ახალი ამბები

ანა დოლიძე იუსტიციის საბჭოს ტოვებს

22 ივნისი, 2020 • 1475
ანა დოლიძე იუსტიციის საბჭოს ტოვებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არასამოსამართლე წევრი ანა დოლიძე საბჭოს ტოვებს. დღეს, 22 ივნისს გამართულ ბრიფინგზე დოლიძემ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც დააარსა “მოძრაობა ხალხისთვის” და ახალი პლატფორმა, მის წინააღმდეგ “ბინძური, ორკესტრირებული, პიარკამპანია” გამძაფრდა.

დოლიძეს მიაჩნია, რომ ამ კამპანიის მიზანი იყო, არ დაეშვა ახალი ძალების შექმნა საზოგადოებრივ სივრცეში, რომელიც, მისი თქმით, ორ პოლიტიკურ ძალას აქვს მონოპოლიზებული.

“დღეს გავაგზავნი განცხადებას სალომე ზურაბიშვილთან და გავუადვილებ იმ გადაწყვეტილების მიღებას, რაც თავად ვერ მიიღო, და დავტოვებ იუსტიციის საბჭოს. დღეს მთელი ჩემი რესურსით შევუდგები “მოძრაობა ხალხისთვის” შენებას, რათა გავაგრძელო ბრძოლა, რომელშიც, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, ამ შენობაში მარტო დავრჩი. მთავარ თანამოაზრეს ვიპოვი და ეს მთავარი თანამოაზრე ქართველი ხალხი იქნება. სწორედ ქართველ ხალხთან ერთად, ჩემს ახალ თანამოაზრეებთან ერთად, შევქმნი ახალ, თავისუფალ სასამართლოს, სადაც მურუსიძე და ჩინჩალაძე არ იქნება”, – განაცხადა დოლიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 19 ივნისს განცხადება გაავრცელა, სადაც დოლიძეს  “დროული” და “ღირსეული” გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა. პრეზიდენტი განმარტავს, რომ მიუხედავად ორგანულ კანონში არსებული ჩანაწერისა, კონსტიტუცია პრეზიდენტს მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დანიშვნის უფლებას აძლევს.

ანა დოლიძეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დატოვებისკენ თავდაპირველად საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა მოუწოდა. მისი შეფასებით, ანა დოლიძე, რეალურად, პოლიტიკურ საქმიანობაშია ჩართული, რაც წინააღმდეგობაში მოდის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობასთან.

ანა დოლიძემ მოძრაობა “ხალხისთვის” დააარსა

მასალების გადაბეჭდვის წესი