ახალი ამბები

საპატრიარქო სახელმწიფოსგან გადაცემულ მიწაზე ეკლესიის გარდა 2 მრავალბინიანი კორპუსის აშენებას აპირებს

14 ივნისი, 2020 • 3521
საპატრიარქო სახელმწიფოსგან გადაცემულ მიწაზე ეკლესიის გარდა 2 მრავალბინიანი კორპუსის აშენებას აპირებს

საქართველოს საპატრიარქო თბილისში, კერძოდ ისანში, წულაძის #23-ში, მის კუთვნილებაში არსებულ მიწაზე, ეკლესიის და 2 მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობას აპირებს. ინფორმაცია ამის შესახებ ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა.

როგორი იქნება კომპლექსი გეგმით

ამ ტერიტორიაზე საპატრიარქო 5338 კვ.მ-ს ფლობს, რომელიც 2016 წელს მიიღო სახელმწიფოსგან ბერი გაბრიელ სალოსის სახელობის ეკლესიისა და საგანმანათლებლო/გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობისთვის, თუმცა როგორც ირკვევა გეგმა შეიცვალა. ამჟამად საპატრიარქო ეკლესიასთან ერთად 2-მრავალბინიანი კორპუსის აშენებას გეგმავს და მიზეზად სოციალური პროექტს ასახელებს, კერძოდ ტაძრებში მცხოვრები მოსახლეობის დახმარებას.

როგორი უნდა ყოფილიყო კომპლექსი 2016 წლის გეგმით

საპროექტო ტერიტორიაზე საბჭოთა დროს ფუნქციონირებდა თბოსადგური (საქვაბე), რომელიც ამარაგებდა ირგვლივ მდებარე მრავალბინიან შენობა-ნაგებობებს ცხელი წყლითა და გათბობით. საქვაბემ ოთხმოცდაათიანი წლებიდან შეწყვიტა ფუნქციონირება და გაიძარცვა. წლების განმავლობაში ტერიტორია წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, ხოლო 2016 წლის 8 სექტემბერს თბილისის მუნიციპალიტეტმა ტერიტორია გადასცა სსიპ სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას. ამჟამად ტერიტორიაზე არსებობს ამორტიზირებული შენობის, საქვაბე მილის ნარჩენისა და ნანგრევების სახით.

პროექტის განხორციელების მთავარ მიზანს წარმოადგენს ქ. თბილისში მთავარანგელოზის ქ. №23, ავლაბარში მდებარე მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში მაცხოვრებელ პირთა (ოცდახუთი ოჯახი, დაახლოებით 1500 კვ/მ) ტაძრიდან და მისი ეზოდან გამოყვანისა და წულაძის ქ. №23-ში საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის. ამასთანავე აღნიშნულ ტაძარში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და შეჭირვებულ პირთა საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფა. ტაძრიდან და მისი ეზოდან გამოყვანილი და საცხოვრებელი პირობებით დაკმაყოფილებული პირების შემდგომ დარჩენილი ფართი (დაახლოებით 1200 კვ/მ.) საპატრიარქოს მიერ ათვისებული იქნება სხვა ტაძრებში მცხოვრებ პირთა ეტაპობრივად გამოსაყვანად კერძოდ: ქ.თბილისში, კრწანისის ქ.#82-ში მდებარე (ს/კ 01.18.06.014.004) ღვთისმშობლის სახელობის XVIII საუკუნის და ქ.თბილისში, ჩუღურეთის რ-ნ-ში, ჩაისუბნის ქ.#7გ (ს/კ 01.16.06.046.002) მდებარე კვირაცხოვლობის სახელობის ტაძარებში და მათ ეზოებში მცხოვრები მოსახლეობის ეტაპობრივად დაკმაყოფილება საცხოვრებელი ფართით, დაახლოებით 1200+1300= 2500 კვ/მ საცხოვრებელი ფართი. ასევე მშენებლობის მთავარი მიზანია წულაძის ქ.#23-ში წმინდა ბერი გაბრიელ სალოსის სახელობის ტაძრის მშენებლობა, ვინაიდან წმინდა ბერი გაბრიელი ამავე უბანში ცხოვრობდა”, – ვკითხულობთ საპატრიარქოს განმარტებით ბარათში, რომელიც მან თბილისის ურბანული განვითარების სამსახურს წარუდგინა.

საპატრიარქოს მიერ მერიის სამსახურისთვის წარდგენილი გეგმით 2 კორპუსში სულ 129 ბინა მოეწყობა და 711 მოსახლეზე იქნება გათვლილი, თუმცა ფორმულას ინფორმაციით, უფრო მეტ ბინაზეა საუბარი, 200-ზე მეტზე. საპატრიარქოს მერიის სამსახურში ასევე წარდგენილი აქვს 25 მოქალაქის სია, რომლებიც ამჟამად მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში ცხოვრობენ.

საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა, ფორმულას კითხვაზე, რა ბედი ეწევა დანარჩენ ბინებს, რომლებიც ტაძრებში მცხოვრებ მოქალაქეებს არ გადაეცემათ, პასუხობს, რომ მშენებლობის დეტალები ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის. მისი თქმით, საპატრიაროქს მიზანია, რომ ავლაბრის ძველ ეკლესიაში მცხოვრები მოქალაქეები ბიზნებით უზრუნველყოს, დანარჩენ საკითხებზე მოლაპარაკება შედგება იმ კომპანიასთან, რომელიც კორპუსებს ააშენებს.

“ეკლესია კორპუსებს არ აშენებს. მოხდება შეთანხმება [მშენებელ] კომპანიასთან, რომელიც ჩვენს ძირითად პირობებს და კანონით დადგენილი წესით და საბაზრო მდგომარეობით, რა იქნება მისთვის ხელსაყრელი, რომ ეს ჩვენი პირობები დააკმაყოფილოს… ამაზე შემდგომში მოხდება მოლაპარაკება [მშენებელ კომპანიასთან].

…ზუსტად ვიცით, რომ მთლიანად დავაკმაყოფილებთ იმ 25 ოჯახს”, – ამბობს ის.

მერიამ პროექტის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებას მხარი დაუჭირა, თუმცა მასზე გადაწყვეტილება საკრებულომ უნდა მიიღოს. შესაბამისად, მშენებლობაზე პროექტი არქიტექტურის სამსახურში და საბოლოო ნებართვა ჯერ არ არსებობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი