ახალი ამბები

დექსამეტაზონი კოვიდ პაციენტებში სიკვდილიანობას 1/3-ით ამცირებს – RECOVERY-ის კვლევა

16 ივნისი, 2020 • 3463
დექსამეტაზონი კოვიდ პაციენტებში სიკვდილიანობას 1/3-ით ამცირებს – RECOVERY-ის კვლევა

დაბალფასიანი პრეპარატი დექსამეტაზონი COVID-19-ით ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში სიკვდილიანობას დაახლოებით 1/3-ით ამცირებს – ამ დასკვნამდე მივიდნენ ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრები, რომლებიც COVID-19-ის თერაპიის რანდომიზებულ კვლევას (RECOVERY) ატარებენ.

გაერთიანებულმა სამეფომ COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატების ყველაზე დიდი შერეული კლინიკური კვლევა მიმდინარე წლის მარტში დაიწყო. RECOVERY-ში 175 ჰოსპიტალიდან დაახლოებით 11 500 პაციენტი ჩაერთო. RECOVERY იკვლევს კორონავირუსის მკურნალობის ისეთი მეთოდების ეფექტურობას, როგორიცაა:

  • ლოპინავირ/რიტონავირი, რომელიც შიდსის საწინააღმდეგოდ გამოიყენება;
  • დექსამეტაზონის მცირე დოზა;
  • ჰიდროქსიქლოროქვინი;
  • აზიტრომიცინი (ანტიბიოტიკი);
  • ტოცილიზუმაბი (იმუნოდეპრესიული საშუალება);
  • COVID-19-სგან გამოჯანმრთელებული ადამიანის პლაზმა.

RECOVERY-ის კვლევის ფარგლებში, საერთო ჯამში, 2 104 პაციენტი, 10 დღის განმავლობაში, დღეში ერთხეელ 6 მგ დექსამეტაზონს იღებდა. მათი შედეგები შედარებული იყო 4 321 პაციენტის შედეგებთან, რომლებიც დექსამეტაზონს არ იღებდნენ.

კვლევის თანახმად, სასუნთქ აპარატზე მიერთებულ პაციენტებში დექსამეტაზონმა სიკვდილის რისკი 40%-დან 28%-მდე შეამცირა, ხოლო პაციენტებში, რომლებიც ჟანგბადის თერაპიას გადიოდნენ – 25%-დან 20%-მდე. პრეპარატს შეუძლია ორგანიზმის იმუნური სისტემის გადამეტებული რეაქციის, ე.წ. ციტოკინური შტორმის კონტროლი.

მკვლევრების შეფასებით, დექსამეტაზონი კორონავირუსის პანდემიის დასაწყისიდანვე რომ გამოეყენებინათ, დიდ ბრიტანეთში 5 000 პაციენტის სიცოცხლე გადარჩებოდა. ამასთან, დაბალი ფასის გამო დექსამეტაზონით მკურნალობამ შეიძლება დიდი სარგებელი მოუტანოს ღარიბ ქვეყნებს.

“დექსამეტაზონი არის ერთადერთი მედიკამენტი ამ დრომდე, რომელმაც აჩვენა, რომ მნიშვნელოვნად ამცირებს სიკვდილიანობას. ეს უდიდესი მიღწევაა”, – განაცხადა პროფესორმა პიტერ ჰორბიმ.

შენიშვნა: დაუშვებელია აღნიშნული მედიკამენტის თვითნებურად, კვალიფიციური ექიმის გარეშე გამოყენება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი