ახალი ამბები

ენმ გაბუნიას საქმის გამოძიებაში სტრატეგიული მოკავშირეების ჩართვას ითხოვს

16 ივნისი, 2020 • 1082
ენმ გაბუნიას საქმის გამოძიებაში სტრატეგიული მოკავშირეების ჩართვას ითხოვს

“ნაციონალური მოძრაობა” სოლიდარობას უცხადებს ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას და ტელეკომპანია “მთავარს”.

ენმ-ის ლიდერ გრიგოლ ვაშაძის შეფასებით, საქართველოს უსაფრთხოების სისტემა სრულიად მოშლილია და აბსოლუტურად გასაგებია, რატომ მოითხოვა რესპუბლიკური პარტიის კვლევების კომიტეტმა რუსეთის ფედერაციის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარება და კონკრეტულად რაში გამოიხატება ის დესტაბილიზაცია, რომელსაც “ბატონი ივანიშვილი, პუტინის უახლოესი მოკავშირე, ეწევა საქართველოში რუსეთის ფედერაციის ინტერესების გასატარებალად”.

ვაშაძე ციტირებს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში რესპუბლიკური პარტიის წევრების კოკუსის (სამუშაო ჯგუფმა — რესპუბლიკურმა კვლევის კომიტეტმა (RSC-მა)) მიერ 10 ივნისს გამოაქვეყნებულ ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგიას  „ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა“.

“სოლოდარობას ვუცხადებთ “მთავარს”, ბატონ გაბუნიას და ყველა თავისუფლების მოყვარულ ჟურნალისტს, რომელიც ამ არხზე მუშაობს. მოვითხოვთ, მაქსიმალურად სწრაფად, დეტალურად გასაჯაროვდეს ამ დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაცია; ზუსტად დადგინდეს არა მარტო ამ დანაშაულის შემსრულებელი, არამედ დანაშაულის ორგანიზატორები და დამკვეთები; ხელისუფლებამ დააფიქსიროს მკაცრი და შეუვალი პოზიცია ამ დანაშაულზე და არ დაიმალოს ისე, როგორც იმალება მაშინ, როდესაც საქმე რუსეთის ფედერაციას ეხება. დაბოლოს, კატეგორიულად მოვითხოვთ, გამოძიებაში ჩაერთონ ჩვენი სახელმწიფოს მთავარი მოკავშირეების შესაბამისი უწყებები, იმიტომ, რომ ხელისუფლების გამოძიებისადმი ნდობა არის ნულზე დასული”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.


გუშინ, 15 ივნისს ჯერ ტელეკომპანია “ფორმულამ”, შემდეგ კი “მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 12 ივნისს თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული რუსეთის მოქალაქე გეგმავდა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას. გვარამიამ გუშინვე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მკვლელობის დამკვეთი ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვია, რომელმაც გასულ წელს გაბუნიას პუტინის გინების გამო გადამალვა ურჩია.

გვარამიას ბრიფინგის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც დაადასტურეს, რომ 12 ივნისს დაკავებულ რუსეთის მოქალაქესთან დაკავშირებით მართლაც მიმდინარეობს გამოძიება “შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე”. თუმცა სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის აღნიშნული, კონკრეტულად ვის ლიკვიდაციაზეა საუბარი და სხვებსაც მოუწოდებს, თავი შეიკავონ “დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან”, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე.

გიორგი გაბუნიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში 2019 წელს მონოლოგისას ვლადიმირ პუტინს რუსულად შეაგინა. აღნიშნული რამდენიმე საათში დაგმეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა და სხვა თანამდებობის პირებმა. მათ საერთაშორისო საზოგადოებას და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდეს, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქციელისთვის სათანადო შეფასება მიეცათ.

საქართველოს უმაღლესო თანამდებობის პირებს ჯერჯერობით არ გაუვრცელებიათ რაიმე სახის განცხადება გიორგი გაბუნიას შესაძლო დაგეგმილი ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ.

“დესტაბილიზაციის შექმნას უნდა მომსახურებოდა” – დეპუტატები გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი