ახალი ამბები

WHO მიესალმება დექსამეტაზონზე კვლევას

17 ივნისი, 2020 • 1463
WHO მიესალმება დექსამეტაზონზე კვლევას

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) განცხადებით, ისინი მიესალმებიან ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევას, რომლის წინასწარი შედეგების თანხმადაც, პრეპარატ დექსამეტაზონს COVID-ით კრიტიკულად ინფიცირებულ პაციენტებში სიკვდილიანობის შემცირება შეუძლია.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) მიესალმება გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებულ კვლევას, რომლის თავდაპირველი კლინიკური შედეგების თანახმად, დექსამეტაზონს COVID-19-ით დაავადებული კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისთვის სიცოცხლის შენარჩუნება შეუძლია. ვენტილატორის საჭიროების მქონე პაციენტების შემთხვევაში სიკვდილიანობა ამ პრეპარატით მკურნალობით 1/3-ით მცირდება, ხოლო პაციენტებში, ვისაც მხოლოდ ჟანგბადი სჭირდება, 1/5-ით.

სარგებელი [პრეპარატით მკურნალობით] აღინიშნა მხოლოდ სერიოზულად დაავადებულ პაციენტებში, არ დაფიქსირებულა საშუალო და მსუბუქი ფორმების შემთხვევაში“, — ვკითხულობთ განცხადებაში.

„ესაა პირველი სამკურნალო [პრეპარატი], რომელმაც აჩვენა, რომ შეუძლია შეამციროს სიკვდილიანობა იმ პაციენტებში, ვისაც ჟანგბადი ან ვენტილატორი ესაჭიროება. ეს ბრწყინვალე ამბებია და ვულოცავ გაერთიანებული სამეფოს მთავრობას, ოქსფორდის უნივერსიტეტს და მრავალ საავადმყოფოსა და პაციენტებს სამეფოში, ვინც ამ სიცოცხლის გადამრჩენ სამეცნიერო გარღვევაში მიიღო მონაწილეობა“, — განაცხადა ორგანიზაციის დირექტორმა, თედროს ადანომ გებრეისუსმა.


ცნობილი გახდა, რომ დაბალფასიანი პრეპარატი დექსამეტაზონი COVID-19-ით ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში სიკვდილიანობას დაახლოებით 1/3-ით ამცირებს – ამ დასკვნამდე მივიდნენ ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრები, რომლებიც COVID-19-ის თერაპიის რანდომიზებულ კვლევას (RECOVERY) ატარებენ.

ამავე თემაზე გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი