ახალი ამბები

სერიოზული განცხადებაა, ვიმსჯელებთ – გოცირიძე ელჩების მოწოდებაზე

19 ივნისი, 2020 • 1231
სერიოზული განცხადებაა, ვიმსჯელებთ  – გოცირიძე ელჩების მოწოდებაზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ პარტია იმსჯელებს ელჩების განცხადებაზე, რომელიც შეიცავს მოწოდებას ყველა მხარისადმი, მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. გოცირიძეს მიაჩნია, რომ ელჩების მოწოდებები “ქართულ ოცნებას” უფრო ეხებოდა, ვიდრე ოპოზიციას.

“ამ საკითხს განვიხილავთ პარტიაში. რა თქმა უნდა. პირველი, რაც შეიძლება თვალში მოგხვდეს ელჩების განცხადებიდან, არის ის, რომ “ოცნებამ” არ შეასრულა თავისი დაპირება. ისინი მოუწოდებენ მხარეებს – მაგრამ “მხარეები” დიპლომატიური სიტყვაა მხოლოდ – მოუწოდებენ “ქართულ ოცნებას” შეთანხმების სრულყოფილად შესრულებისკენ. ეს იმას ნიშნავს, რომ შეთანხმება შესრულდა არასრულყოფილად და კენჭისყრამდე ორი დღით ადრე მოუწოდებს, ფაქტობრივად, გაათავისუფლოს გიორგი რურუა”, – აღნიშნა რომან გოცირიძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

დეპუტატს მიაჩნია, რომ თუ “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, გააჩნია პოლიტიკური ნება, ცვლილებებს ყველა შემთხვევაში ექნება საკმარისი მხარდაჭერა. ის არც იმას გამორიცხავს, რომ პროცედურების მიმდინარეობისას მმართველმა პარტიამ პოზიცია შეიცვალოს და “მთლიანად შეასრულოს შეთანხმება”.

“როგორც ჩანს, [ელჩებს] აქვთ სერიოზული საფუძველი იმისა, რომ არ ენდონ ბიძინა ივანიშვილს და ხედავენ რისკებს საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებისა.

…თუ ივანიშვილმა პირდაპირ არ დაავალა თავის წევრებს ან რაღაც შემოვლითი გზებით სხვებზე არ მოახდინა ზემოქმედება, ხმები არის საკმარისი. მაგრამ ელჩების ეს შიშებიც ძალიან საგულისხმოა და იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მონაწილეობის შემთხვევაში თუ მაინც ჩავარდება [ცვლილებები], მთლიანად ჩამოვხსნით ნიღაბს ივანიშვილს”, – აღნიშნავს გოცირიძე.

მისივე თქმით, პარტიის პოზიცია ამ დრომდე უცვლელია: შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს, რაც მისი თქმით, გიორგი რურუას გათავისუფლებასაც გულისხმობს. თუმცა პარტიაში ელჩების განცხადებაზე იმსჯელებენ.

“ეს სერიოზული განცხადებაა და ჩვენ პარტიაში ვიმსჯელებთ ამ საკითხზე. დღემდე ჩვენი პოზიცია იყო, რომ არ ვაპირებთ. თუ რაიმე შეიცვლება, ბუნებრივია, გაიგებს საზოგადოება. …სხვა გადაწყვეტილებას უნდა შესაბამისი სტრუქტურების შეკრება”, – უთხრა დეპუტატმა “ნეტგაზეთს”.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებში მონაწილე ელჩებმა განცხადება დღეს, 19 ივნისს გაავრცელეს და 8 მარტის შეთანხმების ყველა ხელმომწერს მოუწოდეს, მონაწილეობა მიიღონ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში და მხარი დაუჭირონ მას.

“ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ მმართველი გუნდის 92 დეპუტატი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს გარანტირებულად დაუჭერს.

რა წერია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში?

მასალების გადაბეჭდვის წესი