ახალი ამბები

მაისში წინა წელთან შედარებით გზავნილები შემცირდა, აპრილთან შედარებით – გაიზარდა

15 ივნისი, 2020 • 962
მაისში წინა წელთან შედარებით გზავნილები შემცირდა, აპრილთან შედარებით – გაიზარდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მაისში ფულადი გზავნილები 9.6%-ით, თითქმის 14 მლნ აშშ დოლარით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ჯამში, მიმდინარე წლის მაისში საქართველოში 131.8 მლნ აშშ დოლარი გადმოირციხა. თუმცა აღსანშსნავია, რომ აპრილში ფულადი გზავნილების მოცულობა 79.1 მლნ აშშ დოლარი იყო, შესაბამისად, მიმდინარე წლის მაისში აპრილთან შედარებით 52.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც დაახლოებით 39%-ს შეადგენს.

გადმორიცხული თანხის 48.69%, რაც დაახლოებით 64 მლნ აშშ დოლარია, ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. მეტიც, გასულ თვეში ევროკავშირიდან ფულადი გზავნილების მოცულობა 2019 წლის მაისთან შედარებით 12.36%-ით გაიზარდა.

ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე მეტი თანხა, 27.59 მლნ აშშ დოლარი იტალიიდან გადმოირციხა, შემდეგ მოდის საბერძნეთი 18.82 მლნ აშშ დოლარით, საიდანაც ფულადი გზავნილები მაისში 13%-ით გაიზარდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილებით მესამე ადგილს გერმანია იკავებს 5.34 მლნ აშშ დოლარით. 22%-ით შემცირდა ფულადი გზავნილები ესპანეთიდან და, ჯამში, 3.23 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გადმორიცხული ფულის რაოდენობა 24%-ით შემცირდა პოლონეთიდანაც და, ჯამში, მაისში დაახლოებით 2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ყველაზე მეტად ფულადი გზავნილები 43%-ით რუსეთიდან შემცირდა, საიდანაც მაისში გადმორიცხულმა თანხამ 19.77 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

წყარო: ეროვნული ბანკი

2020 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 13.6 მლნ აშშ დოლარი (43.4 მლნ ლარი) გადიგზავნა, რაც 2019 წლის მაისის (20.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 33.7%-ით ნაკლებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი