტემის შეტანა”, ასევე, ციხეებიდან თანამებრძოლების გამოხსნა, მთავრობის საწყობებიდან იარაღის გატაცება, სახაზინო ფულის ექსპროპრიაცია და სხვა.
“ეს იყო, როგორც ვიცი, ლენინის პირდაპირი მოთხოვნა, რადგან ბოლშევიკებს სჭირდებოდათ ფული. მისი ერთ-ერთი ყველაზე კარგი მოსწავლე იოსებ ჯუღაშვილი იყო, კავკასიაში კი ფული იშოვებოდა. ამიტომ შეკრიბეს ღონიერი ბიჭები, რომელთაც შეეძლოთ იარაღიდან სროლა, ყუმბარების გამოყენება და ა.შ.” ,- ამბობს ირაკლი მახარაძე, ზემოხსენებული წიგნის ავტორი.
სტალინის როლი ორგანიზაციის ჩამოყალიბებაში კომპლექსური საკითხია. მაგალითად, ბოლშევიკ კოტე ცინცაძის მოგონების თანახმად, ის ჯგუფის შექმნის ერთ-ერთი მხარდამჭერია და არა სულისჩამდგმელი. თუმცა მეორე საკითხია, რომ სტალინის საჯაროდ დაკავშირება ჯგუფის საქმიანობასთან ბოლშევიკების იმიჯისთვის დიდად სახარბიელო არ იყო, სოციალ-დემოკრატების ყრილობაზე ტერორისტული აქტების პრაქტიკის აკრძალვის გამო.
ყოველ შემთხვევაში, სტალინის “დრუჟინას” რიგები სწრაფად შეივსო და სულ მალე წევრთა რაოდენობამ 19-ს მიაღწია, საიდანაც 4 ქალი იყო. ბაჭუა კუპრაშვილის თანახმად, ჯგუფს ხელმძღვანელობდა აღმასრულებელი სამეული, რომელსაც ტერაქტების დამუშავება-დაგეგმვა ევალებოდა. სამეულში შევიდა ცნობილი პროფესიონალი რევოლუციონერი კამო ტერ-პეტროსიანი. ის ჯგუფს 1907 წლის გაზაფხულზე შეუერთდა.
მასშტაბურ ძარცვამდე, რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებთ, ჯგუფმა რესურსების მოსაზიდად რამდენიმე “პატარა ექსპროპრიაცია” მოაწყო. მათ შორის იყო ლომბარდის ძარცვა თბილისში, თავდასხმა საფოსტო მატარებელზე ჭიათურაში და საფოსტო ეტლზე ქუთაისში.
დარტყმა იქ, სადაც არავინ ელოდა – ექსპროპრიაცია ერივანსკის მოედანზე
ერივანსკის მოედანი ამჟამად თავისუფლების მოედნის სახელს ატარებს. ამჟამინდელის მსგავსად, მოედანი მაშინაც ქალაქის ძარღვს წარმოადგენდა: რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარეობდა მეფისნაცვლის სასახლე, იქვე იყო სამხედრო შტაბიც. აქედან გამომდინარე, ტერიტორია ყოველთვის გაძლიერებულად იყო დაცული. ერთი შეხედვით, მოედანი იყო ბოლო ადგილი, სადაც ვინმეს ექსპროპრიაციის ან სხვა მსგავსი მოქმედების დაგეგმვა შეიძლებოდა მოსვლოდა აზრად. თუმცა 113 წლის წინ ეს ბოლშევიკებმა, კერძოდ, ზემოხსენებულმა “დრუჟინამ” გააკეთა.
“ის, რაც მათ ჩაიდინეს, იყო ყველაზე გახმაურებული, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ფული არ წაუღიათ. ეს მოხდა კავკასიის შუაგულის შუაგულში, მეფისნაცვლის სასახლიდან რამდენიმე ასეულ მეტრში, ყველაზე დაცულ ადგილას. ამ ამბავს ყუმბარის გახეთქვის ეფექტი ჰქონდა”, – აღნიშნავს ირაკლი მახარაძე.
1907 წელს ჯგუფმა “დიდი ექსპროპრიაციისთვის” დაიწყო მზადება, რაზეც, ირაკლი მახარაძისა და ლაშა ხეცურიანის წიგნის თანახმად, თანხმობა უშუალოდ ლენინისაგან ჰქონდა მიღებული. ბოლშევიკებს ამ დროს განსაკუთრებით სჭირდებოდათ რესურსი. ჯგუფს დიდი თანხის მოპოვება სურდა, რომელიც მილიონ მანეთზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო, ამიტომ მოქმედების ადგილად თბილისი შეარჩიეს. ექსპროპრიაციისთვის კამომ სპეციალურად ჩამოიტანა ასაფეთქებელი მასალები ფინეთიდან.
წიგნის თანახმად, ჯგუფს ფულის მოძრაობის მარშრუტების განსასაზღვრად ფოსტაში მოკავშირე სჭირდებოდათ, რომელიც მალევე იპოვეს სტალინის გორელი მეგობრის – გიგო კასრაძის სახით. სწორედ მან შეისწავლა ვითარება და ჯგუფს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ერივანსკის მოედანზე ფულით “დატვირთულ”, ბანკში მიმავალ ეტლს უნდა გაევლო. თანხის რაოდენობის სიმცირის გამო ჯგუფის უმრავლესობა ძარცვის წინააღმდეგ წავიდა, თუმცა, იმავე პერიოდში ჩაშლილი რამდენიმე ექსპროპრიაციისა და რესურსის საჭიროების ფონზე, პოზიციები მაინც ერივანსკის მოედნის ექსპროპრიაციაზე შეჯერდა.
წიგნის ავტორები წერენ, რომ დაგეგმილი ექსპროპრიაციის შესახებ ქალაქში ხმები გავარდა და სახელმწიფო ბანკის მმართველმა შესაბამის უწყებებს ზომების მიღებას სთხოვა, თუმცა ცნობები სერიოზულად არავინ აღიქვა.
1907 წლის 13(26) ივნისს სახელმწიფო ბანკის წარმომადგენლებმა ფოსტიდან დაცვის თანხლებით გამოიტანეს ფული და ბანკის შენობისკენ დაიძრნენ. მსვლელობა შედგებოდა სამი ეტლისგან: შუა ეტლი, რომელშიც მოლარე და ყარაული ისხდნენ, ფულის(270 000 მანეთზე მეტი) ტომრებით იყო დატვირთული, დანარჩენ ორ ეტლში – თავსა და ბოლოში – კი 5-5 ჯარისკაცი იჯდა. მსვლელობას უკან 3 ცხენოსანი კაზაკი მოჰყვებოდა, თითოეული ეტლის გვერდით კი აგრეთვე მოდიოდნენ კაზაკები.
ექპროპრიაციის ერთ-ერთი მონაწილის თანახმად, ამ დროს ერივანსკის მოედანზე უკვე იდგნენ ბოლშევიკთა ჯგუფის წევრები 8 ბომბით. “ძველის” ფსევდონიმით ცნობილი ბოლშევიკის მიხედვით, პუშკინის ბაღთან უნდა მდგარიყო ჯგუფის წევრი ფაცია გალდავა, რომელსაც კაზაკების მოახლოება უშუალოდ ბაღში მყოფი თანამებრძოლისთვის უნდა ენიშნებინა. მას თავის მხრივ უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია სამხედრო შტაბის წინ მოსიარულე ბოლშევიკისთვის – ანეტა სულაქველიძისთვის, რომელიც ინფორმაციას მიაწვდიდა თამამშევის ქარვასლაში მდებარე რესტორან “ტილიპიჭურში” მყოფ მეგობრებს.
საბოლოოდ, ბოლშევიკ ბაჭუა კუპრაშვილს გაშლილი გაზეთით ხელში უნდა ჩამოევლო მოედანი იმის ნიშნად, რომ დანარჩენებს პოზიციები დაეკავებინათ. წიგნის ავტორთა თანახმად, კაზაკების თითოეული ჯგუფისა და ეტლისთვის თითო კაცი იყო მიჩენილი.
იყო თუ არა ადგილზე უშუალოდ სტალინი? ირაკლი მახარაძეს ეს დაშვება უსაფუძვლოდ მიაჩნია, ვინაიდან მისი იქ ყოფნის საჭიროება არ არსებობდა.
“იმდენი ჭკუა ეყოფოდა იოსებ ჯუღაშვილს, რომ იქ არ ყოფილიყო. ის, რომ იქვე, შორიახლოს იდგა, სიგარეტს ეწეოდა და ა.შ., ტყუილია, მე რომ მკითხოთ. მან მისცა თავისი გეგმა[ჯგუფის წევრებს], შეახვედრა ისინი მოლარეს. ჰყავდა მაგარი ბოევიკები, ბაჭუა კუპრაშვილი და სხვები. კარგად დასახეს, რა უნდა გაეკეთებინათ და იქ სტალინი საერთოდ არ იყო საჭირო. უშუალოდ ხელს ვერავინ დაადებს, რომ იქ იყო, თუმცა ყველა ამბობს, რომ ყველაფერ ამის თავი და ლოკომოტივი, რა თქმა უნდა, იოსებ ჯუღაშვილია”, – აცხადებს ის.
