ახალი ამბები

“ბიზნესასოციაცია არ არის ყველა ბიზნესის ხმა” – ცქიტიშვილი კანონპროექტის კრიტიკას პასუხობს

17 ივნისი, 2020 • 1898
“ბიზნესასოციაცია არ არის ყველა ბიზნესის ხმა” – ცქიტიშვილი კანონპროექტის კრიტიკას პასუხობს

“საქართველოს ბიზნესასოციაციის” მხრიდან შრომით კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების კრიტიკა კანონპროექტის ავტორს, დიმიტრი ცქიტიშვილს, უსაფუძვლოდ მიაჩნია. ცქიტიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ორგანიზაცია, რომელიც პროექტის მიღების შემთხვევაში პანდემიის გამო შექმნილი პრობლემების კიდევ უფრო გამწვავებას პროგნოზირებს,  ამ ცვლილებებს ყოველთვის აკრიტიკებდა, რადგან შრომის ბაზრის რეგულირებისათვის ეფექტური მექანიზმების დანერგვას უფრთხოდა.

“პანდემიამდეც ამას ამბობდნენ და ყოველთვის ამას იტყვიან. ეს ყველას არ შეეხება და საბედნიეროდ, არ არის ყველა ბიზნესის ხმა. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც, სავარაუდოდ, მსოფლმხედველობრივადაც არ ეთანხმებიან სახელმწიფოს როლის გაზრდას. მეორე მხრივ, არის ძალიან ბევრი კომპანია, რომელიც არც ამ კანონპროექტს ეთანხმება და ძალიან ცუდი პირობებიც აქვთ დასაქმებულთათვის. პანდემია ამასთან კავშირში არ არის.

კანონპროექტი ვერავის აიძულებს, რომ დასაქმებული აიყვანოს, [თუმცა] თუ იყვანს, იმას რომ პირობები უნდა შეუქმნას და ხელფასი თავის დროზე უნდა გადაუხადოს, ეს არ არის ახალი გამოგონებული ველოსიპედი. ასე ფუნქციონირებს ყველა ნორმალური საწარმო. ამას ბევრი კომპანია ისედაც აკეთებს, არის ქვეყანაში პანდემია თუ არა. ასე რომ, მათგან ხელოვნურად მომდინარეობს ასეთი დამოკიდებულებები”, – აღნიშნავს ცქიტიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

ცქიტიშვილი აღნიშნავს, რომ დამსაქმებლებთან ერთად, პანდემიის გამო დასაქმებულებიც არანაკლებ დაზარალდნენ, ამ ფონზე კი მნიშვნელოვანია შრომით ბაზარზე უკანონო პროცესების აღკვეთა.

“ხელფასების მატება და კლება ამასთან[კანონპროექტთან] კავშირში არ არის. თუ ადამიანი იწყებს მუშაობას, ადამიანის უფლებები უნდა დავიცვათ. თუ პანდემია შეეხო ბიზნესს, მან გააუარესა დასაქმებულების მდგომარეობაც. ბიზნესს თუ ეხმარება სახელმწიფო კრედიტებით, სუბსიდირებებით, დაფინანსებით, დასაქმებულებმა რა დააშავეს? მათთვისაც არის პანდემია. შეუდარებლად დიდი განსხვავებაა იმ დანაკარგებთან, რომელიც ამ ხალხმა ნახა.

პანდემიის პირობებში გამოჩნდა, რამდენად ცუდად მუშაობს ზოგიერთი ორგანიზაცია და მათ შორის, ამ ასოციაციის წევრები. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ბერკეტი, რომ ასეთი უხეში კანონდარღვევების შემთხვევაში, ჰქონდეს ადეკვატური რეაქციის საშუალება. მაგათ კიდევ ინსპექცია არ უნდათ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ არ აქვთ ინსპექციით გათვალისწინებული ნორმების განხორციელების სურვილი”, – აღნიშნავს დეპუტატი.

ცქიტიშვილის თქმით, მრავალი ბიზნესი მხოლოდ ფიქტიურად ასრულებს კანონის დათქმას, რომ ზეგანაკვეთური სამუშაო მომატებული ტარიფით უნდა ანაზღაურდეს. მისი თქმით, კანონპროექტში უბრალოდ არსებული კანონმდებლობის ხაზგასმა ხდება და ვინც ამას ეწინააღმდეგება, უბრალოდ შიშობს, რომ მანიპულაციის ბერკეტებს დაკარგავს.

