ახალი ამბები

EU-ს დახმარებაზე უარი დასავლური კურსიდან გადახვევის დეკლარირებაა — NGO-ები

31 აგვისტო, 2021 • 1026
EU-ს დახმარებაზე უარი დასავლური კურსიდან გადახვევის დეკლარირებაა — NGO-ები

არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი საქართველოს მიერ ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე უარის თქმას ევრო-ატლანტიკური კურსიდან გადახვევის ღია დეკლარირებად აფასებენ.

არასამთავრობოების განცხადებით, 75 მილიონი ევრო ევროკავშირის მიერ კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში სახელმწიფო ფინანსების მართვის გაძლიერების, მმართველობის გაუმჯობესების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ბიზნესგარემოს მხარდაჭერის და მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების მიზნით დახმარების სახით გამოყოფილი 150 მილიონი ევროს მეორე ნახევარია, რომლის გადმორიცხვაც 2021 წლის ბოლოს უნდა მომხდარიყო.

“თუმცა ამისათვის საჭიროა, საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების ერთგული დარჩეს და უზრუნველყოს 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელება, ეს კი თავის მხრივ წარმოადგენს საქართველოს ევროინტეგრაციის წინაპირობას. ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დახმარების პირველი ნახევარი საქართველომ 2020 წლის ნოემბერში უკვე მიიღო.

რეფორმების გატარების გარეშე დახმარების დაკარგვის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრი 23 აგვისტოს, კიევში გამართული არაფორმალური შეხვედრის დროს გააფრთხილა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, “დროა, საქართველომ აჩვენოს თავისი ერთგულება შეთანხმებების მიმართ, განსაკუთრებით, რეფორმებთან დაკავშირებით.”

“ქართული ოცნების” მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადების შემდეგ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება პირდაპირ მიუთითებს, რომ მმართველი პარტია კიდევ ერთხელ ამბობს უარს ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, და მათ შორის სასამართლო რეფორმის განხორციელებაზე, რითაც მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესს, მის საერთაშორისო რეპუტაციას, და მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას”, — წერია არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებას უერთდება შემდეგი ორგანიზაციები:

  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI)
  • დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  • დემოკრატ მესხთა კავშირი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 31 აგვისტოს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, ევროკავშირისგან 2021 წელს მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანში არ მიიღოს.

ამის არგუმენტად ღარიბაშვილმა დაასახელა, ერთი მხრივ, „საქართველოში მაღალ ეკონომიკურ ზრდა, მეორე მხრივ კი, საგარეო ვალის შემცირების სურვილი.

ევროკავშირი დახმარების პირობად ასახელებდა საქართველოს მთავრობის/პარლამენტის მიერ რეფორმების გატარებას, მათ შორის, სასამართლო რეფორმას.

მასალების გადაბეჭდვის წესი