ახალი ამბები

ძალიან საინტერესოა – ვაშაძე სააკაშვილის იდეაზე საერთო სიასთან დაკავშირებით

13 ივნისი, 2020 • 964
ძალიან საინტერესოა – ვაშაძე სააკაშვილის იდეაზე საერთო სიასთან დაკავშირებით

ოპოზიციური პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა საარჩევნო პროპორციულ სიაში ყველა ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატებთან დაკავშირებით „ძალიან საინტერესოა“.

მიხეილ სააკაშვილმა 13 ივნისს განაცხადა, რომ მიაჩნია, ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთიან საარჩევნო სიაში უნდა გაერთიანდეს, სადაც ადგილები პარტიების რეიტინგების მიხედვით გადანაწილდება.

„მე და „ახალი საქართველოს გუნდი ვიყავით ერთ-ერთი ინიციატორები და ვრჩებით ოპოზიციური ძალების კონსოლიდაციისა და გამარჯვების იდეის გარშემო ერთიანობის მომხრე. ვთვლით,ნებისმიერი იდეა და წინადადება რომელიც ამ მიზანს ემსახურება მისასალმებელი და მისაღებია ჩვენთვის“, – თქვა ვაშაძემ.

„შესაბამისად, ძალიან საინტერესოა მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს შორის უფრო მეტ კოორდინაციაზე და არჩევნებზე საერთო ფრონტით გასვლას გულისხმობს“, – განაცხადა მან.

„ამასთან, კოორდინაციის პირველ ეტაპად მიგვაჩნია მაჟორიტარობის საერთო ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმება“, – აცხადებს იგი და დასძენს: „ძალა ერთობაშია და არა დაპირისპირებასა და ურთიერთწინააღმდეგობაში, მეგობრებო“. მისი კომენტარი პარტიის პრესსამსახურმა გაავრცელა.


ნახეთ ასევე:

საერთო სიას არ განვიხილავთ, მაჟორიტარებზე კონცენტრირებაა სწორი – კაპანაძე

ენმ-ს თავისი ამოცანები აქვს, ორპოლუსიანობა პრობლემაა – გეგელია ერთიან სიაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი