“ევროპული საქართველოს” პოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე, უცვლელია. გიგა ბოკერიამ ელჩების განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომ მადლობელია საქართველოს მეგობრების ინტერესის გამო, თუმცა პარტია კანონპროექტს მხარს მხოლოდ 8 მარტის შეთანხმების ბოლომდე შესრულების შემდეგ დაუჭერს.
“მადლობელი ვართ საქართველოს მეგობრებისა, რომლებიც აპირებენ იმ პირობებშიც კი, თუკი ივანიშვილის რეჟიმი რაღაც დროის მანძილზე არ შეასრულებს პირობას, ანუ დარჩენილი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, რომ ეს საკითხი მუდმივად იყოს დღის წესრიგში.
ჩვენი საერთო ამოცანაა, რომ ეს საკითხი გადაწყდეს, მოხდეს ვითარების ნორმალიზაცია, ჩვენ მივიღოთ მონაწილეობა ცვლილებებში და შემდეგ იყოს ნორმალური კამპანია და მერე ყველა შეეგუოს ამომრჩევლის ვერდიქტს.
ეს არის ჩვენი ამოცანა, ოღნოდ ამ ვითარების გასაღები, სამწუხაროდ, სანამ ხელისუფლებაში არიან, არის ივანიშვილის ხელში. მის ხელშია რურუას გათავისუფლებაც, ხმების მიცემა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის… ჩვენ, როგორც საქართველოს მეგობრები, ძალიან მოწადინებულები ვართ, რომ მივიღოთ ამაში მონაწილეობა, თუმცა გასაღები, ჯერჯერობით, სანამ არ შეიცვლება მშვიდობიანად ხელისუფლება, არის ივანიშვილის ხელში”, – აღნიშნავს ის.
კითხვაზე, აპირებს თუ არა პარტია ცვლილებების მხარდაჭერას ამ მოცემულობით, ბოკერია პასუხობს:
“ამ მოცემულობით, რა თქმა უნდა, არა, რადგან ჩვენთვის შეთანხმება არის მთლიანი”.
ამ დრომდე “ევროპული საქართველოს” მსგავსი პოზიცია აქვს “ნაციონალურ მოძრაობასაც”, თუმცა პარტიაში ამბობენ, რომ ელჩების განცხადება სერიოზულია და აღნიშნულზე იმსჯელებენ.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებაში მონაწილე ელჩებმა განცხადება დღეს, 19 ივნისს გაავრცელეს და 8 მარტის შეთანხმების ყველა ხელმომწერს მოუწოდეს, მონაწილეობა მიიღონ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში და მხარი დაუჭირონ მას.
“ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ მმართველი გუნდის 92 დეპუტატი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს გარანტირებულად დაუჭერს.