ახალი ამბები

ექსპერტები არ გამორიცხავენ ცეცხლის ხელოვნურად გაჩენას – საგანგებო აბასთუმანში ხანძარზე

15 ივნისი, 2020 • 917
ექსპერტები არ გამორიცხავენ ცეცხლის ხელოვნურად გაჩენას – საგანგებო აბასთუმანში ხანძარზე

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, უწყების მეხანძრეები არ გამორიცხავენ, რომ აბასთუმანში გაჩენილი ხანძარი, შესაძლოა, ხელოვნურად  ყოფილიყო გამოწვეული.

განცხადებაში სააგენტო წერს, რომ ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია, დამწვარია წიწვოვანი ტყის ქვედა საფარი. ადგილზე მეხანძრე-მაშველთა 10 ჯგუფი რჩება.

„დაბა აბასთუმნის მიმდებარედ ბოლო დღეებში ტყის ხანძრის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. დაბაში მუშაობას იწყებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სახანძრო ექსპერტები, ხანძრის ადგილის შესასწავლად და გამომწვევი მიზეზის დასადგენად.

ექსპერტები არ გამორიცხავენ ცეცხლის ხელოვნურად გაჩენას, რადგან ბოლო სამ დღეში ორჯერ გაჩენილ ხანძარს წინა ღამით ძლიერი წვიმა უსწრებდა“, – წერია განცხადებაში.

მომხდარ ფაქტზე საქმე დაწყებლია სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.


აბასთუმნის წიწვოვან ტყეში ხანძარი ორი დღის წინ, 13 ივნისსაც გაჩნდა, ხანძრის ქრობაში მონაწილეობდნენ მეხანძრე-მაშველები სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან და ქვემო ქართლიდან. აღნიშნულ პროცესში ასევე ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი