ახალი ამბებიკომენტარი

მაკო გომურის პროტესტის ერთი წელი და უპასუხო კითხვა [ვიდეო]

20 ივნისი, 2020 • 4222
მაკო გომურის პროტესტის ერთი წელი და უპასუხო კითხვა [ვიდეო]

“ყოველი დილა იწყება 3 არჩევანით, ქუჩაში თუ გავდივარ, გავიკეთო თვალის პროთეზი, სახვევი თუ არც ერთი ვიხმარო. ზოგჯერ მაქვს შიში, პროთეზით თვალი მტკივა, მაგრამ რომ არ გავიკეთო, ხალხი როგორ შემომხედავს, ან რას იფიქრებს ჩემზე…”, – ამბობს მაკო გომური ნეტგაზეთთან ინტერვიუში.

2019 წლის 20 ივნისის ღამეს 18 წლის მაკო გომური საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავების მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვია მოხვდა და თვალი დაკარგა. მან  4 ოპერაცია გაიკეთა და დაგეგმილია სხვა ოპერაციებიც. ამჟამად მას მარცხენა თვალის ნაცვლად პროთეზი აქვს, რომელიც, როგორც მაკო “ნეტგაზეთთან” ამბობს დიდი დისკომფორტია და ტკივილსაც იწვევს.

მაკოს 5 თვის შემდეგ, 2019 წლის ნოემბერში, დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს, თუმცა მისთვის ამ დრომდე უცნობია ადამიანი, რომელმაც თვალში ტყვია ესროლა. ამასთან მას საგამოძიებო მოქმედებებთან არავითარი წვდომა არ აქვს. როგორც თვითონ ამბობს ამის სავარაუდო მიზეზი არის ის, რომ საგამოძიებო მოქმედებები საერთოდ არ მიმდინარებს და მისი საქმე “თაროზეა შემოდებული”.

2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენებისას დაშავდა 240-დე ადამიანი. აქციაზე დაშავებულმა რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი, რამდენიმემ- მხედველობა. დაზიანებები მიიღეს მედიის წარმომადგენლებმაც და სამართალდამცველებმა.

დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა კი თქვა, რომ ტოვებს დეპუტატის მანდატს. აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნდათ და პროტესტს აგრძელებდნენ გახარიას გადადგომის მოთხოვნით. პერმანენტული აქციები რუსთველის გამზირზე თვეზე მეტხანს გრძელდებოდა. ხელისუფლებამ ასევე პირობა დადო, რომ შეცვლიდა საარჩევნო სისტემას და სრულად პროპორციული მოდელით ჩაატარებდა 2020-ის არჩევნებს, თუმცა “ოცნების” დეპუტატებმა ინიცირებული ცვლილებების პაკეტი ჩააგდეს, რასაც მოჰყვა მმართველი გუნდის კრიტიკა, როგორც ქვეყნის შიგნით ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან, ასევე აშშ-ს და ევროკავშირის საკანონმდებლო და აღმასრულებელი წრეებიდან, საბოლოოდ ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდნენ პროპორციულთან მიახლოებულ 120/30 მოდელზე, რომლის კენჭისყრაც ჯერ არ ყოფილა.

ამავე თემაზე

20 ივნისს დაშავებულები – დავით ქურდოვანიძე [ვიდეო]

20 ივნისს დაშავებულები – კობა ლეთოდიანის უსინათლობის ერთი წელი [ვიდეო]

20 ივნისს დაშავებულები – კობა ლეთოდიანის უსინათლობის ერთი წელი [ვიდეო]

მასალების გადაბეჭდვის წესი