იმ დღეს ამჟამინდელ თავისუფლების მოედანზე 8 აფეთქება მოხდა. გაზეთ “ისრის” თანახმად, ბომბები ისროლეს ეტლების, ქალაქის თვითმმართველობის სახლისა და ქარვასლის მიმართულებით. კიდევ ოთხი ბომბი სხვადასხვა ადგილას აფეთქდა.
“აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, ისეთმა პანიკამ მოიცო მთელი მოედანი, რომ დამსწრეთაგან ვერავინ შესძლო იმის გამორკვევა, თუ რამდენი იყო თავდამსხმელი, ან საიდან გაისროლეს ყუმბარები, ან საით მიიმალნენ ბოროტმოქმედნი”, – ვკითხულობთ საოლქო სასამართლოს პროკურორის მოხსენებაში.
მისი თქმით, მოედანზე მყოფი ჯარისკაცებიდან მხოლოდ ერთმა მოასწრო “უშედეგო გასროლა”.
აფეთქების ძლიერმა ტალღამ საცხოვრებელი სახლის შუშები არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მეზობელ ქუჩაზეც კი ჩაამსხვრია. დაჭრილი და დაპანიკებული მოქალაქეები ფოსტის შენობას მიაწყდნენ.
“…მთელ ქალაქს გააქვს ზანზარი. იმსხვერპლა ქარვასლის და მის გარშემო მაღაზიების შუშები. ხალხი გარბის უგზო-უკვლოდ , ბევრმა ნაწილმა ფოსტის კანტორას მიაშურა… წყდება მავთულები, აქა-იქ ცეცხლის ნაპერწკლები ღვივა. კანტორა(ფოსტის შენობა) აივსო ხალხით, არავის უშვებდნენ, მაგრამ ხალხი ტირილით, გოდებით და ზოგი ძალით შემოდის. მთელი ერევნის მოედანი ცეცხლის ალშია გახვეული”, – წერდა გიგო კასრაძე, ფოსტის თანამშრომელი, რომელიც ბოლშევიკებთან თანამშრომლობდა.
მოედანზე დატრიალებული ქაოსი თითქოს დაუბრკოლებლად უნდა გამოეყენებინათ ბოლშევიკებს, თუმცა, როგორც წიგნის ავტორები წერენ, აქ მოხდა გაუთვალისწინებელი შემთხვევა: ფულიან ეტლში შებმული, დამფრთხალი ცხენები “შუაბაზრისკენ” გაიჭრნენ. ეტლს ჯგუფის ორი წევრი აედევნა, მათგან ერთ-ერთმა ფულით სავსე ტომრის ხელში ჩაგდება შეძლო, შემდგომ კი, ერთ-ერთი ვერსიით, ახლომდებარე ქუჩიდან ეტლით მომავალ კამოსა და მარო ბოჭორიძეს გადასცა. პირველი მათგანი ოფიცრის სამოსში იყო გადაცმული, მეორე კი – დიდგვაროვნის, დიდი შლაპით. მათ ფული მუხლებქვეშ ჩამალეს და დაუბრკოლებლად მიიტანეს ბინაზე.
ექსპროპრიაციის შედეგები და გამოძიება
ავტორთა თანახმად, აფეთქების შედეგად უშუალოდ მოედანზე 3 ადამიანი დაიღუპა: კაზაკი(ეტლის მცველი), გოროდოვოი და 1 უცნობი. დაიჭრა რამდენიმე ათეული პირი. თავად თავდამსხმელები ამტკიცებდნენ, რომ არავინ დაღუპულა.
მსხვერპლის რაოდენობა გაზარდა კიდევ ერთმა ინციდენტმა, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, ამავე ექსპროპრიაციასთან არის კავშირში: იმავე დღეს მტკვარზე, ბორნის ახლოს, თავად ბაგრატიონ-მუხრანსკის სახლის პირველ სართულზე, ფეხსაცმლის სახელოსნოში, ბომბი აფეთქდა. როგორც ვარაუდობენ, ბომბი ხელოსნის შვიდი წლის ვაჟმა გარეთ, ნაგავში აღმოაჩინა, ჩათვალა, რომ ეს უბრალოდ “მეტალის ბურთი” იყო და სახელოსნოში შეიტანა, შემდგომ ხელიდან გაუვარდა და აფეთქებაც მოხდა. 3 ადამიანი დაიღუპა.
გამოძიების ვარაუდით, ბომბი თავიდან მოიშორეს ერივანსკის ძარცვის მონაწილეებმა, რომელთაც ის აღარ დასჭირდათ. თავად ძარცვის მონაწილე იხსენებს, რომ ყუმბარა მართლაც მოიშორა, თუმცა გადააგდო არა ნაგავში, არამედ მტკვარში. ავტორები მის ვერსიას ეჭვქვეშ აყენებენ და თავის მართლების მცდელობად მიიჩნევენ.
ძარცვის შემდეგ მისი მონაწილეები მარო ბოჭორიძის ბინაში შეიკრიბნენ. აკლდათ მხოლოდ ერთი – ბაჭუა კუპრაშვილი, რომელიც მის მიერვე ნასროლი ყუმბარის ტალღამ დაანარცხა მიწაზე. ის ბინაში მოგვიანებით,”მრავალ ადგილას დაჭრილი” მივიდა.
პოლიცია და ჯარი მთელი დღის მანძილზე ეძებდა მძარცველებს. ავტორთა თანახმად, დააპატიმრეს უამრავი ადამიანი. ჩხრეკები და დაკავებები დიდხანს გაგრძელდა, ერთი თვის თავზე კი საქმის მასალებით 185 ფურცელი გაივსო. მიუხედავად მეფისნაცვლის დაჟინებული თხოვნისა, ეჭვმიტანილები 24 საათში ეპოვნა, ქალაქის პოლიცმაისტერმა ეს ვერ შეძლო, მომდევნო თვეში კი, გენერალ-გუბერნატორთან მძიმე საუბრის შემდეგ, თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
ნაძარცვი ფული შემოდგომამდე ინახებოდა თბილისის ობსერვატორიის ქვედა სართულზე, სადაც ამავე დაწესებულების თანამშრომელი და კამოს ახლო ნაცნობი ცხოვრობდა. ჯგუფის წევრის, ბაღდო მეზურნოვის თანახმად, შემდგომ ფული საგულდაგულოდ შეფუთეს, ჩააწყვეს ღვინის კასრებში, დაასხეს ზემოდან წითელი ღვინო და ჩქარ მატარებელზე დაალაგეს. ფულს თან გაჰყვა დიდგვაროვნის სამოსში გადაცმული კამო, რომელმაც საბოლოოდ ფინეთში ჩაიტანა თანხა.
ფული ბოლომდე ვერ გამოიყენეს, ვინაიდან 500-მანეთიანი ბანკნოტების ნომრები მსოფლიოს ყველა ბანკში იყო გადაგზავნილი. კუპიურების გადახურდავებისას ევროპის ქალაქებში პარტიის არაერთი აქტივისტი დააკავეს. ავტორთა თანახმად, 1909 წელს მენშევიკების მოთხოვნით გადაწყვიტეს, დარჩენილი ფული გაენადგურებინათ.
ექსპროპრიაციის ამბავი მალე გასცდა საქართველოსა და რუსეთის იმპერიის საზღვრებს. მომხდარზე ბევრს საუბრობდნენ ევროპაში, საერთაშორისო პრესაში… მენშევიკი და შემდგომ საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია იხსენებდა, რომ ექსპროპრიაციის შემდეგ რუსეთის სოციალ-დემოკრატებს ევროპაში ბანდიტებისა და მძარცველების სახელი გაუვარდათ.
“პლეხანოვი დამხვდა ძალიან გულმოსული ბოლშევიკებზე, ისინი პარტიებიდან გასარიცხავები არიან, მაგენი ყაჩაღებია, ქურდებია, მიუხედავად ლონდონის კონფერენციის გადაწყვეტილებისა, ისინი განაგრძობენ ექსების[ექსპროპრიაციების] მოწყობასო”, – წერს ნოე ჟორდანია წიგნში “ჩემი წარსული”.
ერივანსკის მოედნის ექსპროპრიაციასთან იოსებ სტალინის კავშირის პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს. ავტორები აღნიშნავენ, რომ მისთვის არც უნდა ყოფილიყო სასარგებლო დაკავშირება საქმესთან, რომელიც პარტიულ დონეზე აკრძალული იყო.
“თავის დროზე ნადეჟდა კრუპსკაია[ლენინის მეუღლე] აღნიშნავდა, რომ რევოლუციამდელი ლიტერატურა, რომელიც ობიექტურად აღწერდა რევოლუციურ პროცესებს, განადგურებულ იქნა. რევოლუციურ-ტერორისტული მოძრაობის ახლებური ისტორია კი ახალი ხელისუფლების მიერ იწერებოდა პოლიტიკური საჭიროების და მოთხოვნის კარნახით. ტერორისტის სახე კი ბელადის ხატში, რა თქმა უნდა, ვერ ჩაჯდებოდა”, – აღნიშნულია წიგნში.