ახალი ამბები

დავით ქაცარავა მცოცავი ოკუპაციის გაუხმაურებლ ფაქტზე საუბრობს

14 ივნისი, 2020 • 1869
დავით ქაცარავა მცოცავი ოკუპაციის გაუხმაურებლ ფაქტზე საუბრობს

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერი დავით ქაცარავა ავრცელებს ინფორმაციას, რომ მცხეთა-მთიანეთში დაახლოებით 2 წლის წინ საოკუპაციო ხაზმა 40-ზე მეტი ჰექტარით გადმოიწია, თუმცა ეს ამბავი ამ დრომდე საზოგადოებისთვის უცნობი იყო.

ქაცარავას თქმით, ლაპარაკია ერთ-ერთი მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე. რუსი მესაზღვრეებმა პატრულირება თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში დაიწყეს, თუმცა ადგილზე ე.წ. ბორდერიზაცია ანუ “საზღვრის” მონიშვნა, ჯერ არ განხორციელებულა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ შემთხვევა რამდენიმე წლის წინ მართლაც მოხდა და ამ ფაქტზე ქართულმა მხარემ ირეაგირა, კერძოდ საერთაშორისო პარტნიორები საქმის კურსში ჩააყენა. სუს-ში ასევე აცხადებენ, რომ ადგილობრივ სასულიერო პირებს საქმიანობის განხორციელებაში ამ ეტაპზე პრობლემა არ ექმნებათ.

“სადამკვირვებლო მისია (EUMM) და ყველა ჩვენი პარტნიორი ჩართულია ამ მოლაპარაკებებში და კეთდება ყველაფერი, რაც ჩვენს შესაძლებლობებშია”, – აცხადებენ სუს-ში.

დავით ქაცარავა კი მომხდართან დაკავშირებით აკრიტიკებს საქართველოს მთავრობას, რადგან მისი თქმით, “ხელისუფლება მიწების მიტაცების ფაქტს საგულდაგულოდ მალავდა”.

“არ ვიცოდით იმიტომ, რომ ჩვენი ხელისუფლება წლების განმავლობაში საგულდაგულოდ მალავს ჩვენი მიწა-წყლის მიტაცების ფაქტებს და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში, როდესაც უბრალოდ სხვა გამოსავალი არ რჩება, მხოლოდ მაშინ ადასტურებს ოკუპანტების მიერ ჩადენილ ბოროტებას. ის ადგილი, რომელიც ჩვენ აღმოვაჩინეთ, ერთ-ერთი მონასტრის მიმდებარედ მდებარეობს.. თვითონ ამ მონასტრის წინამძღვარმა დაგვიდასტურა, რომ საოკუპაციო ხაზმა ფაქტობრივად მონასტრის კედლებთან ამოიწია.. დაჟინებით გვთხოვა, არ გაგვესაჯაროვებინა ადგილმდებარეობა, ემანდ რუსები არ გავაღიზიანოთო და ანანურამდე არ ჩამოვიდნენო… დავპირდი, იმისდა მიუხედავად, რომ დუმილს არ ვთვლი რამე კარგი შედეგი მოეტანოს ოკუპაციის საკითხებში ოდესმე .. ზუსტად ამ დუმილმა მისცა საშუალება ოკუპანტს წყნარად და აუღელვებლად წაეღო ჩვენი ტერიტორიების ათასობით ჰექტარი… ეს იყო ჩემი მხრიდან გარკვეული კომპრომისი, მაგრამ ამ მონაცემებს აუცილებლად გადავცემ დიპლომატიურ კორპუსს, თავისი ჯიპიეს კოორდინატებით და ლოკაციის ზუსტი მითითებით. მთავრობას გადავცემ თუ არა? რა საჭიროა, მას ეს ამბავი ნამდვილად არ აინტერესებს, უბრალოდ გააქტიურებს ცხელ ხაზს და ევრო კავშირის სადამკვირვებლო მისიას ჩააყენებს საქმის კურსში. ესაა ამ მთავრობის მაქსიმუმი და ზუსტად ამის ჩანერგვას ცდილობს ეს ხელისუფლება თავისი მოქალაქეების ტვინებში, რომ ბრძოლას არ აქვს აზრი და ჯობია ჩუმად ვიყოთ, ემანდ რუსი არ გაგვიბრაზდეს…’, – წერს ქაცარავა ფესბუკზე.

მისივე თქმით, მათი შეფასებით, მინიმუმ 42 ჰექტარი მიითვისა რუსეთმა “და ხელისუფლება დუმს…”.

მასალების გადაბეჭდვის წესი