დეპუტატი ეხმიანება ბიზნესასოციაციის მოთხოვნასაც, რომ კანონპროექტის საპარლამენტო განხილვამდე ევროპული სტანდარტებით უნდა შეფასდეს მისი შესაძლო დადებითი და უარყოფითი შედეგები. მისი თქმით, “რეგულირების გავლენის შეფასება”, რომელიც სწორედ კანონის პროექტის შედეგების შეფასებას მოიცავს, ამ პროექტთან დაკავშირებით ვერ გაკეთდება, რადგან ძალიან მწირი სტატისტიკა არსებობს სამუშაო დროის, ანაზღაურებისა თუ გრაფიკების მიმართულებით.

“იციან, რომ დღევანდელი მდგომარეობით, რა მონაცემებიც გვაქვს სამუშაო დროის კუთხით, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ობიექტური RIA [რეგულირების გავლენის შეფასება] გაკეთდეს. სამუშაო დრო რამდენია, სტატისტიკის მონაცემები რომ ავიღოთ, გამოდის, რომ საქართველოში კვირაში სამუშაო 37-38 საათია, რაც აბსოლუტურად არ არის სწორი. RIA რომ გაკეთდეს, უნდა გქონდეს ძალიან ზუსტი მონაცემები სამუშაო დროის აღრიცხვისა.

თუ მათ ასე უნდოდათ, შეეძლოთ, თავადვე შეეკვეთათ რია და გაეკეთებინათ. არცერთი სოლიდური კომპანია, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ ხარისხიან ანალიზს აკეთებს, ის ამ ციფრებით ამას არ გააკეთებდა. მაშინ ახლებურად უნდა შეესწავლა შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობა, გამოეკვლია ანაზღაურება, გრაფიკები, რომლებიც ბევრ კომპანიას აღრიცხულიც არ აქვს. გამოდიოდა, რომ ახალი სახელმწიფო აპარატი უნდა შექმნილიყო, შეექმნა ახალი სტატისტიკური ბაზა, რაც ამ ეტაპზე სრულიად წარმოუდგენელია. გვქონდა ამის მცდელობა, რამდენიმე ორგანიზაციას ვესაუბრეთ, თუმცა პრაქტიკაში ამის შესრულება წარმოუდგენელია”, – თქვა მან.

დღეს, 17 ივნისს, “საქართველოს ბიზნესასოციაციამ” გავრცელებულ განცხადებაში გააკრიტიკა პარლამენტში ინიცირებული ცვლილებების პროექტი, რომელიც შრომით ურთიერთობებს არეგულირებს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ კანონის პროექტი, დამტკიცების შემთხვევაში, გაართულებს ვითარებას შრომით ბაზარზე, “რომელიც ისედაც დაზარალდა ახალი კორონავირუსის კრიზისის შედეგად”.


კანონპროექტის საკომიტეტო განხილვები დღეს დაიწყო. ის საპროცედურო კომიტეტში განიხილეს, სადაც მხარდაჭერაც მოიპოვა.

ცქიტიშვილის ავტორობით მომზადებულ კანონპროექტში ისეთი თემებიც შედის, როგორებიცაა დეკრეტული შვებულების ანაზღაურების ცვლილება, სტაჟირების დროის რეგულირება და სხვა.

კანონპროექტის მიხედვით,  დეკრეტული შვებულებით სარგებლობას მამებიც შეძლებენ. ასევე, 3 თვით განისაზღვრება ერთჯერადი უხელფასო სტაჟირების მაქსიმალური ვადა. ქალისა და კაცის თანაბარი შრომის ანაზღაურება კი ერთნაირად უნდა განისაზღვროს. ამასთან, კანონპროექტით იკრძალება ზეპირი ფორმით შრომითი ხელშეკრულების დადება.

ცქიტიშვილის ინიციატივით, იცვლება დეკრეტული შვებულების ანაზღაურება

ანაზღაურებადი შვებულების აღებას მამებიც შეძლებენ – კანონპროექტი

ცქიტიშვილის ინიციატივით, იცვლება დეკრეტული შვებულების ანაზღაურება

მასალების გადაბეჭდვის წესი