ახალი ამბები

ანა დოლიძემ იუსტიციის საბჭო უნდა დატოვოს – სალაძე

19 ივნისი, 2020 • 1567
ანა დოლიძემ იუსტიციის საბჭო უნდა დატოვოს – სალაძე

„საქართვეოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძე აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა დატოვოს.

რა ხდება?

18 ივნისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთმა არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომ ანა დოლიძე „დღესაც რომ გადადგეს დაკავებული პოზიციიდან, კანონი უკვე დარღვეული აქვს“;

2 დღით ადრე, 16 ივნისს,  ჯანეზაშვილის განცხადებას წინ უძღოდა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება, სადაც ისინი წერდნენ, რომ თუ ანა დოლიძე პოლიტიკურ საქმიანობას გეგმავს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა დატოვოს.

ანა დოლიძემ პასუხად განაცხადა, რომ მისი საჯარო საქმიანობა არ ეწინააღმდეგება კანონს და თანამდებობრივი შეუთავსებლობა არ აქვს, ნაზი ჯანეზაშვილზე კი თქვა, “ვფიქრობ, ის სათავეში უდგას კლანის კამპანიას“ ჩემი იმიჯის დასაზიანებლადო.

სულხან სალაძის მოსაზრება

ამ საკითხზე 19 ივნისს ჟურნალისტებთან საუბრისას საიას თავმჯდომარემ სულხან სალაძემ განაცხადა:

„მე არ ვთვლი, ნაზი ჯანეზაშვილი არის კლანის წევრი, რა თქმა უნდა. ის ასრულებს მნიშვნელოვან და დიდ საქმეს იუსტიციის საბჭოში და ვისურვებდი, რომ ბევრი ნაზი ჯანეზაშვილი იყოს საბჭოს წევრი.

ასევე ვფიქრობ, რომ ანა დოლიძეს მნიშვნელოვანი როლი და სტატუსი აქვს იუსტიციის საბჭოს შემადგენლობაში, მისი, ისევე როგორც ნაზის მხრიდან კლანის მხილება მხოლოდ წაადგება პროცესის გაჯანსაღებას.

თუმცა, ცხადია, ანა დოლიძეს ვერ დავეთანხმები შეფასების იმ ნაწილში, როდესაც ის საუბრობდა, რომ შესაძლოა, ნაზი რაიმე ფორმით შეიძლება დაკავშირებული იყოს კლანთან. მე ამის არც საფუძველი მაქვს და არც განცდა“.

პოლიტიკაში მონაწილეობაზე

სულხან სალაძემ გაიხსენა ახალი პლატფორმის პრეზენტაცია, რომელიც 18 ივნისს შედგა, რომელშიც ალეკო ელისაშვილთან, ლევან იოსელიანთან და ლევან კობერიძესთან ერთად ანა დოლიძეც მონაწილეობს, და განაცხადა:

“დამფუძნებლები ამბობენ, რომ ეს არ არის პოლიტიკური გაერთიანება თავისი არსით. თუმცა, რაც არ უნდა დავარქვათ და როგორც არ უნდა შევაფასოთ, იქვე ლევან კობერიძე საუბრობდა, რომ მოლაპარაკებები აქვთ თამარ ხულორდავასთან, გიორგი მოსიძესთან, თამარ ჩუგოშვილთან, „ლელოსთან“… რეალურად, ეს არის პლატფორმა, რომელიც მიემართება პოლიტიკისაკენ.

ახლა რას იტყვის ანა დოლიძე და რას იტყვის ალეკო ელისაშვილი, ეს ორი სხვადასხვა რამ შეიძლება იყოს. ახლა მთავარია, ანა დოლიძემ საზოგადოებას ღიად, ნათლად და მკაფიოდ უთხრას, ის მიდის პოლიტიკაში და აქვს თუ არა საარჩევნო მიზნები, თუ ის რჩება იუსტიციის საბჭოში.”

„ბუნებრივია, პოლიტიკა ფართო გაგებით შეიძლება განვმარტოთ ჩვენ და ვთქვათ, რომ „ყველაფერი პოლიტიკაა“, მაგრამ არსებობს კანონი და ეს კანონი, მოგვწონს თუ არა, გარკვეული ტიპის უფლებებს უზღუდავს ადამიანს“, – დასძინა მან და განმარტა, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, „გაცხადებულ პოლიტიკურ მიზნად შეიძლება შეფასდეს მათ შორის ის, თუ პირი არ არის პოლიტიკაში ჩართული, მაგრამ ის რაიმე ფორმით მონაწილეობს ამ მიზნების მონაწილე პირის მხარდაჭერაში“.

„ამიტომაც მნიშვნელოვანია, ანა დოლიძემ ღიად და მკაფიოდ უთხრას საზოგადოებას, რა არის მისი მიზანი“, – კიდევ ერთხელ განაცხადა სალაძემ.

მოგვიანებით სალაძემ ფეისბუკზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ იმის მიუხედავად, მიიღებს თუ არა ანა დოლიძე მონაწილეობას არჩევნებში, აღნიშნული პლატფორმის დაფუძნების შემდეგ ის უკვე თანამშრომლობს პირებთან, ვისაც გაცხადებული საარჩევნო მიზნები აქვთ. „შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა დატოვოს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი