ახალი ამბები

ელ. ენერგიის სისტემის მოსაწესრიგებლად ჯოყოლოში აქცია გაიმართა

16 ივნისი, 2020 • 1091
ელ. ენერგიის სისტემის მოსაწესრიგებლად ჯოყოლოში აქცია გაიმართა

პანკისის ხეობაში, სოფელ ჯოყოლოში, მოსახლეობა ელექტოენერგიის გაყვანილობის გამართვას ითხოვს. ამ მოთხოვნით მათ დღეს აქციაც გამართეს.

კომპანია „ენერგო-პროში“ კი ამბობენ, რომ პრობლემას შეისწავლიან და საჭიროების მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩაატარებენ.

აქტივისტმა სულხან ბორძიკაშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ მოსახლეობა ელექტროენერგიის გაყვანილობის მოწესრიგებას უკვე წლებია ითხოვს. მისი თქმით, სოფელში ხშირია ე.წ. მოკლე ჩართვები, ხოლო ტრანსფორმატორი, რომელშიც მაღალი ძაბვა გადის, საცხოვრებელ სახლთან ახლოს დგას.

„მთავარი პრობლემა არის ის, რომ ტრანსფორმატორი დგას კერძო პირის ეზოში… ამის გადატანას ითხოვს ის ადამიანი. იქვე არის გაბმული სადენებიც. წლებია, კომპანიამ ეს პრობლემა ვერ მოაგვარა. ეს ხაზები ძალიან ცუდად არის გაბმული და ელექტოენერგია არასაკმარისად მიეწოდება სოფელს“,- განმარტავს სულხან ბორძიკაშვილი.

მისი თქმით, ოჯახმა ერთ დღეს აღმოაჩინა, რომ ის ადგილი (დაახლოებით 2-4 კვ.მ), სადაც ტრანსფორმატორი იდგა, კომპანიამ საკუთარ თავზე დაირეგისტრირა, შესაბამისად, ახლა ტრანსფორმატორი და სადენები კომპანიას ეკუთვნის.

რაც შეეხება კომპანიას, „ენერგო პრო“ ნეტგაზეთს უყვება, რომ 2017 წელს, როდესაც ისინი ტერიტორიაზე შევიდნენ, ტრანსფორმატორი ამ ადგილზე უკვე იდგა, რაიმე სახის არაკანონიერი შესყიდვა კი არ მომხდარა.

კომპანიაში ამბობენ, რომ ამ ადგილზე დაიწყება შესწავლა, შემდგომ კი-რეაბილიტაცია. თუმცა ამ ეტაპზე ტრანსფორმატორის გადატანა არ იგეგმება.

გარეკანი ფოტო: სულხან ბორძიკაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი